
სომხეთის დედაქალაქი ერევანი 4-5 მაისს სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტს უმასპინძლებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სამიტზე ყურადღება გამახვილდება ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაზე. კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, სამიტის მიზანია მოახლოებულ არჩევნებში სომხეთის რეპუტაციის გაძლიერება.
„სომხეთში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ივნისში იქნება და ევროკავშირი ცდილობს სომხეთის რეპუტაციის გაძლიერებას, როგორც პროევროპული სახელმწიფოსი".
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს:
„მოუთმენლად ველი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, კიდევ უფრო გავაძლიეროთ სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა, ჩვენი სტრატეგიული დღის წესრიგით ხელმძღვანელობით."
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სომხეთ-ევროკავშირის სამიტზე ყურადღება გამახვილდება ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაზე, განსაკუთრებით ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ხალხთაშორისი კონტაქტების სფეროებში. ლიდერები ასევე განიხილავენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოების, კავშირისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, ასევე მიმდინარე გლობალურ გამოწვევებს.
„სომხეთი-ევროკავშირის სამიტი ასახავს ბოლო წლებში ორმხრივი პარტნიორობის უპრეცედენტო დინამიკას. ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობები ეფუძნება „ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებას", რომელიც ძალაში შევიდა 2021 წელს, და „სომხეთი-ევროკავშირის პარტნიორობის სტრატეგიულ დღის წესრიგს", რომელიც მიღებულ იქნა სომხეთი-ევროკავშირის პარტნიორობის საბჭოს სხდომაზე 2025 წლის დეკემბერში. ამ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი. ევროკავშირი სომხეთის მთავარი პარტნიორია რეფორმების დღის წესრიგში, ასევე ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
კონფლიქტოლოგის, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ეს სამიტი სომხეთის ევროინტეგრაციული წარმატებების ანარეკლია.
„სომხეთი ევროკავშირისკენ მოძრაობს. ეს სამიტი, რომ არ იყოს, მაინც ასეა, მაგრამ სამიტი გამაძლიერებელი ფაქტორია, რომელიც რეგულარულად ტარდება-ხოლმე, მაგალითად პრაღაში. ახლა მთელი ევროკავშირის ლიდერები ჩავლენ ერევანში. სომხეთში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ივნისში იქნება და ევროკავშირი ცდილობს სომხეთის რეპუტაციის გაძლიერებას, როგორც პროევროპული სახელმწიფოსი. ამიტომ ეს იქნება მხარდამჭერი ღონისძიება, რათა სომხეთზე მეტი ყურადღება იყოს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".