
დღეს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი თბილისში, "მიხეილ მესხის" არენაზე ისრაელის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
დღევანდელ შეხვედრას ქართული საფეხბურთო სამყარო სიახლით შეხვდება, რადგან გურამ კაშიას სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ ეროვნულ გუნდს კაპიტნის სამკლაურით ხვიჩა კვარაცხელია გაიყვანს. ვიცე-კაპიტანი კი ოთარ კიტეიშვილი იქნება.
როგორც კვარაცხელია აცხადებს, ეროვნული ნაკრების კაპიტნობა, მისთვის საპასუხისმგებლოა:
"ძალიან დიდი დაფასებაა ეს ყველაფერი და მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც გადაწყვიტა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მე უნდა ვყოფილიყავი. ვგრძნობ ამ დაფასებას და მიხარია. ეს პასუხისმგებლობას მანიჭებს და იმას, რომ ვიყო მაგალითი თითოეული ფეხბურთელისთვის. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი კაპიტანია,"- აცხადებს საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია.