თამთა ჩაჩანიძე
26.03.2026

ოპოზიციური ალიანსი მასშტაბურ აქციებსა და თავისი გააქტიურების კონკრეტულ თარიღს ასახებეს. ოპოზიციონერები სამომავლო გეგმებზე იმედიანად საუბრობენ, პარალელურად კი ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ, ოღონდ თავისი წინაპირობებით. „ქართული ოცნება" კი საუბრის ამ ფორმით დაწყების წინააღმდეგია - არც პატიმრობაში მყოფი ხელისუფლების ოპონენტების გაშვებას და არც ახალი არჩევნების ჩანიშვნას არ აპირებს.

ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ოპოზიცია მცდარ გზას ადგას, რადგან ხელისუფლებას ახლა ის მდგომარეობა არ აქვს, რომ ოპონენტებმა საკუთარი პირობები წაუყენონ. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ოპოზიცია კომბინირებულად მოქმედებას აპირებს როგორც საგარეო, ისე შიდა ფლანგზე და ამან შესაძლოა შედეგზე გაიყვანოს.

  • გიორგი ვაშაძე: „31 მარტიდან ჩვენი ქმედებები უფრო და უფრო აქტიური იქნება. დაინახავთ კონკრეტულ განრიგს... „ჩვენ ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად".

ოპოზიციის ლიდერებმა თავის გეგმებზე განცხადებები თბილისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელ პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრის შემდეგ გაააკეთეს. მათი ინფორმაციით, ალიანსის გააქტიურება 31 მარტიდან იგეგმება, რასაც მოყვება დიდი აქციები და ცვლილებები.

როგორც „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ამაში დასავლეთის მხარდაჭერაა საჭირო.

„ვუთხარით ყველაფერი, რაც ისედაც იცოდნენ, მაგრამ ისეთ დეტალებში, რომელიც შეიძლება არ სცოდნოდათ. ვუთხარით მთავარი - ჩვენ არ ვივაჭრებთ ტყვეებით, არ დავიხევთ უკან, იქნება დიდი აქციები და იქნება ცვლილებები. ამაში მათი მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გვჭირდება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი ოპოზიციური ალიანსის გეგმებზე უფრო კონკრეტულად საუბრობს.

„ოპოზიციური ალიანსის მთავარი ამოცანაა ალტერნატივის ფორმირება. საზოგადოებას ვთავაზობთ ალტერნატივას იმ ადამიანებისგან, რომლებიც მზად ვართ ვმართოთ ეს ქვეყანა და ეს პასუხისმგებლობა ავიღოთ. მზად ვართ დავასრულოთ უსამართლობების კასკადი ამ ქვეყანაში. მზად ვართ მაქსიმუმ 5 წელიწადში ქვეყანა ევროკავშიერში შევიყვანოთ, მოვიზიდოთ მრავალმირიარდიანი ინვესტიციები და საქართველოს ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ...

„ჩვენ დაგეგმილი გვქონდა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ პატრიარქის გარდაცვალების გამო გადაიწია გეგმებმა. მაგრამ გეტყვით, რომ 31 მარტიდან ჩვენი ქმედებები უფრო და უფრო აქტიური იქნება. დაინახავთ კონკრეტულ განრიგს, კონკრეტულ ქმედებას და ჩვენი ამოცანა სხვადასხვაა - ესაა საზოგადოებასთან შეხვედრები, სხვადასხვა კამპანიური აქტები და ა.შ.

„პროტესტი აუცილებელია, მაგრამ არა ერთადერთი, იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოების საბოლოო კონსოლიდაცია მოვახდინოთ...

„ჩვენ ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად... (არჩევნების გზით, თუ) რა გზაც იქნება", - აცხადებს ვაშაძე „ტვ პირველთან".

რა შედეგზე გავა ოპოზიციური ალიანსი

კითხვაზე, რა კონკრეტული გეგმა შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაზე ამბობს, რომ ეს შეიძლება რამდენიმე საკითხს მოიცავდეს:

  • ნიკა ჩიტაძე: „ალბათ გრანდიოზული დემონსტრაცია იქნება 9 აპრილს, ასევე სხვა დემონსტრაციებიც იქნება და დანარჩენი ვნახოთ, გამოჩნდება."

„ფართომასშტაბიანი აქციების გამართვა და მოსახლეობასთან შეხვედრები. 31 მარტს გააქტიურებას ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის წლისთავს ამთხვევენ. ალბათ გრანდიოზული დემონსტრაცია იქნება 9 აპრილს, ასევე სხვა დემონსტრაციებიც იქნება და დანარჩენი ვნახოთ, გამოჩნდება.

„აქციებისა და მოსახლეობასთან შეხვედრის გარდა, ალიანსს ექნება საინფორმაციო ველზე, თუნცა სოციალურ ქსელებში აქტიურობა, განცხადებების გაკეთება, ასევე კონფერეციებისა და სემინარების მოწყობა, სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა და აზრთა ურთიერთგაცვლა. ალბათ ყველაფერს გაგვაცნობენ. არ გამოვრიცხავ, რომ ალიანსის საბჭოც შეიქმნას.

„თუ ხალხი უფრო აქტიური იქნება და დასავლეთის მხრიდან სანქციები გაძლიერდება, საბოლოო შედეგზე გავა ოპოზიცია", - განაცხადა ჩიტაძემ.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „ვფიქრობ, ეს არის გზა არსაით, რადგან ხელისუფლება ახლა ნამდვილად არაა იმ მდგომარეობაში, რომ ოპოზიციას თავი წაუხაროს და მათი თამაშის წესებით ითამაშოს."

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახლა ხელისუფლებას არ აქვს ის მდგომარეობა, რომ ოპოზიციამ მას საკუთარი პირობები წაუყენოს. მისი თქმით, ეს „გათამამება" ალბათ უფრო საგარეო მხარდაჭერის გამოა და არა შიდა პროცესების გავლენით.

„ვფიქრობ, ოპოზიცია მცდარ მიმართულებას ადგას. ფიქრობს, რომ საკმარისად ძლიერია. დაახლოებით ვხვდები საიდან აქვთ მათ ასეთი განცდა - ეს გარე მხარდაჭერაა, რომელიც, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში იგრძნეს და ამ მხარდაჭერით „გათამამებულები" ცდილობენ ხელისუფლებას საკუარი პირობები წაუყენონ.

„ვფიქრობ, ეს არის გზა არსაით, რადგან ხელისუფლება ახლა ნამდვილად არაა იმ მდგომარეობაში, რომ ოპოზიციას თავი წაუხაროს და მათი თამაშის წესებით ითამაშოს.

„ოპოზიციის მიზანი და საერთო პოზიციაა, რომ ხელისუფლებასთან საუბარი უნდა იყოს მხოლოდ ხელისუფლების გადაბარებაზე. საკუთარ თავს უკვე მომავალ ხელისუფლებად აცხადებენ და მათი ლოგიკით, ხელისუფლებას ისღა დარჩენია, რომ მათთან დიალოგში შევიდეს და ხელისუფლება გადააბაროს. დიდი შორსმჭვრეტელობა არ უნდა, რომ ეს აბსოლუტურად წამგებიანი პოზიციაა, თუმცა, რადგან ოპოზიცია ამას ასე ჯიუტად ეჭიდება, როგორც ჩანს, მათ გარედან მხარდაჭერის გარკვეული სიგნალები მიიღეს.

„ისინი იმედოვნებენ, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპა, უკვე სერიოზულ სანქციებს დაადებს „ქართულ ოცნებას", მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს გააუქმებს. შესაძლოა სანქციები სამ ტელევიზიას დაადონ, რომელიც მიიჩნევა, რომ ხელისუფლების მიმართ ლოიალურია და ამით პრობლემები შეუქმნან, რომ მაუწყებლობა ვეღარ გააგრძელონ. არაა გამორიცხული, რომ საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა ფინანსური სანქციები შემოიღონ, რომელიც ეკონომიკურ მდგომარეობას გაართულებს. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი მოლოდინი მაქვს, რადგან, სხვა შემთხვევაში, ოპოზიციას არანაირი შიდა რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ ხელისუფლებას საკუთარი პირობები უკარნახოს.

„ისინი ძირითადად გარე აქტორებთან კონტაქტობენ, მათი მხარდაჭერის იმედი აქვთ, ბოლო პერიოდში „ოცნების" წინააღმდეგ განცხადებები მოხშირდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ცდილობენ გარეთ ისეთი აღქმები შექმნან, რომ საქართველოში დემოკრატია კვდება და ამის ნიადაგზე ისეთი მოცემულობა გამოიწვიონ, რომელიც დასავლეთს აიძულებს, ან სტიმულს მისცემს, რომ საქართველოს ახალი სასჯელები დაუწესონ, თორემ ქვეყნის შიგნით მათ მიმართ მე ჯერჯერობით გამოხატული სოლიდური მხარდაჭერის ნიშნებს ვერ ვხედავ.

„კი იმუქრებიან, რომ დიდი აქციები იქნებაო, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ყველაზე ოპტიმისტური დათვლით 200 ათას კაციანი, მაგრამ ასევე ვნახეთ მათი შედეგი - მათ ხელისუფლების ცვლილება ვერ გამოიწვიეს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×