
მაშინ, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები მკაცრი და კატეგორიული ტონით ითხოვენ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მიუერთდეს, ევროპასა და რუსეთს შორის ვაჭრობა რამდენიმე ასეულ მილიარდს შეადგენს. ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია ბალტიის ზღვის ქვეყნებიდან რეექსპორტის ზრდა რუსეთში. ეკონომისტების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არ უერთდება სანქციებს, მაგრამ არც იმას უშვებს, რომ ქვეყანაში სანქციების გვერდის ავლა დაფიქსირდეს, მოქმედებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და მოსახლეობის ინტერესების სრული დაცვით.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსგან დღემდე ითხოვენ სანქციების დაწესებას, მაგრამ ევროპასა და რუსეთს შორის ვაჭრობა შეადგენს მილიარდებს. ამიტომ აღარ აქვს ფასი ევროპული ბიუროკრატიის განცხადებებს. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია, გვქონდეს მკაფიო პოლიტიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ სანქციები არ დაგვიწესებია, მაგრამ არც გვერდის ავლას ვუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროპული ბიუროკრატია ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს.
„ჩვენთვის მთავარია, რომ გვაქვს პრინციპები და ამ პრინციპების მიხედვით ვმოქმედებთ, რასაც არ აკეთებს ევროპული ბიუროკრატია. ეს ორმაგი სტანდარტები სწორედ უპრინციპობის გამოხატულებაა. ჯერ კიდევ 2022 წელს, როდესაც ახალი დაწყებული იყო ომი, ლიეტუვადან და ლატვიიდან, თითოეულიდან 4-ჯერ მეტი ღვინო გადიოდა რუსეთში, ვიდრე საქართველოდან. არც ერთი არ არის ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. ეს იყო რეექსპორტი, რასაც სოციალური დატვირთვაც ნაკლებად ჰქონდა ამ ორი ქვეყნისთვის.
ამ დროს ჩვენგან ბოლომდე ითხოვდნენ და დღემდე ითხოვენ სანქციების დაწესებას. თვითონ უნდა გაყიდონ ღვინო ისე, რომ საერთოდ არ აწარმოებენ ამ პროდუქტს და ჩვენი ფერმერებისთვის, მევენახეებისთვის, მეღვინეებისთვის არ შეიძლება რუსეთში ღვინის გაყიდვა. ამასაც ხედავს ქართველი ხალხი. აქ ყველაფერი ძალიან მარტივად არის. ევროპასა და რუსეთს შორის ვაჭრობა შეადგენს მილიარდებს, ჩვენ სანქციები უნდა დავაწესოთ. ყველაფერი დღესავით ნათელია და ამიტომ აღარ აქვს ფასი საზოგადოებისთვის ევროპული ბიუროკრატიის განცხადებებს, ყველა ხედავს ამ სიყალბეს და ორმაგ სტანდარტებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის პოზიციას სრულად იზიარებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას დააკონკრეტა, რომ ევროპასა და რუსეთს შორის ვაჭრობა 200 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი თქმით, სწორედ ეს თანხა მოხმარდა რუსეთის ეკონომიკისა და მისი ბიუჯეტის გაძლიერებას.
„მართალია, ზუსტად არ ვიცი, რამდენია ამ 200 მილიარდში ბალტიის ქვეყნების წილი, მაგრამ 2023 წელს, დავიანგარიშეთ და საქართველოსთან შედარებით, 2-2.5-ჯერ მეტი სავაჭრო ბრუნვა ჰქონდათ მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით. არ მგონია, რომ ეს პროპორცია ძალიან შეცვლილიყო. პირიქით, ბალტიის ზღვის ქვეყნები სარგებლობენ რუსეთთან გეოგრაფიული სიახლოვით და ცდილობენ, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ყველა ქვეყანა ცდილობს, თავისი ეკონომიკური ინტერესები დაიცვას და განამტკიცოს, მაგრამ ასეთ დროს, სხვის ბოსტანში ქვებისა სროლას თავი უნდა დაანებონ.
ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი მიდგომა სწორია, ჩვენ საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები გაგვაჩნია და იმის მიხედვით ვმოქმედებთ, რა არის პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. აი, ეს არის მთელი ალგორითმი, რითაც აქამდე ვმოქმედებდით და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ“, - განუცხადა „რეზონანსს“ სოსო არჩვაძემ.
ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ სპეციალურად მოამზადა პრეზენტაცია რუსეთსა და ბალტიის ზღვის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე. ექსპერტის განცხადებით, ბალტიის ზღვის სამივე ქვეყანა - ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი, უკვე საუკუნეების განმავლობაში განიხილება რუსეთის სავაჭრო სივრცის მნიშვნელოვან ლოკაციებად, რაც განპირობებულია საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობით ფორმირებული ლოგისტიკური ქსელითა და გეოგრაფიული სიახლოვით.
„2022-2025 წლებში, ევროკავშირის სანქციების ფონზე, ბალტიის ზღვის ქვეყნები კვლავ მნიშვნელოვანი როლით გამოირჩეოდნენ, თუმცა უკვე განსხვავებულ კონტექსტში: პირდაპირი ექსპორტის შემცირებას თან ახლდა რეექსპორტის სტრატეგიული ზრდა. სტატისტიკურად რთულია, რეალური ბალტიური წარმოების, და სხვა ქვეყნებიდან რეექსპორტირებული პროდუქციის გამოყოფა, რადგან ოფიციალური მონაცემები კონსოლიდირებულია, თუმცა, ამ სირთულის მიუხედავად, ბალტიის ზღვის სამივე ქვეყანაში არსებული მონაცემები აჩვენებს სრულიად მსგავს ტენდენციას - რუსეთში ექსპორტის მოცულობა მკვეთრად იზრდება, მნიშვნელოვანი ნაწილი რეალურად მოიცავს სამხრეთ/დასავლეთ ევროპიდან შემოტანილ პროდუქციას, რომელიც ბალტიურ ლოგისტიკურ ქსელებში რეექსპორტირებულია“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას გიორგი ცუცქირიძემ.
მისი ინფორმაციით, 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდმა აჩვენა მკაფიო ზრდა რეექსპორტის სეგმენტებში. ლატვიიდან და ლიეტუვადან რუსეთში სასმელებისა და სპორტის რეექსპორტი, ხოლო ესტონეთიდან - ცხიმებისა და ზეთების რეექსპორტი განხორციელდა. მისივე თქმით, 2021 წელს, ლატვიიდან რეექსპორტირებული იყო 359.4 მილიონი დოლარის სასმელები და სპირტი, ხოლო ლიეტუვადან - 300.0 მილიონი დოლარის; 2023 წელს, ლატვიიდან რეექსპორტირებული იყო 500.9 მილიონი დოლარის სასმელები და სპირტი, ხოლო ლიეტუვადან - 394.5 მილიონი დოლარის. რაც შეეხება ესტონეთს, ამ ქვეყნიდან 2021 წელს, რეექსპორტირებული იყო 221.1 მილიონი დოლარის ცხიმები და ზეთები, ხოლო 2023 წელს - 409.9 მილიონი დოლარის.
„ამ მონაცემებითაც ჩანს, რომ ბალტიის ზღვის ქვეყნები აგრძელებდნენ არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტს, არამედ რეექსპორტის გააქტიურებას სხვა ქვეყნებიდან მიღებული საქონლის საშუალებით, განსაკუთრებით იმ კატეგორიებში, სადაც პირდაპირი ექსპორტი შეზღუდულია. 2021-2023 წლებში, ბალტიის ქვეყნების წილი ევროკავშირის ექსპორტში რუსეთში, გაიზარდა 6.4%-დან 13.2%-მდე, რაც აჩვენებს არა მხოლოდ ბალტიის ქვეყნების პროდუქციის რაოდენობას, არამედ ტრანზიტისა და რეექსპორტის ფუნქციის ზრდას. ბალტიის ზღვის ქვეყნები, ფაქტობრივად, იქცნენ ევროპული პროდუქციის გამტარ ჰაბადზ.
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბალტიური ქვეყნებიდან რუსეთში ექსპორტი ფორმალურად შემცირებულია, თუმცა რეექსპორტის აქტივობის ზრდა ანაზღაურებს მოცულობას. რეექსპორტი განსაკუთრებით აქტიურია ალკოჰოლური სასმელებისა და მსუბუქი ინდუსტრიული პროდუქციის სექტორებში, რაც ხაზს უსვამს ტრანზიტული პლატფორმის როლს ბალტიურ ქვეყნებში. ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების პროდუქციის რეექსპორტი ბალტიური ჰაბის გავლით, კვლავ მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს სანქციების პირობებში, რაც აძლიერებს სტრატეგიულ სავაჭრო პოზიციას“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი ცუცქირიძემ.