
ირანზე დარტყმების შეჩერებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული პაუზა 28 მარტს იწურება, მოლაპარაკებების პერსპექტივა კი ჯერ ისევ ბუნდოვანია. ტრამპის 15 პუნქტის საპირწონედ, თეირანმა თავისი ულტიმატუმები წამოაყენა. მიმომხილველთა ნაწილი ამბობს, რომ ეს პაუზაც და მოლაპარაკებებზე ოპტიმისტური განცხადებებიც ტრამპს მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით სჭირდება, რათა სამხელეთო ოპერაციისთვის მოემზადოს.
ამასთან, რუსული წყაროების ცნობით, ჩინეთმა თეირანი არაოფიციალურად გააფრთხილა, რომ აშშ ხარგის კუნძულზე ოპერაციისთვის ემზადება და ამისთვის დამატებითი დრო სჭირდება. პეკინის შეშფოთება კი იქიდან გამომდინარეობს, რომ ხარგიდან ნავთობის ექსპორტის 95%-მდე ჩინეთზე მიდის.
ამერიკელი ანალიტიკოსები სახმელეთო ოპერაციიის დაწყებაში საფრთხეებს ხედავენ. დასავლურ მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, ირანი უკვე ემზადება ამისთვის და „ხაფანგებს აგებს". ამიტომაც მიაჩნიათ, რომ ეს, ერთის მხრივ, ჰორმუზის სრუტეს ვერ გაათავისუფლებს და მეორეს მხრივ, ოპერაციას დიდი მსხვერპლი მოყვება.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ თუ ირანი დამარცხებას არ აღიარებს, ტრამპი მზადაა „ჯოჯოხეთი მოუწყოს".
ჩინეთის გაფრთილება
როგორც რუსული „ტელეგრამ" არხები წერენ, ოფციალურმა პეკინმა ირანი გააფრთხილა, რომ აშშ სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება, ძალების გადასროლისთვის დამატებითი დრო სჭირდება და მოლაპარაკებებზე საუბარი მხოლოდ დროის მოსაგებად დაიწყო.
რუსული წყაროები იმ მიზეზზეც მიუთითებენ, თუ „რატომ არიან ჩინელები ასე შეშფოთებული". მათი შეფასებით, „ხარგის კუნძული ნავთობის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცენტრია, რომლის ექსპორტის 90-95% ჩინეთში გადის ღრმა წყლების საშუალებით, რომლებიც დღეში 7 მილიონ ბარელამდე ტვირთს ატარებენ".
„ამერიკელებმა უკვე წაართვეს ჩინეთს ვენესუელური ნავთობი, რითაც „წითელ დრაკონს" იაფ რესურსებზე წვდომა შეუზღუდეს. ახლა ისინი ირანსაც განდევნიან, რაც ჩინეთისა და გლობალური ეკონომიკის რეცესიაში ჩაგდებას გამოიწვევს", - აღნიშნავს ერთ-ერთი „ტელეგრამ" არხი.
„საბოლოო დარტყმა"
„უოლ სთრით ჯორნალის" ჟურნალისტი ალექს უორდი წერს, რომ ირანში სახმელეთო ოპერაცია შესაძლოა მალე დაიწყოს.
„კონგრესში სულ მცირე სამმა რესპუბლიკელმა, მათ შორის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტების თავმჯდომარეებმა, მტკიცედ მიანიშნეს, რომ ირანში სახმელეთო ოპერაცია იგეგმება და შესაძლოა მალე დაიწყოს", - აღნიშნავს უორდი.
- ალექს უორდი: „კონგრესში სულ მცირე სამმა რესპუბლიკელმა, მათ შორის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტების თავმჯდომარეებმა, მტკიცედ მიანიშნეს, რომ ირანში სახმელეთო ოპერაცია იგეგმება და შესაძლოა მალე დაიწყოს".
„აქსიოსი" წერს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ „საბოლოო დარტყმისთვის" სამხედრო ვარიანტებზე მუშაობს. წყაროების ცნობით, თუ მოლაპარაკებებში წინსვლა არ იქნება და ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, მაშინ სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, გამანადგურებელი ძალის დემონსტრირება აშშ-ის მოლაპარაკებების პროცესში უფრო მეტ ბერკეტს, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გამარჯვების გამოცხადების შესაძლებლობას მისცემს.
მათივე ინფორმაციით, პენტაგონი „საბოლოო დარტყმისთვის" ოთხ ვარიანტს განიხილავს:
1. ხარგის კუნძულის დაკავება ან ბლოკადა.
2. კუნძული ლარაკის დაკავება, რომლითაც ირანი ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს.
3. ჰორმუზის სრუტის შესასვლელში მდებარე აბუ მუსას სტრატეგიული კუნძულის დაკავება.
4. ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით ირანული ნავთობის გადამზიდი გემების დაკავება.
გამოცემა ასევე წერს, რომ პენტაგონმა ირანის ბირთვულ ობიექტებში არსებული გამდიდრებული ირანის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სახმელეთო ოპერაციის ვარიანტებიც მოამზადა. თუმცა, მსგავსი სახიფათო ოპერაციის ნაცვლად, შესაძლოა, აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელოს.
სახმელეთო ოპერაციის შესაძლო რისკები
„სიენენი" წერს, რომ ირანი ხარგის კუნძულზე თავდაცვას აძლიერებს, აშშ-ს პოტენციური თავდასხმისგან თავის დასაცავად. რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ „ბოლო კვირების განმავლობაში, ირანი ხარგის კუნძულზე ხაფანგებს აწყობდა, დამატებითი სამხედრო პერსონალი და საჰაერო თავდაცვა გადაჰყავდა, რათა კუნძილზე კონტროლი გაემყარებინა და აშშ-ის შესაძლო ოპერაციისთვის მომზადებულიყო".
„სიენენი" ასევე წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავდა ჯარის გამოყენებას ხარგზე ოპერაციის დასაწყებად. თუმცა, აშშ-ის ოფიციალური პირები და სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთ სახმელეთო ოპერაციას მნიშვნელოვანი რისკები ახლავს თან, მათ შორის, დიდი რაოდენობით მსხვერპლი აშშ-ის მხრიდან.
„კუნძულს მრავალშრიანი თავდაცვა აქვს და ირანელებმა ბოლო კვირების განმავლობაში იქ დამატებითი იარაღი - მიწა-ჰაერის ტიპის მართვადი სარაკეტო სისტემები გადაიტანეს", - აცხადებენ წყაროები „სიენენთან".
მათივე ცნობით, ირანი ასევე ქვეითსაწინააღმდეგო და ჯავშანტექნიკის საწინააღმდეგო ხანაფგებს აწყობს კუნძულის გარშემო და სანაპირო ზოლში, სადაც აშშ შესაძლოა დესანტის გადასხმას გეგმავდეს.
მიმომხილველთა შეფასებით, ტრამპის ზოგიერთი მოკავშირეს „სერიოზული კითხვები უჩნდება" იმის შესახებ, არის თუ არა ასეთი ოპერაციის საჭიროება, რადგან თუნდაც „კუნძულის წარმატებით აღება თავისთავად არ გადაჭრის ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ პრობლემებს".
- ჯეიმს სტავრიდისი: „ირანელები ჭკვიანები და დაუნდობლები არიან. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა მაქსიმალური დანაკარგები მიაყენონ აშშ-ის ძალებს როგორც ზღვაში მყოფ გემებზე, ასევე სახმელეთო ჯარებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჯარები მათ სუვერენულ ტერიტორიაზე იქნებიან".
როგორც „სიენენი" წერს, წყარომ ისრაელიდან ასევე გამოხატა შეშფოთება, რომ „ხარგზე კონტროლის აღებას ირანის მხრიდან სარაკეტო და დრონებით თავდასხმები მოჰყვება, რაც ამერიკელი ჯარისკაცების სიკვდილს გამოიწვევს."
ამასთან, მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს ნატო-ს ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი ჯეიმს სტავრიდისი, რომელიც ამჟამად „სიენენის" სამხედრო ანალიტიკოსია.
„ირანელები ჭკვიანები და დაუნდობლები არიან. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა მაქსიმალური დანაკარგები მიაყენონ აშშ-ის ძალებს როგორც ზღვაში მყოფ გემებზე, ასევე სახმელეთო ჯარებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჯარები მათ სუვერენულ ტერიტორიაზე იქნებიან", - განაცხადა სტავრიდისმა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა 25 მარტს განაცხადა. რომ „მტრები რეგიონის ერთ-ერთი ქვეყნის მხარდაჭერით ირანის კუნძულზე შეჭრას გეგმავენ".
„ზოგიერთი სადაზვერვო ანგარიშის საფუძველზე, ირანის მტრები რეგიონის ერთ-ერთი სახელმწიფოს მხარდაჭერით ირანის ერთ-ერთი კუნძულის ოკუპაციისთვის ემზადებიან. ჩვენი ძალები აკონტროლებენ მტრის ყველა მოძრაობას და თუ ისინი რაიმე ნაბიჯს გადადგამენ, ამ რეგიონული სახელმწიფოს ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა დაუნდობელი, განუწყვეტელი თავდასხმების სამიზნე გახდება", - წერს მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი „იქსზე".