
გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ახალგაზრდის, სპირიდონ ტატიაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო მასთან ერთად მანქანაში მყოფი მისი თანასოფლელი ბიჭი დაშავდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავარია, დღეს საღამო ხანს სოფელ კვარხითის მიმდებარედ მოხდა. ახალგაზრდა გორიდან სახლში ბრუნდებოდა, როგორც ჩანს, საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა. გლოვაა მის მშობლიურ სოფელში, სოფელ ჯარიაშენში, სადაც ცხოვრობდა სპირიდონი ოჯახთან ერთად.
"ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა საღამო ხანს. გარდაცვლილია ჩვენი სოფლელი ბიჭი, ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, 22 წლის სპირიდონ ტატიაშვილი, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. როგორც შევიტყვე, საჭესთან თვითონ მჯდარა, მიხვეულ მოხვეული გზებია და რაღაცას შეეჯახა. მთელი სოფელი წასულია ტრაგედიის ადგილას. მე მინდორში ვიყავი, რომ გავიგე ეს მძიმე ამბავი, საღამო ხანი იყო და მივედი ამ ბიჭის სახლში, დიდი უბედურებაა...
გორიდან მომავალი მანქანა იყო, გორიდან რომ მოდიხართ ჩვენკენ, მეჯვრისხევის მიმართულებით, იქ არის გადასახვევი სოფელ კვარხითის და იმ მიდამოებშია ავარია მომხდარი. სულ წყნარად დადიოდა ეს ბიჭი, სოფელშიც, ქალაქშიც, ავტობანზეც ნორმალურის სიჩქარით დადიოდა, არ ვიცი რა მოხდა იქ. ახლა ისეთი მძიმე სიტუაციაა, რომ დეტალების გარკვევის და კითხვების დასმის დრო ნამდვილად არ არის.
როგორც გავიგე, ვიღაც გამვლელს უნახავს მომხდარი ავარია, უცვნია ტატიაშვილების მანქანა და როგორც მითხრეს, დაურეკავს ამ ბიჭის მამასთან, თქვენი მანქანაა მგონი ავარიაში მოყოლილიო. გაქცეულა ყველა იმ ადგილას, გადაჰყავდათ ბიჭი კლინიკაში თურმე, მაგრამ, სამწუხაროდ, გზაში გარდაცვლილა. მეორე ბიჭიც დაშავდა, ისიც ჩვენი მაცხოვრებელია, დაზიანებები აქვს, როგორც ვიცი, მოტეხილობები და ახლა კლინიკაშია გადაყვანილი. ამბობენ გადარჩებაო. ღმერთმა კარგად ამყოფოს.
მართლა ძალიან კარგი ახალგაზრდა გამოაკლდა ახალგაზრდობას. მშრომელი ბიჭი იყო. როგორც ვიცი ჯარში მსახურობდა, ახალგაზრდა მშობლები ჰყავს და ძნელია მათ სანუგეშო რამე უთხრა ახლა, ამ მდგომარეობაში მყოფებს. ასეთი მძიმე რეალობაა, ვუსამძიმრებ ყველას,”- განუცხადა "კვირის პალიტრას" ადგილობრივმა.
კვირის პალიტრა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე