
ევროკომისიამ დაიწყო პროცესი, რომლის შედეგადაც ევროკავშირი შესაძლოა გახდეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე შექმნილი სპეციალური ტრიბუნალის დამფუძნებელი წევრი, როგორც ევროკომისარი კაია კალასი ამბობს, სამართლიანობის აღდგენა, ასევე, პოტენციური აგრესორებისთვის შემაკავებელი ფაქტორია
უცხოური გამოცემები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე შექმნილ სპეციალურ ტრიბუნალს ნიურბერგის პროცესებსაც ადარებს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო სისხლის სამართალს. მსგავსად ნიურნბერგისა, ახალი ტრიბუნალიც მიზნად ისახავს უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების პასუხისმგებლობის დაყენებას ომის დაწყებისთვის - ე.წ. აგრესიის დანაშაულისთვის.
თუმცა, განსხვავებით 1945 წლის რეალობისგან, როდესაც დამარცხებული რეჟიმის ლიდერები უკვე დაკავებულები იყვნენ, თანამედროვე ტრიბუნალი იქმნება მოქმედი კონფლიქტის პარალელურად და იმ პირობებში, როდესაც მისი პოტენციური ბრალდებულები კვლავ ხელისუფლებაში იმყოფებიან.
თუმცა, ჯერჯერობით ისევ ბევრ კითხვას ბადებს, შეუერთდებიან თუ არა ამ ინიციატივას ევროკავშრის წევრი სახელმწიფოები.
ევროკომისიის ინფორმაციაში ვკითულობთ, რომ, როგორც კი წევრი სახელმწიფოები დაამტკიცებენ აღნიშნულ წინადადებას, ევროკომისია შეძლებს, გამოაცხადოს ევროკავშირის განზრახვა, შეუერთდეს ტრიბუნალს, როგორც დამფუძნებელი წევრი.
ამის შემდეგ კი ევროკავშირი ცენტრალურ როლს შეასრულებს ტრიბუნალის საქმიანობაში, მათ შორის, როგორც მმართველი კომიტეტის წევრი, რომელიც სპეციალურ ტრიბუნალს უხელმძღვანელებს.
„სპეციალურ ტრიბუნალს ექნება მანდატი, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელოს მაღალი რანგის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების მიმართ. ის იქმნება ევროპის საბჭოს ფარგლებში, მას შემდეგ, რაც 2025 წლის 25 ივნისს უკრაინასა და ევროპის საბჭოს შორის ხელი მოეწერა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას", - აღნიშნულია ევროკომისიის ინფორმაციაში.
„მეტი პასუხისმგებლობაა და არა ნაკლები"
- სპეციალურ ტრიბუნალს ექნება მანდატი, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელოს მაღალი რანგის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების მიმართ
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ აგრესიის მსხვერპლთათვის სამართლიანობის აღდგენა მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი საუკეთესო გზაა.
„აგრესიის მსხვერპლთათვის სამართლიანობის აღდგენა მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი საუკეთესო გზაა. სამართლიანობის აღდგენა, ასევე, შემაკავებელი ფაქტორია პოტენციური აგრესორებისთვის. იმ დროს, როდესაც საერთაშორისო სამართალი ისტორიულად დიდი ზეწოლის ქვეშაა, სწორი რეაგირება მეტი პასუხისმგებლობაა და არა ნაკლები. სამართლებრივი პროცესის დაწყება - როგორც ახლა უკრაინის შემთხვევაში ვაკეთებთ - დროს, ძალისხმევას და მაქსიმალურად ფართო საერთაშორისო მხარდაჭერას მოითხოვს, მაგრამ ღირს", - განაცხადა კალასმა.
ევროკომისია განმარტავს, რომ ევროკავშირმა წამყვანი როლი შეასრულა სპეციალური ტრიბუნალის დამფუძნებელი სამართლებრივი ტექსტების შემუშავებაში, რომლებიც სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საერთაშორისო კოალიციამ 2025 წლის 9 მაისს პოლიტიკურად დაამტკიცა.
„კომისია ასევე მხარს უჭერს აგრესიის დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის აღებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრის მეშვეობით და 10 მილიონი ევროს შენატანის გაღებას სპეციალური ტრიბუნალის წინასწარი მომზადების ჯგუფისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
10 მლნ მომზადებისთვის
ევროკავშირი ტრიბუნალის მოსამზადებელ გუნდს 10 მილიონი ევროს ოდენობით აფინანსებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა Aალან ბერსენტმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ ტრიბუნალის სრულფასოვანი ამოქმედება საბოლოოდ „სახელმწიფოთა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული".