მეპურეები პირდაპირ ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში პური გაძვირდება, ბაზარზე კონკურენცია საბოლოოდ მოისპობა და ხარისხი დაეცემა
ქეთო გოგოხია
25.03.2026

იმპორტულ ხორბალს ქართული პროდუქტი კონკურენციას ვერც ფასის მხრივ უწევს და ვერც ხარისხითაც.ახლა, როცა შედარებით იაფი რუსული ხორბალი შემოდის ქვეყანაში, ქართველ ფერმერებს შარშანდელი მოსავლის გაყიდვა განსაკუთრებით უჭირთ. შესაბამისად, ისინი ითხოვენ იმპორტირებულ მარცვლეულზე გადასახადის დაწესებას, რასაც მეპურეები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება პური გააძვიროს, რაც ბაზრისთვის სერიოზუყლი გამოწვევა იქნება.

ამ ეტაპზე 1 კგ ადგილობრივი ხორბლის ფასი, საშუალოდ, 60 თეთრს შეადგენს, რაც ფერმერების თქმით, თვითღირებულებაზე დაბალია. ამასთან დაკავშირებით ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ ისაუბრა და აღნიშნა,  რომ გამოსავალია ხორბალზე დაწესდეს დამატებით გადასახადი, ვიდრე რუსეთი თავად არ აღადგენს საექსპორტო ბეგარას. ეს დააბალანსებს სამივე მხარეს: პურის ფასი დარჩება სტაბილური, წისქვილები იმუშავებენ და ადგილობრივი ფერმერიც გადარჩება.

„როდესაც ორი წლის წინ კრიზისი იყო, ფქვილზე, ქატოსა და ქერზე საბაჟო გადასახადის შემოღებამ დარგი გადაარჩინა. დღეს 1 ტონა ფქვილზე 300 ლარია დაწესებული, ქატოსა და ქერზე კი - 200-200 ლარი, თუმცა ხორბალზე ასეთი გადასახადი არ გვაქვს. იმის გამო, რომ რუსეთმა ხორბალზე საექსპორტო მოსაკრებელი მინიმუმამდე დაიყვანა, ჩვენი ფერმერები კონკურენციას ვეღარ უძლებენ. 

გამოსავალია, რომ ხორბალზეც დაწესდეს შესაბამისი საფასური, ვიდრე რუსეთი თავადარ აღადგენს საექსპორტო ბეგარას. ამით პურის ფასი დარჩება სტაბილური, წისქვილები იმუშავებენ და ადგილობრივი ფერმერიც გადარჩება“, - აღნიშნა ბენიაიძემ.

ფასებთან ერთად, სექტორის კიდევ ერთ დიდ გამოწვევად ნიკოლოზ ბენიაიძემ უხარისხო სათესლე მასალა დაასახელა. მისი თქმით, ქვეყანაში წლებია სერტიფიცირებული სათესლე მასალა დიდი რაოდენობით არ შემოსულა, რაც პირდაპირ აისახება მოსავლიანობასა და ხარისხზე.

მის პოზიციას კატეგორიულად ემიჯნება პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, რომლის განცხადებითაც, დღეს, როცა ხელისუფლება ფასების კლების გზებს აქტიურად ეძებს, ხორბლის იმპორტისთვის გადასახადის დაკისრება წარმოუდგენელია, რადგან ასეთი ნაბიჯი პურის გაძვირებას გამოიწვევს. ფერმერების დახმარების ერთ-ერთ შესაძლებლობად დოლიძე დარგის სუბსიდიას განიხილავს და ამბობს, რომ შესაძლებელია, მთავრობამ ისეთი  მექანიზმი შეიმუშავოს, რაც თავის დროზე მეღვინეებისა და მეციტრუსეების მხარდასაჭერად გაკეთდა.

,,პროდუქტების გაიაფებაზეა  საუბარი და ასეთ ვითარებაში მეხორბლეები გადასახადის გაზრდას ითხოვენ. 200 ათასი ტონა ხორბალი მოიწიეს, რაც კარგი მაჩვენებელია, ჩასაბარებელი ხორბლის ფასი იყო 70 თეთრი, მაგრამ სულ 30 ათასი ტონა გაყიდეს. დანარჩენი შეინახეს, რადგან უკეთესი ფასის მოლოდინი ჰქონდათ. ამ დროს გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა, ომი დაიწყო, დაპირისპირებამ იჩინა თავი, რის გამოც  მოხდა პირიქით და რუსული ხორბლის ფასი 60 თეთრი გახდა. ამან ქართველი ფერმერები ძალიან შეაშფოთა, ვინაიდან  ჩაუბარებელი პროდუქცია დარჩა. 

უნდა ითქვას, რომ პურის ცხობისთვის რუსული ხორბალი გაცილებით უკეთესია, მაღალი წებოვანებით, შესაბამისად, ქართული ხორბლის გაყიდვა ჭირს. სუბსიდიით თუ სხვა მექანიზმით თუ დაეხმარებიან ფერმერებს, კარგი იქნება, გადასახადის დაწესება მიუღებელია", - განუცხადა "რეზონანსს" დოლიძემ.

მისი თქმით, დღესდღეობით პურის გაძვირებაზე საუბარიც არ შეიძლება, მით უფრო იმ პირობებშიც, თუ ენერგომატარებლების ტარიფი მოიმატებს, რაზეც საუბარი უკვე დაწყებულია.

,,საქართველოს წლიურად სჭირდება 600 ათასი ტონა ხორბალი და 200 ათასს აწარმოებს, აქედანაც  მხოლოდ 30 ათასი ტონა ჩააბარეს. ხელოვნურად არ უნდა დავძაბოთ სიტუაცია. საბაზრო ეკონომიკას ვუჭერ მხარს, მოთხოვნა-მიწოდება თვითონ მართავს ფასს, არც უნდა დასმულიყო გაძვირების საკითხი, ეს არის შეცდომა. შეიძლება დახმარება ითხოვო, მაგრამ არა ის, რომ პროდუქცია ხელოვნურად გაუძვირონ მომხმარებლებს, ისედაც ჭირს მაღალი ფასების გამო. 

რაც შეეხება კონკრეტულად პურს, არავითარ გაძვირებაზე საუბარი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელოდ მოიმატებს ენერგომატარებელბის ტარიფი, პურის ფასს მაინც შევინარჩუნებთ, ოღონდ ხელოვნურად ნუ ჩაერევიან ნედლეულის ღირებულებაში", - განაცხადა მალხაზ დოლიძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას.

რაც შეეხება ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის პოზიციას, მზად არიან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებში აქტიურად ჩაერთონ.  ასოციაციის თავმჯდომარის ლევან სილაგავას თქმით, შექმნილ სიტუაციაში ერთ-ერთი გამოსავალია, რომ სეზონზე იმპორტირებული ხორბლის შემოტანა შეიზღუდოს, რასაც გარკვეული რისკიც ახლავს, თუმცა ჯერჯერობით ესეც ვარაუდის დონეზეა.

,,როცა მსგავსი საკითხი წამოიწევს, სიღრმისეული განხილვა უნდა მოხდეს. აღნიშნული თემა მიბმულია სხვადასხვა სექტორთან და ყველას განსხვავებული პოზიცია აქვს. სავარაუდოდ, ასოციაციას აქვს გათვლა, რომ საიმპორტო ხორბალს გადასახადი დაუწესდეს, რათა ადგილობრივი უფრო მაღალ ფასად ჩაბარდეს. ეს საფრთხილო საკითხია, რადგან არ ვიცით, რა იქნება მომავალში. 

აქვთ ასევე წინადადება, რომ სეზონზე იმპორტირებული ხორბლის შემოტანა შეიზღუდოს. მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ წისქვილკომბინატებზე გაიყიდება ხორბალი და დეფიციტის საფრთხე არ შეიქმნება. ეს საკითხიც შესასწავლია. ჩვენი ასოციაცია მზადაა, ნებისმიერ საკითხზე ჩერთოს კონსულტაციაში და ერთიან აზრამდე მივიდეთ. ჯერჯერობით მაინც წინადადების დონეზეა და განხილვა არ დაწყებულა. თუკი მიგვიწევენ, ჩვენს პოზიციას დავამუშავებთ და წარვადგენთ", - განუცხადა ,,რეზონანსს" ლევან სილაგავამ.

2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, საქართველოში ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ღირებულებით, ისე მოცულობით. შარშან ქვეყანაში იმპორტირებული იყო 515 719 ტონა ხორბალი, რომლის ღირებულებამ 128.5 მილიონი დოლარი შეადგინა. 2024 წელს კი იმპორტი 326 486 ტონას და 76.1 მილიონ დოლარს შეადგენდა. შედეგად, 2025 წელს ხორბლის იმპორტი ღირებულებით 68.7%-ით, ხოლო მოცულობით 57.9%-ით გაიზარდა.

იმპორტის მომწოდებლებს შორის წამყვან პოზიციას კვლავ რუსეთი იკავებს - 405 018 ტონა ხორბალი, 102.2 მილიონი დოლარის ღირებულებით. მეორე ადგილზეა ყაზახეთი, საიდანაც 110 447 ტონა ხორბალი, 26 მილიონ დოლარად შემოვიდა. დანარჩენი ქვეყნების წილი შედარებით მცირეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×