თამთა ჩაჩანიძე
25.03.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე სასამართლო პროცესი გაიმართა, დაცვისა და ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვები წარადგინეს, მტკიცებულებათა კვლევა კი შემდგომი პროცესებიდან დაიწყება, როცა დაიკითხებიან პირები.

მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის გახსნის საკითხზე არ დააკმაყოფილა, შესაბამისად პროცესი დახურულ რეჟიმში დარჩა.

საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.

იქნება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" არ გამორიცხავს რომ პოლიტიკოსების დაკავებების მორიგი სერია ვიხილოთ.

  • ნიკა ჩიტაძე: "არ გამოვრიცხავ, რომ ეს დასავლეთისთვის გარკვეული სიგნალიც იყოს - რამდენადაც შემოიღებთ სანქციებს, ჩვენ ამ საპასუხო ზომებს მივმართავთო"

"არაფერია გამორიცხული, რადგან სამწუხარო რეალობაა, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერზე მიდის, მისთვის ყოველ შემთხვევაში, პროგრამა მინიმუმი აღნიშნული პოლიტიკოსების დისკრედიტაციაა. ზეწოლასაც ახორციელებენ, რომ ამ ადამიანებს, ვინც გამოუშვეს და გარეთაა, როგორმე პოლიტიკური აქტიურობა შეაწყვეტინონ.

"არ გამოვრიცხავ, რომ ეს დასავლეთისთვის გარკვეული სიგნალიც იყოს - რამდენადაც შემოიღებთ სანქციებს, ჩვენ ამ საპასუხო ზომებს მივმართავთ, ამიტომაც სჯობს სანქციები ჩვენს წინააღმდეგ არ აამოქმედოთ, თორემ გვაქვს რესურსი უარესი გავაკეთოთო - შეიძლება ეგეცაა",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სასამართლო სხდომების დასრულებამდე დაკავებების სერია მოსალოდნელი არაა და შესაძლოა ამის შემდეგ ვიხილოთ ეს.

  • პეტრე მამრაძე: "აქამდე დამატებით თუ არავინ არ დააკავეს, ახლა როგორი ახალი მტკიცებულება რა უნდა გამოჩნდეს, რომ დაკავებების სერია იყოს, მაგრამ სასამართლო სხდომების შემდეგ, ეს სავსებით დასაშვებია, რადგან საბოტაჟი ძალიან სერიოზული ბრალდებაა"

"აქამდე დამატებით თუ არავინ არ დააკავეს, ახლა როგორი ახალი მტკიცებულება რა უნდა გამოჩნდეს, რომ დაკავებების სერია იყოს, მაგრამ სასამართლო სხდომების შემდეგ, ეს სავსებით დასაშვებია, რადგან საბოტაჟი ძალიან სერიოზული ბრალდებაა და აქ მე რაც ვიცი, ყველაფერი სახეზეა. დაფიქსირებული აქვთ, რომ საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ შემდგარი ფაქტია, რაც მე ვიცი. ვნახოთ რა იქნება",- განაცხადა მამრაძემ.

ვის რა მუხლი შეუფარდეს

გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

რას ამბობს გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო სხდომები სავარაუდოდ, დახურულ რეჟიმში ჩატარდება, რადგან „თუ გახსნიან, საზოგადოება ნახავს, რომ საქმე გვაქვს დიდ აბსურდთან და არა სამართლებრივ პროცესთან".

"მოსამართლემ სხდომის გახსნაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რადგან ამ საქმეს შინაარსი არ აქვს. უბრალოდ, სურთ, რომ ადამიანები, ვინც საქართველოს განვითარებისთვის, ძლიერი ქვეყნისთვის, ერის კონსოლიდაციისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ამ ქვეყანაში კარგი ცხოვრებისთვის ვიბრძვით, გვაწვალონ და სასამართლო სხდომებზე გვატარონ. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ ელენე ხოშტარიას, 4 შვილის დედას 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს არაფრის გამო, ამიტომ არაფერი გვიკვირს, რაც ხდება ამ ქვეყანაში.

"საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელსაც არ სურს, რომ ჩვენ ნორმალურად გავაგრძელოთ განვითარების გზა, არ სურს, რომ საქართველოში საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს პერსპექტივა, ამიტომ ჩვენი მთავარი გზავნილი არის კონსოლიდაცია, ერთად დგომა, იმისთვის რომ საქართველო დავაბრუნოთ განვითარების გზაზე, ვიყოთ რეგიონის ლიდერები, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით და რაც მთავარია, ეს უმძიმესი კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არის, გადავლახოთ ერთხელ და სამუდამოდ," - განაცხადა ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×