
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყანა ეტაპობრივად შეწყვეტს უკრაინისთვის გაზის მიწოდებას.მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია „დრუჟბას" ნავთობსადენის დაზიანებით და კიევის მიერ მისი შეკეთების გაჭიანურებით. ჯერჯერობით, უკრაინულ მხარეს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
უნგრეთმა უკრაინისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიტორ ორბანმა განაცხადა. ვიქტორ ორბანის ცნობით, უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნგრეთის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
ორბანი კიევს ადანაშაულებს, მისი თქმით, უკრაინა მილსადენების შეკეთებას მიზანმიმართულად აჭიანურებს, რის გამოც რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის პრაქტიკულად შეჩერებულია.
„ნავთობის ბლოკადის გასარღვევად და უნგრეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უკვე საჭიროა ახალი ზომების მიღება," - განაცხადა მან „ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
„ვიდრე უკრაინა ნავთობს არ მოგვაწვდის, ის უნგრეთიდან გაზს ვერ მიიღებს. ჩვენ დავიცავთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას", - განაცხადა ორბანმა.
ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას" ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ მილსადენ „დრუჟბით" ნავთობის ტრანზიტი შესაძლოა, 1-1,5 თვეში აღდგეს.
- ორბანი: „ვიდრე უკრაინა ნავთობს არ მოგვაწვდის, ის უნგრეთიდან გაზს ვერ მიიღებს. ჩვენ დავიცავთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას",
მეორეს მხრივ, სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, დრუჟბას ნავთობსადენი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიას კვეთს, 27 იანვარს რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად დაზიანდა.
აღსანიშნავია, რომ ორბანი, რომელიც მომავალ თვეში გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადენა, უკრაინისთვის განკუთვნილ 90 მილიარდი ევროს ევროპულ სესხს ბლოკავს.
საინტერესოა ისიც, რომ გასულ კვირას, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დრუჟბას მუშაობის აღდგენას ხელს შეუწყობს. ამასთან, ბუდაპეშტი და ბრატისლავაც რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების ოფიციალურ დამტკიცებას აფერხებენ, რომლებიც ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა უკვე მოიწონეს, წერს France news-ი.
რამდენია უნგრული წილი?
უნგრული კვლევითი ორგანიზაციის, ოეკონომუსის ეკონომიკური კვლევითი ფონდი"-ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ უნგრეთი უკრაინის ერთ-ერთ მთავარ გაზის მიმწოდებლად ჩამოყალიბდა. უკრაინამ 2025 წელს უნგრეთიდან 2.94 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეიძინა, რაც იმპორტის ყველაზე დიდი წყარო იყო და მთლიანი იმპორტის 45.5%-ს შეადგენდა - აღნიშნულია უკრაინული საკონსულტაციო კომპანიის, ExPro-ს, ანგარიშში.
ამავე კომპანიის ინფორმაციით, 2026 წელს უნგრეთიდან იმპორტის წილი უკვე მცირდება -2026 წლის მარტში უკრაინის გაზის იმპორტი 34%-მდე შემცირდა. უკრაინული საკონსულტაციო კომპანია Dixi Group-ის მარტის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს უკრაინის საერთო გაზის მოხმარებამ 21 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ იმავე წელს უნგრეთზე ქვეყნის საერთო მოხმარების დაახლოებით 14% მოდიოდა.