ნატალია ჯვარიძე
25.03.2026

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თარიღთან და ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე დღესთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა და პანაშვიდი გადაიხადა.

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მსახურება ჩატარდა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წევრები მივიდნენ. მსახურებას ასევე ესწრებიან სინოდის წევრებიც.

კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიომ პარაკლისი და პანაშვიდი აღავლენა.

მეუფე შიომ ისაუბრა პატრიარქის პატივის მისაგებად მისულ ადამიანებზე და აღნიშნა, რომ „ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა".

„აი, ეს დღეები, ძვირფასო ძმებო და დებო, უმძიმესია ჩვენთვის, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეშიც და სიხარულიც.

აი, ჩვენ ველოდით, რა შეიძლება, როგორ გამოვლინდება ეს და ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა. მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერების, სიყვარულის გამოსახატავად. საოცარი ერთიანობა, საოცარი სიყვარული ღვთისადმი, პირადად მისდამი, მაგრამ მასში ხომ ეკლესიას, ღმერთს განადიდებს ჩვენი ერი და ღმერთს მადლობას უხდის. ვიმეორებ, ეს გამოვლენილი სიყვარული და ერთიანობა ჩვენ გვაძლევს დიდ სულიერ ძალას, დიდ ნუგეშს, რომ გადაგვეტანა ეს ურთულესი დღეები და დიდ იმედს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენ ღვთის შეწევნით შევძლებთ შევინარჩუნოთ ის დიდი ღირებულებები, რაც ჩვენამდე მოიტანეს ჩვენმა დიდმა პატრიარქებმა, წინაპრებმა და მათ შორის, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ გვიანდერძა - ეს არის ჭეშმარიტი რწმენა ღვთისა, ერთგულება სამშობლოსი და სიყვარული ადამიანისა.

თუ ჩვენ ამას შევინარჩუნებთ, თუ ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ, უფალი აუცილებლად შეგვეწევა ჩვენ და შეგვაძლებინებს, როგორც ჩვენი საეკლესიო ავტოკეფალიის შენარჩუნებას, ასევე ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას",- თქვა მეუფე შიომ.

ამასთან, ქადაგების დასრულების შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა გიორგიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საპატრიარქოში დაპირისპირება არ არის. გარდა ამისა მან სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საფლავთან მრევლის უწყვეტ ნაკადზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მრევლის ეს ნაკადი, რაც სიონშია, არის დიდი სიყვარულის და პატივისცემის გამოხატულება ხალხის მხრიდან პატრიარქისადმი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×