
ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობა ახალ ფაზაში გადადის, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან მიმართებაში 15-პუნქტიან გეგამზე საუბრობს, მაშინ, როცა ირანი მოლაპარაკებების დაწყებას უარყოფს, მკაცრ ულტიმატუმს აყენებს და ირიბად შესაძლო ესკალაციაზეც კი მიუთითებს. ამ ფონზე, სამხედრო მიმომხილველები გარკვეულ სცენარებზე საუბრობენ.
ტრამპის გეგმა, რომელიც სხვადასხვა წყაროებიდან ჟონავს, მოიცავს, როგორც ეკონომიკურ ზეწოლას, ისევ სამხედრო შეკავების მექანიზმებს, რომელიც მიზნად ისახავს ირანის ბირთვული პროგრამების შეზღუდვას.
თავის მხრივ თეირანი ულტიმატუმს აყენებს - აშშ-სგან ომის დასრულებას გარანტიებით, სპარსეთის ყურეში ამერიკული ბაზების დახურვას და სნაქციების მოხსნას ითხოვს.
ულტიმატუმები
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პაკისტანი მზადაა ირანისა და აშშ-ისრაელის მოლაპარაკებებს უშუამავლოს. "აქსიოსი"-ს ინფორმაციით, აშშ ცდილობს ხუთშაბათს ისლამაბადში სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართოს, თუმცა, ირანის ხელისუფლებამ შუამავალ ქვეყნებს განუცხადეს, რომ ტრამპმა ისინი "ორჯერ მოატყუა და მწვანე შუქი აუნთო მოულოდნელ დამანგრეველ თავდასხმებს".
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპრაკებები მიმდინარეობს და პროცესს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობენ.
ამასთან, ამერიკულ გამოცემებში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა შეიმუშავა და თეირანს გაუგზავნა 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.
ანგარიშის თანახმად, ტრამპის მრჩევლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ ვიტკოფმა, შეიმუშავეს წინადადება, რომელიც ერთთვიან ცეცხლის შეწყვეტაზეა ორიენტირებული, რომლის დროსაც მხარეები 15-პუნქტიანი შეთანხმების მისაღწევად იმუშავებენ.
პირობები მოიცავს ირანის ბირთვული შესაძლებლობების ჩამოშლას, ურანის გამდიდრების აკრძალვას და გამდიდრებული ურანის მარაგის საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთვის გადაცემას.
მოთხოვნები ასევე მოიცავს ნატანზში, ისპაჰანსა და ფორდოში ძირითადი ბირთვული ობიექტების გაუქმებას. ასევე ჰორმუზის სრუტის გახსნას, ირანის სარაკეტო პროგრამის შეზღუდვას დიაპაზონისა და რაოდენობის მიხედვით.
სანაცვლოდ, ირანი მიიღებს სანქციების სრულ შემსუბუქებას, აშშ-ის მხარდაჭერას მისი სამოქალაქო ბირთვული პროგრამისთვის, მათ შორის ბუშერის ელექტროსადგურში ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის და თავდასხმების შეჩერებას.
თავის მხრივ, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ აშშ "მოლაპარაკეებს საკუთარ თავთან აწარმოებს". დასავლურ მედიაში კი აღნიშნულია ის ულტიმატუმები, რაც თეირანს ვაშინგტონთან აქვს მოლაპარაკებების დაწყების სანაცვლოდ.
"უოლ სთრით ჯორნალი" წერს, რომ ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად სპარსეთის ყურეში აშშ-ის ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს. წყაროების ცნობით, ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად ასევე აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმებისთვის რეპარაციას ითხოვს და ასევე გარანტიებს, რომ ომი თავიდან აღარ დაიწყება და ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას" წინააღმდეგ დარტყმებს შეწყვეტს.
წყაროების განცხადებით, ირანის მოთხოვნები ახალ შეთანხმებას მოიცავს, რომლითაც თეირანი ჰორმუზის სრუტეში გასვლისთვის გადასახადს დააწესებს. ამასთან, ირანი თავისი ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის შეზღუდვაზე უარს ამბობს და შესაძლო შეთანხმება მის ბირთვულ პროგრამას არ ეხება.
შესაძლო სცენარები
თსუ-ს პროფესორი კორნელოი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზოგადად, ულტიმატუმებით საუბარი მხარეებისთვის მიუღებელია, რაც არ უნდა ეთანხმებოდნენ ამა თუ იმ წინადადებას.
"ეს ულტიმატუმები მემგონი არავის არ მოსწონს და მითუმეტეს ცალმხრივი, რომელიც მეორე მხარესთან შეთანხმებული არაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს ირანის რეჟიმი რა მძიმე მდგომარეობაშია, როცა მან ლიდერშიფი დაკარგა, რთულია ვინ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. იქ ფორმალურად კი არის მემკვიდრე დასახელებული, მაგრამ რეალურად ვინ გადაწყვეტს და რამდენად იქნება მისაღები ირანული მხარისთვის, გაურკვეველია.
"ჯერ ისიც არაა გარკვეული ირანი რამდენად მზადაა მოლაპარაკებებისთვის, ტრამპის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითქოს ირანი მზადაა, შემდეგ თეირანიდან ისმის, რომ ეს ასე არაა. ამ წინააღმდეგობის ფონზე, მნიშვნელოვანია თვითონ ირანის ხელისუფლებას ამ კონფლიქტის მოგვარება როგორ წარმოუდგენია - ულტიმატუმებით, თუ ამის გარეშე.
"ამ სიტუაციაში პირდაპირი მოლაპარაკებები ცოტა რთულია, ალბათ შუამავალი ქვეყანაა საჭირო, ამას რომელი ქვეყანა იკისრებს, არაბული ქვეყნებიდან, თუ სხვა რომელიმე, ესეც გასარკვვია. ფაქტია, რომ აშშ-მა რუსეთს უარი უთხრა. ამ საკითხზე შეკითხვები უფრო ბევრია, ვიდრე პასუხები. ულტიმატუმი მაინც ისეთი ფორმაა, სულ რომ გინდოდეს კიდეც საკითხების მიღება, შეიძლება არ მიიღო, მითუმეტეს დღეს ირანის ხელისუფლებისთვის",- განაცხადა კაკაჩიამ.
- კორნელი კაკაჩია: "ულტიმატუმი მაინც ისეთი ფორმაა, სულ რომ გინდოდეს კიდეც საკითხების მიღება, შეიძლება არ მიიღო, მით უმეტეს, დღეს ირანის ხელისუფლებისთვის"
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ მოლაპარაკებები ვერ შედგა, კონფლიტის მესამე ფაზა დაიწყება, რაც გაცილებით რთული და სასტიკი იქნება.
"სამხედრო კამპანიის მეორე ფაზა დასრულებისკენაა და ახლა მთავარია კონფლიქტი მესამე ფაზაში არ გადავიდეს, რადგან ეს გაცილებით უფრო რთული და სასტიკი იქნება და შეიძლება მხარეები უკვე შეზღუდულ სახმელეთო ოპერაციაში ჩაერთონ. ორივე მხარეს გადატვირთვა სჭირდება, რესურსები უკვე იზღუდება, რომელიც ამ კამპანიისთვის იყო. ორივე მხარემ ნაწილობრივ მიაღწია თავიანთ ამოცანებს.
"პენტაგონმა 200 მილიარდი სწორედაც სახმელეთო ოპერაციისთვის მოითხოვა, გასამართია ლოჯისტიკა, შესავსებია შეტევითი ტიპის იარაღი და ა.შ. თუმცაღა, სახმელეთო ოპერაციის ჩატარება იოლი საქმე არაა. ხარგის კუნძულზე ირანს ძირითადი ენერგეტიკული რესურსების ჰაბი აქვს, რომლის დაკავება-განადგურებამ ერთის მხრივ შესაძლოა ეკოლოგოური კატასტროფა გამოიწვიოს.
"მეორეც, სამხედრო სტრატეგიული კუთხით აშშ იგივე დილემის წინაშე დადგება, როგორც უკრაინა და რუსეთი კუნძულ ზმეინისთან დაკავშირებით იყო. ამ შემთხვევაში, შესაძლოა ირანი უფრო უპირატესობაში მოექცეს.
ამერიკელებმა სულ რომ კუნძული დაიკაონ, ის ირანის მხრიდან პირდაპირი დარყმის ობიექტი ხდება. თუ ამერიკელებმა ირანის სანაპირო ზოლზე დესანტი არ გადასხეს და არ დაიკავეს, მაშინ კუნძულ ხარგზე საზღვაო-სადესანტო ოპერაციიის ჩატარებას აზრი არ აქვს", - განაცხადა მაისაიამ.