"სავარაუდოა, რომ ტარიფების გაზრდით ავტოდილერებს დიდი პრობლემები შეექმნებათ"
ირმა ჩიტაია
24.03.2026

საქართველოში ავტომანქანები უკვე გაძვირდა. მართალია ახალი კანონპროექტი ძალაში 1-ლი აპრილიდან შედის, მაგრამ გაძვირება უკვე თვალში საცემია. ის ერთდროულად ყველა ტიპის ავტომობილს ეხება. მაღალი ტარიფების დაწესებას კანონპროექტის ავტორები ეკოლოგიაზე ზრუნვით, ავტოპარკის განახლებითა და დაძველების პრევენციით ხსინიან, თუმცა საპირისპიროს ამბობენ სფეროს წარმომადგენლები.

ავტოიმპორტიორები და დილერები აცხადებენ, რომ ამ ცვლილებით, გაცხადებული მიზანი ვერ მიიღწევა. საბოლოო ჯამში კი, უახლოეს პერიოდსი სახეზე გვექნება, გაორმაგებული ფასები, დაკარგული სამუშაოები და ბიუჯეტში შემცირებული გადასახადი.

აქციზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით უკვე დაწყებული გაძვირებაზე ისაუბრა  კომპანია "ჰოა აუტო იმპორტის" დამფუძნებელმა რეზო ტაბატაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ არასახარბიოლო ტენდენცია  მნიშვნელოვნად დაეტყობა ადგილობრივ ბაზარს.

,,შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ მანქანების გაძვირება დაწყებულია. ამას რამდენიმე განმსაზღვრელი ფაქტორი აქვს. პირველ რიგში, ძალიან ბუნებრივი მოვლენაა, რომ განბაჟების ტარიფის მატებით, გაიზრდება პროდუქტის თვითღირებულებაც. ყველასთვის გასაგები ენით მინდა ავხსნა. პირობითად, 2.0-იანი ძრავის მანქანა, 2016-წლიანი „მერსედესი“, თუ 1 თვის წინ, საშუალოდ, 10 ათას დოლარად იყიდებოდა, იგივე მანქანა დღეს ამ ფასად აღარ დაგხვდებათ. ბუნებრივია, ხარისხიდან გამომდინარე, ავტომობილების ღირებულება ძალიან განსხვავებულია და აქ საუბარი გვაქვს საორიენტაციო ფასზე.

ადამიანებმა გადათვალეს, ხვალ იგივე ავტომობილის ამერიკიდან ჩამოყვანა რა დაჯდება და ნახეს, რომ ეს მანქანა არა 10 ათასი, არამედ 12 000-12 500 მაინც დაჯდება. სწორედ იმ განბაჟების ნიშნულით დაიწყო მანქანებზე ფასის მატება, რომელიც განასხვავებს ძველი და ახალი ტარიფის შემთხვევებს“, - განაცხადა რეზო ტაბატაძემ.

საბაჟო ტარიფის გაძვირების პარალელურად ავტომობილების ღირებულების გაძვირებაზე საუბრობს ,,კავკასუს აუტოს" დამფუძნებელი გიორგი სურგულაძეც.

,,რა თქმა უნდა, თუ განბაჟების განაკვეთი შეიცვალა, მანქანებიც პროპორციულად გაძვირდება. ეს ჩვეულებრივი საბაზრო მიდგომაა. პირველი აპრილიც უკვე ერთ კვირაშია და ბაზარზე ცვლილებები უკვე აშკარაა. ამ ეტაპისთვის რთული საპროგნოზოა რა მოხდება, მაგრამ ფაქტია, სექტორს აღნიშნული კანონპროექტი დააზარალებს. 

ვიცით, რომ საქართველოს ავტოჰაბის ფუნქცია ჰქონდა. ბევრი ავტომობილი შემოდიოდა და გადიოდა. ვერ ვიტყვი ასეთი კანონის შემოღების აუცილებლობა რამ განაპირობა. მიზეზი, რასაც ისინი ასახელებენ, სრულიად უსაფუძვლოა. თუ ამის ნამდვილი აუცილებლობა იყო, მაშინ, უფრო მისაღები იქნებოდა დაბალი დოზის ცვლილებები შემოეღოთ, როგორიცაა ნაკლები წლოვანების, გამონაბოლქვის, ევროსტანდარტის მიხედვით განეხორციელებინათ. ამ შემთხვევაში, ცვლილებები უფრო სტანდარტული იქნებოდა. თანაც, თუ გარემოზე ზრუნვა, მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის, მაშინ, სწოერედ ასეთი ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო.  

ცვლილებები ქართულ ავტობიზნესს სერიოზულად დააზარალებს. მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვში თუ მოთხოვნა უცვლელი დარჩება და მიწოდებას შეზღუდავ, ცხადია, ის არ დაიკარგება და სხვა არხებზე გადაერთვება. ეს ჩვეულებრივი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებია და ამით ბევრი ავტოდილერს პრობლემები შეექმნება", - განაცხადა ,,რეზონანსთან" სურგულაძემ.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ავტომობილების განბაჟების გაძვირებას სექტორზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა ექნება. კანონპროექტი ჯერაც არ ამოქმედებულა და ბაზარზე რყევა უკვე დაწყებულია. მანქანები თითქმის ყოველდღიურად ძვირდება. ასოციაციის თავმჯდომარის, ალექსი ნონიაძის განცხადებით, ნეგატიური მოვლენების გაჩენამ მომხმარებელში დამატებითი მოთხოვნაც გააჩინა.

,,გაძვირება დაწყებულია. ნეგატიური პერსპექტივის გაჩენამ მომხმარებელიც გააქტიურა. ყველა ცდილობს აპრილამდე შეიძინოს ავტომობილი. შესაბამისად, მოთხოვნის ზრდა, ყოველთვის იწვევს ფასის მომატებას. მომავალშიც, თუ ეს კანონპროექტი დამტკიცდა, ბუნებრივია, ავტომობილების საერთო ფასი გაიზრდება. 

ერთი რამ დანამდვილებით უნდა ითქვას. ახალი კანონპროექტი ვერც ბიზნესს და ვერც მოქალაქეებს, სარგებელს ვერ მოუტანს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მოქალაქეს როცა გაუძვირდება ავტომობილი ძველს უკეთესზე ვერ გადაცვლის და იძულებული იქნებიან ის მაინც შეინარჩუნონ. შესაბამისად, ძველი ავტოპარკი კიდევ უფრო ამორტიზირებული გახდება და ჰაერი უფრო დაბინძურდება.

ასეთი მიდგომა არ უშველის არც ეკოლოგიას და არც საცობებს. ამ გზით, კიდევ უფრო დავაზიანებთ გარემოს, მანქანების ხარისხსაც გავაუარესებთ და ავტოპარკის განახლებაც ვერ მოხერხდება. გვესმის საუბრები, რომ თითქოს ბავშვების უკეთეს მომავალზე ფიქრობენ. მე მაქვს შეკითხვა: მშობლების შემოსავლებს თუ შევამცირებთ, მათ მომავალზე როგორ ვიფიქრებთ? "- განუცხადა ,,რეზონანსს" ალექსი ნონიაძემ.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, აღნიშნულ კანონპროექტს ბევრი უკუშედეგი მოყვება. შემცირდება სამუშაო ადგილები, კომპანიების დიდი რაოდენობა ბაზარს დატოვებს და დაიკლებს ბიუჯეტში შესატანი გადასახადებიც. 

,,დილერების დაახლოებით 60-70% უმუშევრი დარჩება. დაზარალდება მომიჯნავე დარგები, როგორიცაა ევაკუატორები, მეორადი ავტომობილების ბაზრობები, პროფილაქტიკები და ა.შ აქაც უკეთეს შემთხვევაში, ზოგს გაუნახევრდება სამუშაო ან უარეს შემთხვევაში ბევრიც საერთოდაც დაკარგავს.  

ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ბევრი ბიზნესი გადავა არაფორმალურ  საქმითწარმოებაზე. ეცდებიან არაკანონიერი წესებით აწარმოონ თავიანთი საქმიანობა და თუ ადრე ბიუჯეტში შემოსავალი შედიოდა, ამ გზით ისიც შემცირდება. 

ამ ეტაპისთვის, ჩვენთვის ცნობილია, რომ ავტომობილების დიდი რაოდენობა შემოდის და თუ ეს გათვლილია მომხმარებელზე მოკლევადიან  პერიოდში, შერიძლება ფასების კლება მივიღოთ ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად გაძვირება", - განუცხადა ,,რეზონანსს" ნონიაძემ.

2026 წლის 1-ლი აპრილიდან, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი აღარ აიკრძალება, თუმცა მათი განბაჟება (აქციზის გადასახადი) მნიშვნელოვნად გაძვირდება. ახალი რეგულაციით, ძველი ავტომობილების შემოყვანაზე დაწესდება მაღალი ტარიფები, რაც მიზნად ისახავს ავტოპარკის განახლებას და დაძველების პრევენციას.

პროექტის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის განისაზღვრება ძრავის მოცულობის 1 კბ.სმ-ზე 1.5 ლარის ოდენობით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი განისაზღვრება 1 კბ.სმ-ზე 4.5 ლარის ოდენობით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×