
ამერიკა-ისრაელსა და ირანის შორის რამდენიმე კვირაა მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება, რომელსაც დონალდ ტრამპმა თავდაპირველად „მოკლე ექსკურსია" უწოდა, ახლა უკვე რთულ და გაურკვეველ კრიზისად იქცა. თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს კატეგორიულად უარყოფს, მიუხედავად თეთრი სახლის განცხადებებისა, და ომის გაგრძელებას მანამდე აანონსებს, სანამ სრულ კომპენსაციას არ მიიღებს.
აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა, წერს სოცქსელებში ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი: „ყველა ირანელი ოფიციალური პირი უზენაესი ლიდერისა და ხალხის გვერდით დგას. აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა. ყალბ ამბებს ფინანსური და ნავთობის ბაზრების მანიპულირებისთვის იყენებენ და ასევე იმისთვის, რომ თავი დააღწიონ იმ გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც აშშ და ისრაელია გაჭედილი."
მანამდე პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მეტიც, მხარეები „შეთანხმების მნიშვნელოვან პუნქტებზე" შეჯერდნენ.
„როგორც ჩანს, ირანული მხარე ჯერჯერობით კომპრომოსებზე არ ფიქრობს, რაც გვაფიქრებინებს, რომ შეთანხმება ისევ შორსაა. ირანის უზენაესი ლიდერის მოჯტაბა ხამენეის უფროსი მრჩეველი სამხედრო საკითხებში, მოჰსენ რეზაი აცხადებს, რომ ომი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ირანს მიყენებული ზიანი სრულად არ აუნაზღაურდება," - წერს სიენენი.
მრჩეველი განაგრძობს, რომ ირანი იბრძოლებს მანამ, ვიდრე მის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას არ მოხსნიან და სანამ ქვეყანა არ მიიღებს იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო გარანტიებს, რომელიც მის საქმეებში აშშ-ის ჩარევის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.
ამასობაში კი, ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა. ბიბისის ცნობით, ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი აზიის ბაზარზე 3.75%-ით, 103.69 დოლარამდე გაიზარდა. თუმცა მოგვიანებით 10%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს გადადებს.
სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ფიქრობს, რომ ირანის ომში ამერიკისა და ისრაელის ინტერესები ერთმანეთისგან განსხვავდება.
„ტრამპი რას ელოდა, ვფიქრობ, მან თვითონაც არ იცის, და ვერც ეცოდინებოდა, რადგან ომი რამდენ ხანს გაგრძელდება ან რა მასშტაბს მიიღებს, ამის განსაზღვრა რთულია. ამის მაგალითი გვაქვს რუსეთ-უკრაინის მე-5 წელში გადასული ომი. დაახლოებით, იგივე სცენარი იკვეთება აქაც.
„ამერიკელების და ისრაელის ინტერესები აქ მხრივ განსხვავებულია, რადგან შესაძლოა ტრამპს კი სურს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს საბრძოლო მოქმედებები, მოთუმეტეს, როგორც ახსენეთ, შუალედური არჩევნები მოდის ამერიკაში, სადაც ამომრჩეველმა, ბენზინის გაძვირების გამო, დიდი შანსია, დემოკრატებს დაუჭიროს მხარი," - განაცხადა ალადაშვილმა.
- ირაკლი ალადაშვილი: „ისრაელის ინტერესშია, რაც შეიძლება მეტს ხანს გაგრძელდეს ეს საბრძოლო მოქმედება, რათა მეტი ზიანი მიაყენონ ირანს. ტრამპს კი არანაირად არ აწყობს, რომ ეს ომი დიდ ხანს გაგრძელდეს"
(შუალედური არჩევნები ამერიკაში ნოემბერში ტარდება, სადაც ირჩევენ კონგრესს სრულად, სენატის მესამედს, გუბერნატორების ორ მესამედს და ასევე ადგილობრივ პროკურორებს. თუ დემოკრატებმა ეს არჩევნები მოიგეს, ტრამპს დარჩენილ ვადაში მართვა მნიშვნელოვნად გაუჭირდება.)
კითხვაზე, რა სურს ამ შემთხვევაში ისრაელს, ალადაშვილო გვპასუხობს:
„ისრაელის ინტერესშია, რაც შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს ეს საბრძოლო მოქმედება, რათა მეტი ზიანი და დარტყმები მიაყენონ ირანს. იქ თვლიან, რომ ახლა არის ერთგვარი შესაძლებლობების ფანჯარა, სანამ ტრამპი არ გადაიფიქრებს. ისიც ცხადია, ტრამპს ამ ომიდან გამოსვლა სურს."
ამბობს, რომ ტრამპისთვის მთავარი პიარია, თუმცა ირანის შემთხვევაში ეს არ გამოუვიდა.
„ტრამპისთვის, უკვე ყველა მივხვდით, მთავარი არის პიარი, რითაც ის ძალიან ჰგავს ბევრ, ჩვენთვის კარგაფ ნაცნობ ზოგიერთ პრეზიდენტს. იგივე იყო, როცა ვენესუელოს პრეზიდენტი მოიტაცეს. ახლაც ეგონა, რომ აითოლების რეჟიმს ასე მარტივად ჩამოაგდებდა, მაგრამ ფაქტია, ეს არ გამოუვიდა. ტრამპს არანაირად არ აწყობს, რომ ეს ომი დიდ ხანს გაგრძელდეს, მითუმეტეს, ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილი იყოს და შესაბამისად, ნავთობის მსოფლიო ფასები ავარდეს. ამიტომ, ახლა ყველანაირად ცდილობს, რომ თან ამ ომიდან ღირსეულად გამოვიდეს და თან იძახოს, რომ გამორჩეულია. მაგრამ ასე მარტივად ეს ყველაფერი არ გამოვა, რადგან იმ ომის ჭაობში შეტოპვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია," - უთხრა „რეზონანსს" ირაკლი ალადაშვილმა.