თამთა ჩაჩანიძე
24.03.2026

გაზაფხულზე საქართველოში პოლიტიკური პროცესი ტრადიციულად აქტიურდება - ქუჩაში პროტესტი, ოპოზიციის გააქტიურებული კამპანიები და ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯები ქმნის უფრო აქტიურ, თუმცა დაძაბულ პოლიტიკურ ფონს. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ საქართველოში მართლაც არის პოლიტიკის სეზონურობა, ამ მხრივ გაზაფხული განსაკუთრებით აქტიურია და არც ეს წელი იქნება გამონაკლისი.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" პროგნოზირებს, რომ ოპოზიცია იგივე პოლიტიკას გააგრძელებს, რაც აქამდე ჰქონდა. მათ შორის აქციებსაც დაგეგმავს.

„საქართველოში მართლაც არის პოლიტიკური სეზონურობა. გაზაფხული მართლაც ის დროა, როცა აქტიურობა იწყება. ანტიეროვნული ძალები ანტიეროვნულებად დარჩებიან, ლოზუნგების და მოთხოვნების შეცვლა არ შეუძლიათ. იგივე თუნდაც ელენე ხოშტარიას განაჩენის გამო რა ატეხეს. ისინი ნებისმიერ საბაბს გამოიყენებენ, რომ ხელისუფლებას დააბრალონ, თითქოს ის არის კრემლის მარიონეტი. აქციებსაც დაგეგმავენ, თუმცა შეიძლება მალე არა, მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნდებიან, რომ რაღაც მასა გამოვა.

„ვფიქრობ, გაგრძელდება მოთხოვნები რიგგარეშე არჩევნებზე და „პოლიტპატიმრების" გათავსუფლებაზე, რადგან სხვა არაფერი არ აქვთ. ალიანსს რაც შეეხება, ეს ერთობა თავიდანვე განწირული იყო. მაშინვე იყო დაპირისპირება, ურთიერთბრალდებები. "

  • პეტრე მამრაძე: „საქართველოში მართლაც არის პოლიტიკური სეზონურობა. გაზაფხული მართლაც ის დროა, როცა აქტიურობა იწყება. ანტიეროვნული ძალები ანტიეროვნულებად დარჩებიან, ლოზუნგების და მოთხოვნების შეცვლა არ შეუძლიათ"

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს კი მიაჩნია, რომ ოპიზიციის მხრიდან ერთობა შენარჩუნებული იქნება.

„ერთობა შენარჩუნდება, ერთობლივი ღონისძიებები აუცილებლად ჩატარდება, თუნდაც ახლა ელენე ხოშტარიას სოლიდარობის მიზნით და არა მარტო. გაგრძელდება დასავლელ პარტიორებთან თანამშრომლობა, ასევე, ვფიქრობ, აქციაც დაიგეგმება, მით უმეტეს 9 აპრილი და 26 მაისი ახლოვდება. დიდი ალბათობით, აქცია აპრილში ჩატარდება. თუმცა, აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის წარმართვა. ხალხი კი გამოვა, მაგრამ მთავარია, კონკრეტული გეგმები უნდა დაისახოს," - უთხრა ჩიტაძემ „რეზონანსს".

ხელისუფლების პოლიტიკური გაზაფხული

პეტრე მამრაძე გვეუბნება, რომ ხელისუფლება ახალ არჩევნებზე არ წავა, თუმცა მოსალოდნელია პატიმრების ნაწილის გათავისუფლება.

„ხელისუფლება გააგრძელებს კანონის უზენაესობის აღსრულების გზას, როგორც ეს ხოშტარიას შემთხვევაში იყო - რაც კანონში ეწერა, ის აღსრულდა, ყველა შემთხევაში ამას ეცდებიან. მას შემდეგ, რაც განაჩენი ძალაში შედის, მას შემდგ, რაც ყველა ინსტანცია გავლილია, პრეზიდენტს უფლება აქვს ადამიანი შეიწყალოს, თუ რა თქმა უნდა ამ ადამიანის მიმართ კიდევ სხვა გამოძიება არაა წარმოებული. ის, რომ ნაწილს ადრე თუ გვიან რაღაც ამნისტია შეეხოს, ვისაც რამე მძიმე არ აქვს ჩადენილი, ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ გვახსოვს ეს პროტესტები, თუ პოლიციელებს როგორ წვავდნენ პირდაპირი დამიზნებით და შუშებს ამტვრევდნენ პარლამენტში. თუ ეს ადამიანები არიან დაპატიმრებულები, კი უნდა მოიხადონ სასჯელი ბარბაროსულ, ვანდალურ დანაშაულზე.

„ხელისუფლება არავითარ რიგგარეშე არჩევნებ არ დაგეგმავს. ეს საერთოდ მითია, რომელიც საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში სუფევს. „ოცნება" არც არსებობდა, როცა ყოველი არჩევნების შემდეგ, 2-3 თვეში იწყებოდა ლაპარაკი ახალ არჩევნებზე.

„არჩევნები ცხადია არ იქნება, მაგრამ საქმე თავზესაყრელია, რადგან ნეიტრალური საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს გადარჩენისთვის აუცილებელია. ასეთ პოლიტიკურ სიტუაციაში, როცა მსოფლიო სისტემა იმსხვრევა, ეს პოლიტიკა სწორია, ეს ფილიგრანულ მუშაობას მოითხოვს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეკონიმური მდგენელი, ნავთობის ფასის ზრდა ვნახეთ და ლაპარაკია იმაზე, რომ თუ ჰორმუზის სრუტით მსოფლიომ ვერ ისარგებლა, შეიძლება ნახევარ წელში მსფოლიო მასშტაბით შიმშილობა დაიწყოს. ამ პერიოდში ხელისუფლებას დიდი პროფესიონალიზმისა და სიფრთხილის გამოჩენა მართებს."

  • ნიკა ჩიტაძე: „ოპოზიცია ერთობას შეინარჩუნებს, ერთობლივი ღონისძიებები აუცილებლად ჩატარდება, თუნდაც როგორც ახლა, ელენე ხოშტარიას სოლიდარობის მიზნით და არა მარტო. "

ნიკა ჩიტაძე გვეუბნება, რომ ხელისუფლება ჯერჯერობით დათმობაზე არ წავა, სანამ ზეწოლას არ იგრძნობს რეალური სანქციების კუთხით.

„ხელისუფლება ჯერჯერობით დათმობაზე არ წავა, სანამ რეალური სანქციები არ იქნება. ამ ეტაპზე არც არჩევნებს დათანხმდება და არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ხელისუფლება სარგებლობს იმით, რომ ევროკავშირში კონსენსუსი არაა, ასევე აშშ ირანზეა გადართული და ჯერ ამ პირობებში დათმობებზე არ წავა.

„მოგვიანებით, თუნდაც ოპოზიციის აქტიურობით და დასავლეთიდან ზეწოლის გაძლიერებით, იგივე ბრიტანეთიდან დამატებითი სანქციებით, შეიძლება რაღაც დათმობაზე წავიდეს. მით უმეტეს 12 აპრილს უნგრეთში არჩევნებია და თუ ორბანმა წააგო, შეიძლება ევროკავშირისგან დამატებითი სანქციები დაწესდეს. ახლა ასეთი პოლიტიკა ქვთ, რომ თუ ზეწოლას გააგრძელებთ, ჩვენ ახალ პოლიტპატიმრებს შემოგთავაზებთო, მაგრამ როცა სანქციები დაუწესდებათ, იძულებულები იქნებიან დათმობაზე წავიდნენ."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×