ნატალია ჯვარიძე
24.03.2026

საქალაქო სასამართლომ „დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. პოლიტიკური განცხადებები უკვე კეთდება - ოპოზიცია უსამართლო გადაწყვეტილებას უწოდებს და აღნიშნავენ, რომ ოთხი შვილის დედა ამ მიზეზით ციხეში არ უნდა იჯდეს. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ხოშტარიას შანსი ჰქონდა, მაგრამ არ გამოიყენა.

თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. ის ციხეს 1 წელში დატოვებს.

  • თენგიზ შარმანაშვილი: „ჯარიმა ვერ დააკისრესო? როგორ დაეკისრებინა ჯარიმა, რომელიც ამბობს, რომ არაფერს ინანიებს და რომ გამოვა, კაცმა არ იცის, რას გააკეთებს"

პარლამენტის თამჯომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, „ელენე ხოშტარია ციხეში ერთადერთი მიზეზის გამოა, გირაო არ გადაიხადა. ისევე, როგორც თავის დროზე ნიკა მელიამ არ გადაიხადა გირაო. გახსოვთ, მაშინ საქართველო თავდასხმების როგორი ობიექტი იყო. ნიკა მელიამ ეს ყველაფერი სტრასბურგში წაიღო და საქართველოს წინააღმდეგ დამარცხდა. უთხრეს, რომ კანონებს უნდა დაემორჩილოს."

„ოცნების" წევრის თენგიზ შარმანაშვილის თქმით, პირობითი სასჯელის გამოყენებისთვის კანონი ერთ პირობას აწესებს, დანაშაული უნდა აღიარო.

„თუ ეს გზა თავად აირჩია, ჩვენ თავი დაგვანებოს. ხომ არის წამებული რაინდი, ჰოდა როგორმე წელიწად-ნახევარი აიტანოს. სახელმწიფომ რომც მოინდომოს, ვერანაირი გამოძიება და სასამართლო ნაბიჯს ვერ გადადგამს, თუ თავად იმ ადამიანს არ სურს. ეს ყველაფერი თავად აირჩია და რა ვთქვა? ადამიანი ამბობს, გარეთ რომ გამოვალ, დანაშაულებრივ საქმიანობას გავაგრძელებო... ეს მისი არჩევანია. როგორც კი ვინმეს სიტყვა დაცდებოდა, რომ შუამდგომლობა დაეყენებინა, ციხიდან არზებს აგზავნიდა, ჩემი გათავისუფლებისთვის რაიმეს გაკეთება არ გაბედოთო.

„ჯარიმა ვერ დააკისრესო? როგორ დაეკისრებინა ჯარიმა, რომელიც ამბობს, რომ არაფერს ინანიებს და რომ გამოვა, კაცმა არ იცის, რას გააკეთებს. არავითარი პოლიტპატიმარი არ არის და სასჯელს მოიხდის, რომელიც უნდოდა, რომ მოეხადა. ქალი რომ არის და ოთხი შვილის დედა, თვითონ იცის? როცა რაღაცას აკეთებს, თავად დაფიქრდა, რომ ოთხი შვილის დედა და ქალია? მოუწოდეს, ქალი ხარ და ოთხი შვილის დედა, ციხეში შენი ადგილი არ არის, თუ გირაოს გადაიხდიო, უპასუხა, არ მინდაო. პირობით სასჯელს ვერ გამოიყენებ, თუ დანაშაულს არ აღიარებს."

  • გიორგი ვაშაძე: „ამ უსამართლობამ მხოლოდ ელენეს არ მიაკითხა - ის დღეს საზოგადოების ყველა ნაწილში აღწევს: ზოგს პატიმრობით შეეხო, ზოგს ჯარიმებით, ზოგს სამსახურიდან გათავისუფლებით, ზოგსაც ქვეყნიდან წასვლის იძულებით"

ოპოზოციაში კი ამბობენ, რომ უსამადთლობაა, როცა 4 შვილის დედას წელიწადნახევრით საპატიმროში გაუშვებ.

„ამ უსამართლობამ მხოლოდ ელენეს არ მიაკითხა - ის დღეს საზოგადოების ყველა ნაწილში აღწევს: ზოგს პატიმრობით შეეხო, ზოგს ჯარიმებით, ზოგს სამსახურიდან გათავისუფლებით, ზოგსაც ქვეყნიდან წასვლის იძულებით. ამ უსამართლობის წინააღმდეგ ერთადერთი გზა კონსოლიდაცია და ერთად დგომაა. ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს ამ მძიმე განსაცდელიდან გამოიყვანს. ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ერს ვერ დაუპირისპირდება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ამ უსამართლობის წყაროა" - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტში „გახარია-საქართველოსთვის" დეპუტატის, ვიკა ფილფანის თქმით, „ ოცნებამ" ვერ გაუძლო იმ ერთობას და სიყვარულს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში არსებობს.

„მაშინ როცა ერთი კვირის განმავლობაში ვუყურებდით გაერთიანებულ საქართველოს და, თითქოს, ყველა შევთანხმდით, რომ ერთიანობა ჭირსა თუ ლხინში, ყველაზე მეტად უხდება და ალამაზებს ჩვენს ქვეყანას, „ქოცებმა" ვერ აიტანეს, ვერ გაუძლეს ამ ერთობას და სიყვარულს! საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო 1 წლით და 6 თვით ციხეში გაუშვეს 4 შვილის დედა! საარჩევნო დროებით ბანერზე წარწერის გაკეთების გამო!ეს იმის ფონზე, როცა თავი ეროვნულებად მოაქვთ! ეს იმის ფონზე როცა მკვლელებს და პედოფილებს გირაოთი უშვებენ ციხიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×