
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი განსაკუთრებით ბოლო ორ წელში უცხო ქვეყნის არალეგალ მოქალაქეებს ინტენსიურად აძევებს. 2025 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2026-ში კი უკვე 806 იმიგრანტმა დატოვა ქვეყანა. სტატისტიკის მიხედვით, ესენი ძირითადად თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის და რუსეთის მოქალაქეები არიან.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის რუსეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, იორდანიის, მაროკოს, ბანგლადეშის, მიანმარის, მოლდოვას, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, პაკისტანის, ბელორუსის,
ეგვიპტის, ლიბანის, ნეპალის, სუდანისა და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 105 მოქალაქე.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 806 მოქალაქის გაძევება განახორციელეს.
- ავთო სულაბერიძე: „2012-იდან 2023-მდე საქართველოში შემოვიდა 1,2 მილიონი იმიგრანტი, რომელთა 67% ქრისტიანული ქვეყნებიდანაა: რუსეთი, უკრაინა, სომხეთი. ხოლო 33% მუსლიმები და ინდუისტები არიან"
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
ამასთან, 2025 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა- დაახლოებით 1,100 - 1,300 უცხოელი გააძევეს. წინა წლებთან შედარებით მიგრანტთა გაძევების რაოდენობის მკვეთრი ზრდაა. მაგალითად 2023 წელს 190 ადამიანმა დატოვა ქვეყანა.
დემოგრაფის ავთო სულაბერიძის განცხადებით, 2012-2023 წლებში საქართველოში მილიონზე მეტი იმიგრანტი შემოვიდა.
„საზღვრის დაცვის დეპარტამენტს აქვს ბევრი ინფორმაცია, ვინ შემოდის ქვეყანაში, ვინ გადის და ა.შ. ჩვენი გაანგარიშებით, 2012-იდან 2023-მდე საქართველოში შემოვიდა 1,2 მილიონი იმიგრანტი, რომელთა 67% ქრისტიანული ქვეყნებიდანაა: რუსეთი, უკრაინა, სომხეთი. ხოლო 33% მუსლიმები და ინდუისტები არიან. აქედან რამდენი დატოვეს და რამდენი გაიყვანეს, ჩვენ წვდომა არ გვაქვს", - განაცხადა ავთო სულაბერიძემ „რეზონანსთან".