რეზონანსი
20.03.2026

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე განმარტავს, ილია მეორის დაკრძალვის დღეს რა ზომები იქნება მიღებული სამების ტაძრის ტერიტორიაზე და რა სახის შეზღუდვები იმოქმედებს.

მისივე თქმით, მობილიზებული იქნებიან საპოლიციო და თავდაცვის ძალები, რომლებიც მოსახლეობას მსვლელობის დროს დაეხმარებიან.

„მრევლისთვის იქნება სივრცის გარკვეული ნაწილი, სადაც ალბათ შევძლებთ, შეზღუდული რაოდენობა შემოვიდეს. სავარაუდოდ ამის ხელით მართვა მოგვიწევს. ყველა სივრცე როცა შეივსება, შევეცდებით, მოსახლეობას ავუხსნათ, რომ მეტი ადგილი არ არის. მოგეხსენებათ, ჩამოდის მსოფლიოს პატრიარქი და მან უნდა ჩაატაროს წირვა. შესაბამისად, წირვის პერიოდში აღარ იქნება მსვლელობა შიგნით. ადგილზე მობილიზებული იქნებიან საპოლიციო და თავდაცვის ძალები, რომლებიც მოსახლეობას მსვლელობაში შეუწყობენ ხელს. სამებაში ძირითადად შეიზღუდება შუა ნაწილი, საიდანაც წირვის დასრულების შემდეგ მოხდება პატრიარქის გამოსვენება. გვერდითა ნაწილები იქნება თავისუფალი და საზოგადოებას ექნება საშუალება, პატრიარქის გასვენებისას გვერდითა პოზიციები დაიკავონ. შემდგომში კი ნელ-ნელა გამოყვნენ უკან მსვლელობას“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

ამასთან, ანზორ ჩუბინიძის ინფორმაციით, ილია მეორის დაკრძალვის დღეს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.

„ვიცი, რომ სიონის ტაძარი იქნება დაკეტილი და მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. არც მოქალაქეები, არც ქვეყნის მთავრობა არ იქნება. შემუშავებულია გეგმა და საბოლოო დეტალებს გავდივართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. სადღაც გზები გადაიკეტება, რა ადგილამდეც მოქალაქეები თავისუფლად მივლენ და სადღაც – შეიზღუდება. დღეს იყო კომისიის სხდომა, ვმსჯელობთ, რამდენი სტუმარი იქნება და მსგავს დეტალებს გავდივართ. ხვალ, შუადღისთვის გვეცოდინება, რამდენი სტუმარი იქნება“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში  დაკრძალავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×