
აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში უპრეცედენტო სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაციის დროს დაშავდა 68 წლის ქალი, რომელიც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო გადაყვანილი.
გარდა ამისა, როგორც ადგილობრივი აცხადებს, ძმებმა ჯაყელებმა, დაკავებამდე თვითდაზიანება მიიყენეს. როგორც დაკავებულების დედა ამბობს დაზიანება ბიჭებმა იმის გამო მიიყენეს, რომ "შეეშინდათ, პოლიციას არაფერი ჩაედო".
"ჩემი შვილები არიან დაკავებულები, უჩა და ბაჩანა ჯაყელები, ასევე მათი მეგობარი ხვიჩა დუმბაძე. ვფიქრობდით ან იარაღს ან წამალს ჩაუდებდნენ. ბიჭები შეშინდნენ. ორივეს ყელი აქვს გადაჭრილი. ხელზე ჭრილობები აქვთ მიყენებული. რის გამო? არ გვპასუხობენ, რომ ავიყვანთ, მერე გეტყვითო. ჯერ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ. ეს იმის გამო, რომ ეშინოდათ, რომ არაფერი ჩაგვიდონო.
ამბობენ, ესენი იყვნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებიო. ჩემი შვილები არც კრიმინალები ყოფილან და არც "ქურდები". მათ არც ქურდობა სდომებიათ. რადგან ნათლია ჰყავთ თენგო თავდგირიძე (სავარაუდოდ ქურდული სამყაროს წარმომადგენელი), მას ელაპარაკებოდნენ ხოლმე" - ამბობს დაკავებული ძმების დედა ეთერ თურმანიძე.
ბათუმში, სპეცოპერაციისას ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეებიც დააკავეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ რეზო წულუკიძის მეუღლემ დაუდასტურა.
"რეზო იყო ფირუზთან ერთად, შევარდნენ და დააკავეს. აბუსერიძის ქუჩაზე იყო სპეცოპერაცია. სპეცრაზმით იყო ეზო სავსე. სახლში არ შეგვიშვეს. რომ ჩამოიყვანეს ბიჭები, ვკითხეთ იქ პოლიციელებს, რატომ იჭერთ-მეთქი და ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით არიან დაკავებულიო. აბსურდია. რეზო და ფირუზი, პირიქით, მაგ სამყაროს ებრძვიან. ასევე დაკავებულია ელდარ ანთაძე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნარი ფუტკარაძემ.
ჯერჯერობით ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია შსს-ს არ გაუვრცელებია.
ambebi.ge