რეზონანსი
14.03.2026

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. საქმე ეხება დუშეთში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ორმა პირმა ადამიანი მეუღლის თანდასწრებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულს მეუღლის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. ასევე, ბრალდებულებმა საფრთხე შეუქმნეს შემთხვევის ადგილზე მყოფი გარდაცვლილის მეუღლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ბ“, „ი“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკითა და არაერთგზის) დაუსწრებლად წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×