თამთა ჩაჩანიძე
13.03.2026

„მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიში და ამის ფონზე, „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის გეგმებისა და პროტესტის პერსპექტივა, აშშ-ევროკავშირთან ურთიერთობა და ვითარება ახლო აღმოსავლეთში - ეს იმ თემების ჩამონათვალია, რაზედაც ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან" ისაუბრა.

ამბობს, რომ „ოცნების" მხრიდან იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც „მოსკოვის მექანიზმის" დასკვნაშია მოცემული, უკანდახევას ნიშნავს, მეტიც, „პოლიტიკიდან წასვლას უდრის".

„თუ არ ვცდები, ამ რეკომენდაციებზე მინიმუმ ქვეყნების უმრავლესობას არ მოუწერია ხელი. მეორე, ეს რეკომენდაციებია და არაფრის ვალდებულებას არ იძლევა, და მესამე, თვითონ ორგანიზაცია არაა დიდად ეფექტური. იუგოსლავიის დაშლის დროს რაღაც პროცესებში იყო ჩართული ადამიანების უფლებების ხაზით, იქაც გარკვეული რეკომენდაციები აქვს გამოტანილი, მაგრამ, როგორც ჩანს, არც იქ მიუქცევია დიდი ყურადღება და სხვა უფრო სერიოზულ პროცესებში მისი ნაკვალევი არ ჩანს. შესაბამისად, არც ორგანიზაცია არაა დიდი პოლიტიკური ავტორიტეტის.

„ასეთი არაერთი რეკომენდაცია მოგვისმენია, მათ შორის ევროპარლამენტისგან, რომელიც უფრო სერიოზული ორგანიზაციაა და „ოცნებამ" ამას სერიოზული რეაქცია არ მისცა და სწორედაც ქნა, რადგან არ შეიძლება ვინც რამეს შემოგძახებს, ყველაფერს აჰყვე, თორემ შემოგძახებენ ერთი მხრიდანაც და მეორედანაც. კი ბატონო, წავიდეს დავა ჰააგის სასამართლოში, აგერ პუტინს ჰააგის სასამართლოში განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ გაჩერდა? არც ჰააგის სასამართლო არაა ისეთი რამ, რომ იძულებითი ხასიათი ჰქონდეს.

„ამ ყველაფრის მიზანი კი ისაა, რომ წავიდეს „ოცნება" და „ნაცმოძრაობა" მოვიდეს, თან არჩევნების გარეშე. „ოცნება" რატომ უნდა წავიდეს, არჩევნებში არ წაუგია, გაყალბების არანაირი სერიოზული არგუმეტი არაა და მარტო იმიტომ, რომ უცხოელებმა დაუძახეს და წავიდეს, ეს საკუთარი ამომრჩეველების იმედგაცრუებაა. ეს პოლიტიკიდან წასვლას უდრის თავი რომ დავანებოთ იმას, „ნაციონალები" რომ მოვლენ, ამ ადამიანებთან ანგარიშსწორებას დაიწყებს, ამას ისედაც ჰპირდებიან. ასე, რომ „ოცნებას" გამოსავალიც არ აქვს, მან შეძლებისდაგვარად ძალაუფლება უნდა შეინარჩუნოს, თუ ენმ მოვიდა, „ოცნებას" ფიზიკურად გაუსწორდება",-განაცხადა საყვარელიძემ.

  • რამაზ საყვარელიძე: "არ მგონია, რომ ოპოზიციას „მოსკოვის მექანიზმი" უშველის. კი უხარიათ, მაგრამ აქეთაც გადმოვიხედოთ - მოსახლეობა ვის უფრო დაუჯერებს, თავის თავს თუ მსოფლიოს?"

მისი შეფასებით, ამ მოცემულობის ფონზე, ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობის გააქტიურებას "არ ელოდება".

"არ ველოდები, რადგან ასეთი რეკომენდაციები და განცხადებები ადრეც ყოფილა და პროტესტის მუხტი ძალიან არ აწეულა, ერთი-ორი დღე და მერე იშლებოდა",- განაცხადა ანალიტიკოსმა.

კითხვაზე, როგორია ახლა ოპოზიციის პერსპექტივა, საყვარელიძემ გვითხრა:

"არ მგონია, რომ ოპოზიციას „მოსკოვის მექანიზმი" უშველის. კი უხარიათ და ამბობენ, რომ აი მსოფლიომ დაინახა და „ქართულ ოცნებას" სჯისო, მაგრამ აქეთაც გადმოვიხედოთ - საქართველოს მოსახლეობა ვის უფრო დაუჯერებს, თავის თავს თუ მსოფლიოს? ამ მოსახლეობას ეტყობა რამე, რომ მსოფლიოს ჭკუაზე დადიოდეს? არჩევნებით არ ეტყობა. მაშინაც იყო,რომ ევროპელი პოლიტიკოსები მიტინგებში მონაწილეობდნენ, მაგრამ მოსახლეობას "ოცნებას" მისცა ხმა. სტრატეგია, რომ უცხოელები მოვიმხროთ და გავიმარჯვებთ, ეს თავისთავად არასწორია. თუ აქ გამარჯვება გინდა, აქაური ამომრჩეველი უნდა მოიმხრო",- განაცხადა ანალიტიკოსმა.

ანალიტიკოსმა ისაუბრა დასავლეთთან დიალოგის განახლების პერსპექტივაზეც.

„საქართველოს ისტორიაში დასავლეთიდან შეუმჩნევლობის ეტაპი იყო. ეს მაშინ, როცა რუსეთმა აფხაზეთი თავზე დაგვამხო. რუსეთთან კონფლიქტი არ უნდოდათ და ამიტომ საერთოდ რეაქცია არ ჰქონიათ, მერე შევარდნაძე-ალიევმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი აშშ-ში გააგზავნეს, ამერიკამ თქვა აქ ჩვენი ინტერესები არისო. პროექტი ამუშავდა და ამის მერე ევროპამ დაიძახა, რა საინტერესო ქვეყანაა საქართველოო.

„ამით იმის თქმა მინდა, რომ ევროპას თუ დასჭირდი, ყველა ნაბიჯს გადმოდგამს, თუ არ სჭირდები, გაგებუტება კიდეც და საერთოდ არაფრად ჩაგთვლის. დღეს ჯერ ევროპას თავისი თავი ვერ უპოვა, რა დროს საქართველოა.

„რაც შეეხება აშშ-ს, რატომ ვითხოვთ დიალოგის დაწყებას, მსოფლიოში ის მდგომარეობა გვაქვს, რომ ვინმეს ჩვენთან დიალოგი სჭირდებოდეს? ქართული მხარე განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ორ ომში ჩართული ამერიკის პრეზიდენტი საღამოს მელანიასთან რომ მიდის, იმაზე ფიქრობს ახლა საქართველოს რომ დაველაპარაკო, რა უნდა ვუთხრაო. დავიცადოთ, სიტუაცია თვითონ მოვა",- განჯაცხადა მან.

რამაზ საყვარელიძემ დასკვნით ნაწილში ახლო აღმოსავლეთში არსებული საომარი სიტუაცია შეაფასა. მისი თქმით, ირან-ისრაელისა და აშშ-ს ომის არც მალე დასრულებას ელოდება და არც ძალიან დიდხანს გაიწელება.

„ამ ომის ისე ჩქარა დამთავრებას არ ველოდები, როგორც ტრამპს უნდა, მაგრამ არც ისე გაგრძელებას ველოდები, როგორც აიათოლებს უნდათ. სამხედრო საქმეებში მაგდენად ვერ ვერკვევი, მაგრამ ეს ომი რთული საქმე რომაა, ფაქტია. ომის დამთავრება ყოველთვის აუცილებელია.

"აგრეთვე უნდა ველოდოთ აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებებს და იმისდა მიხედვით მათი ურთიერთობა როგორ დალაგდება, მერე გაირკვევა ურთიერთობა ჩვენთანაც",- განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×