მარიამ ვეკუა
13.03.2026

შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული რუსული ნავთობის შეძენის 30-დღიანი შეღავათის გაცემა ვაშინგტონს მოკავშირეებთან რთული დილემის წინ აყენებს: მიუხედავად იმისა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთის დაძაბულობის ფონზე ენერგომატარებლების ფასების სტაბილიზაციას ცდილობს, ევროპელები უკმაყოფილონი არიან და ამბობენ, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის დრო ახლა, ნამდვილად, არ არის.

შეერთებულმა შტატებმა ქვეყნებისთვის 30-დღიანი შეღავათი გასცა, რათა სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინონ. როგორც ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული პროცესების ფონზე, გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.

  • "ახლო აღმოსავლეთის ომი, ისტორიაში ნავთობის მიწოდების ყველაზე დიდ შეფერხებას იწვევს."

უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის ფასმა ბარელზე ხუთშაბათს კვლავ 100 დოლარს გადააჭარბა. ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს საკვანძო საზღვაო მარშრუტის - ჰორმუზის სრუტის - ბლოკირებას, რომლის გავლითაც, ჩვეულებრივ, მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადის.

საინტერესოა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინსიტრაცია დიდი ხანია ცდილობს, ენერგომატარებლების ფასები შეემციროს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ისრაელის ირანზე განხორციელებულმა დარტყმებმა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების პარალიზება გამოიწვია.

32 ქვეყნისგან შემდგარმა საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის ომი, ისტორიაში ნავთობის მიწოდების ყველაზე დიდ შეფერხებას იწვევს.

გაუქმება 11 აპრილამდეა ძალაში

ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ვაშინგტონის მიერ ხუთშაბათს გაცემული ლიცენზია უფლებამოსილებას იმ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებასა და გაყიდვაზე ავრცელებს, რომლებიც გემებზე 12 მარტამდე ან 12 მარტის ჩათვლითაა დატვირთილი და 11 აპრილამდე, ვაშინგტონის დროით შუაღამემდე, იქნება ძალაში.

ეს ნაბიჯი თეთრი სახლის შეშფოთებას ასახავს, რადგან შესაძლოა ნავთობის ფასების ზრდამ აშშ-ის ბიზნესები ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ დააზარალოს, ვკითხულობთ როიტერზის სტატიაში

ბესენტმა „იქსზე" დაწერა, რომ ღონისძიება და „მოკლევადიანია" და რუსეთის მთავრობას მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს.

„ნავთობის ფასების დროებითი ზრდა მოკლევადიანი და დროებითი დარღვევაა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ერისა და ეკონომიკისთვის უზარმაზარ სარგებელს მოიტანს", - განაცხადა ბესენტმა.

მიუხედავად იმისა, რომ სანქციების შემსუბუქება, სავარაუდოდ, მსოფლიო ნავთობის მარაგს გაზრდის, შესაძლებელია დასავლეთის მცდელობებზე, რომ რუსეთს უკრაინაში ომისთვის საჭირო შემოსავლები ჩამოართვას, ნეგატიურად იმოქმედოს და ვაშინგტონი თავის მოკავშირეებთან უფრო დააპირისპიროს.

შეშფოთებული ევროპელები

ევროპელი მოკავშირეები რუსეთის მიმართ სანქციების შემსუბუქებას ეწინააღმდეგებიან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ოთხშაბათს, დიდი შვიდეულის ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, როცა ირანის ომის ნავთობისა და გაზის ბაზრებზე გავლენა განიხილეს, განაცხადა, რომ ახლა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების დრო არ არის.

დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრმა მაიკლ შენკსმა პარასკევს BBC რადიოს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს საერთოდ არ შეარბილებს.

სანქციების შემსუბუქება ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის 9 მარტს გამართული სატელეფონო საუბრისა და შემდგომში დმიტრიევის აშშ-ში ვიზიტის შემდეგ მოხდა, რათა აშშ-ის დელეგაციასთან ერთად მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისი განეხილათ.

„მზარდი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რუსეთის ენერგომომარაგებაზე შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება, ბრიუსელის ზოგიერთი ბიუროკრატის წინააღმდეგობის მიუხედავად, სულ უფრო გარდაუვალი ჩანს,"- დაწერა დმიტრიევმა პარასკევს ტელეგრამზე.

  • თეთრი სახლი: „პრეზიდენტი ყველა ზომას იღებს ფასების შესამცირებლად... და თქვენ მომავალ დღეებში კიდევ უფრო მეტს იხილავთ“,

აშშ-ს განცხადების შემდეგ, ტაილანდის ვიცე-პრემიერმა ფიპატ რატჩაკიტპრაკარნმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსული ნედლი ნავთობის შესაძენად მზად იყო და მოლაპარაკებებისთვის ემზადებოდა.

აშშ-ის ხაზინამ 5 მარტს გამოსცა 30-დღიანი შეღავათი, რომელიც სპეციალურად ინდოეთისთვის იყო განკუთვნილი, რაც ნიუ-დელის ზღვაში გაჭედილი რუსული ნავთობის შეძენის საშუალებას აძლევდა.

რუსეთი, რომლის ენერგეტიკული შემოსავლები წლის პირველ ორ თვეში განახევრდა და რომლის მთავრობაც წელს ბიუჯეტის ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას უკვე განიხილავდა, ნავთობის უფრო მაღალი ფასით ისარგებლებს.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას დაავალა, რომ სპარსეთის ყურეში საზღვაო ვაჭრობისთვის პოლიტიკური რისკების დაზღვევა და ფინანსური გარანტიები უზრუნველყოს, განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებს რეგიონში გემების ესკორტირებაც შეუძლიათ.

თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ჯონსის აქტის სახელით ცნობილი გადაზიდვის წესის დროებით გაუქმებასაც განიხილავს, რათა აშშ-ს პორტებს შორის ენერგიისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების თავისუფლად გადაადგილება უზრუნველყოს, წერს როიტერზი

„პრეზიდენტი ყველა ზომას იღებს ფასების შესამცირებლად... და თქვენ მომავალ დღეებში კიდევ უფრო მეტს იხილავთ", - განუცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ სტივენ მილერმა ხუთშაბათს ფოქს ნიუსს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×