თამთა ჩაჩანიძე
13.03.2026

„მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშში სხვა უამრავ რეკომენდაცია-მოწოდებებთან ერთად წერია, რომ „ქართულმა ოცნებამ" თავი უნდა შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცედურების თვითნებური დაწყებისგან და უკან გაიწვიოს ამჟამინდელი განცხადებები. თავად მმართველი პარტია უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

„საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს და თხოვნით მიმართავს ეუთო-ს და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის ვრცელ პასუხში გაჟღერებული სამართლებრივი არგუმენტები, მიღწევები და დეტალური განმარტებები," - აღნიშნულია ხელისუფლების საპასუხო განცხადებაში.

„მოსკოვის მექანიზმის" მისიის ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებამ თავი „შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცედურების თვითნებური დაწყებისგან და უკან გაიწვიოს ამჟამად განხილული განაცხადები".

„ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმდინარე მცდელობა პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას ემუქრება. მთავრობისგან დამოუკიდებელი მოქმედი სუბიექტების მიმართ მტრული განწყობის ატმოსფერო კიდევ უფრო მძაფრდება პრაქტიკულად უკონტროლო ძალადობის ფაქტებით, რომლებსაც ჩადიან დაუდგენელი ვინაობის მამაკაცთა ჯგუფები, რომლებიც ხშირად საჯარო სივრცეებში დღისით და აშკარა დაუსჯელობით ესხმიან თავს ხელისუფლების კრიტიკოსებს. ამ ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთავრობასთან დაახლოებული პირების მხრიდან გამოყენებულ სასტიკ და სტიგმატიზებულ რიტორიკას. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული შეშფოთება სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებასთან დაკავშირებით იმ პირების შემთხვევაში, რომლებიც სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ ექცევიან რაიმე ფორმით განსხვავებული აზრის გამო",- ვკითხულობთ დასკვნაში.

ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელს არ გაიწვევს, რადგან ეს მისთვის უკანდახევად ჩაითვლება და დამაზიანებელი იქნება.

„მე მგონი, (განცხადებებს) არ გამოიტანს, საკუთარ ამომრჩეველთან მოუწევს ახსნა-განმარტება, მაშინ ეს რისთვის იყო საჭირო. პარტიების აკრძალვის სარჩელს, წინ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა უძღვოდა და ხომ გაჩნდება კითხვა, ამ ყველაფრის რა საჭიროება იყო, თუკი უკან დაატრიალებენ, გამოიტანენ სარჩელს და ამ რეკომენდაციებს დაემორჩილებიან? ამიტომაც ეს „ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკურად და რეპუტაციულად წამგებიანი ნაბიჯი გამოვიდოდა."

კითხვაზე, მაშინ რა არის მოსალოდნელი, თუ „ოცნება" არ გადადგამს იმ ნაბიჯებს, რაც ამ მექანიზმის ფარგლებშია გათვალისწინებული, ანჯაფარიძემ გვითხრა:

„საქართველოსა და ევროსტრუქტურებს შორის კატა-თაგვობანას თამაში გაგრძელდება. ვიქნებით იმ მდგომარეობაში, რომელსიც ახლა ვართ, მაგრამ ვინ გამოვა გამარჯვებული, ეს უკვე ცალკე თემაა, რადგან ის რეზოლუცია, რაც ევროპარლამენტმა მიიღო, დოკუმენტი, რაც „მოსკოვის მექანიზმის" მოხსენების საფუძველზე შეიქმნა და თუნდაც იმ ვაიმარის სამკუთხედის მინისტრების განცხადება, ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიმღებებში უფრო მკაცრი სასჯელის ნიადაგი შეამზადონ და ხელისუფლების პოზიციები შეასუსტონ, რათა პროტესტის განცდა გაჩნდეს და ქუჩაში მეტი ხალხი გამოვიდეს.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „არსებულ ვითარებაში, როცა ასე გამწვავებულია დაპირისპირება ოპოზიციასა და მის მხარდამჭერ გარე ძალებთან, „ოცნება" ალბათ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დაიხევს უკან"

„ამ ყველაფერს ტალღების ეფექტი აქვს, ერთი ტალღა ჩაივლის, ხედავენ, რომ შედეგი არ მოიტანა, მეორე ტალღა წამოვა. მეორეც თუ შედეგს არ მოიტანს, მესამე მოდის და ა.შ. ეს უკვე ბრძოლაა გაძლებაზე - ვინ, როგორ და რანაირად გაუძლებს. ეს პროცესი არ გაჩერდება, ვიდრე ისინი თავისას არ მიაღწევენ. „ქართულმა ოცნებამ" ალბათ იმაზე უნდა იფიქროს, ასეთ პირობებში რა რესურსები აქვს იმისათვის, რომ ამ ზეწოლას გაუძლოს, რადგან რაღაც ეტაპზე მათ ამ დასჯის მექანიზმები ამოეწურებათ. სადამდე უნდა წავიდნენ, ომს ხომ არ დაუწყებენ საქართველოს ირანის მსგავსად? შესაბამისად, ეს პროცესი სადღაც უნდა გაჩერდეს და შემდეგ დიალოგის რეჟიმში უნდა გადავიდეს.

„თუ „მოსკოვის მექანიზმი" სამართლებრივ ჩარჩოში გადავიდა, „ოცნებას" ერთადერთი რაც შეუძლია გააკეთოს ისაა, რომ სასამართლოში საკუთარი არგუმენტი წარადგინოს. ამის თაობაზე გაცხადდა კიდეც, რომ ჩვენ ჩვენი არგუმენტი გვაქვს და სასამართლოში წასვლის არ გვეშინიაო. ყოველ შემთხვევაში, მათი განცხადებებიდან მე ასეთი შინაარსი გამოვიტანე.

„მართალია„ოცნებამ" თავისი მმართველობის პირობებში არაერთხელ აჩვენა, რომ შეუძლია გონივრულ კომპრომისებზე წასვლა, ზოგჯერ უკანდახევა და არაპოპულარულ გადაწყვეტილების მიღებაც, მაგრამ არსებულ ვითარებაში, როცა ასე გამწვავებულია დაპირისპირება ოპოზიციასა და მის მხარდამჭერ გარე ძალებთან, „ოცნება" ალბათ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დაიხევს უკან და ისიც მხოლოდ ცალკეულ საკითხებზე და არა ყველაზე, რასაც ეს დოკუმენტი ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×