ნატალია ჯვარიძე
13.03.2026

ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიშით ოპოზიციური ფლანგი ძალიან გახარებულია. უფრო მეტიც, იმედი აქვთ, რომ „საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით ივანიშვილს მშვიდობიანად მოიშორებენ და ქვეყანას დაიბრუნებენ". როგორც ამბობენ, საქართველოში ბოროტება, რასაც „ქართული ოცნება" ჰქვია, უნდა დასრულდეს. რას უფუძნება მათი იმედები და რამდენად შეესაბამება რეალობას, ანალიტიკოსთა მოსაზრებები განსხვავებულია.

როგორც „ოპოზიციური ალიანსის" განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების" მიმართ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია და ახლა საჭიროა ქვეყნის მშვიდობიანი გადაბარება.

„დღეს ეუთო-ს სპეციალური საგამოძიებო მექანიზმის დასკვნამ ივანიშვილის რუსული რეჟიმი ადამიანების წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, არჩევნების მიტაცებაში, პოლიტიკური მოტივით ადამიანების უკანონოდ დაპატიმრებაში, რეპრესიული კანონების მიღებაში, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ავტოკრატიულ ანგარიშსწორებაში ამხილა. ეს არის უმძიმესი განაჩენი ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების უმძიმეს, სისტემურ დარღვევებს რეჟიმის მხრიდან.

„დასკვნა, ერთი მხრივ, მოუწოდებს რეჟიმს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. ხაზგასმით არის მოწოდება პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ასევე, ეს ანგარიში მოუწოდებს რეჟიმს, რომ პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, რომელიც დამნაშავეა ქართველი ხალხის წინაშე და რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა, მათ შორის, ამ გამზირზე, სადაც ადამიანები ერთ წელზე მეტია, იკრიბებიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტის, ევროპული, დემოკრატიული ნორმალური მომავლის დასაცავად.

„ყველაზე მნიშვნელოვანი მოწოდება არის წევრ სახელმწიფოებზე, რომ აამოქმედონ საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტრუმენტები, მათ შორის, მიმართონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ჰააგის ტრიბუნალი) ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ იმიტომ, რომ მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი, რომ დიქტატორი ივანიშვილი საკუთარ ხალხს ქიმიური იარაღით წამლავს. ასევე, სახელმწიფოებმა გამოიყენონ ე.წ. უნივერსალური იურისდიქცია, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ წევრ სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია უნივერსალური იურისდიქციის უფლებამოსილება, გამოიძიოს აღნიშნული დანაშაულები და დასაჯოს ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობას იღებდა ამაში.

„რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია, ქართველი ხალხის მხრიდან რეჟიმის წინააღმდეგ განაჩენი გამოტანილია და ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით ეს განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა", - ნათქვამია „ოპოზიციური ალიანსის" განცხადებაში.

  • ედიშერ გვენეტაძე: „როგორც ბაბუაჩემს აქვს იმ ქვეყნიდან აქ დაბრუნების შანსი, ისე ბოკუჩავებს აქვთ რაიმე შანსი. მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო, ამათზეა ნათქვამი. ეუთოს წევრი 57 სახელმწიფოდან 32-მა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას."

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს: „ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს. ვისაც ეკარება, ყველას წოვს სისხლს და ყველას აქცევს ვამპირად. ვამპირს ეშინია დღის სინათლის და მზის შუქის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს იმისთვის, რომ ეს ბოროტება დამთავრდეს".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის მოლოდინები სინამდვილეს არ შეესაბამება.

„როგორც ბაბუაჩემს აქვს იმ ქვეყნიდან აქ დაბრუნების შანსი, ისე ბოკუჩავებს აქვთ რაიმე შანსი. მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო, ამათზეა ნათქვამი. გაირკვა, რომ ეუთოს წევრი 57 სახელმწიფოდან 32-მა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას. თუმცა სინამდვილეში ქართველმა ხალხმა იცის, რა ხდება საქართველოში. ამიტომ ამათმა წერონ და იკითხონ ეს რეზოლუციები. რასაც ესენი ლაპარაკობენ, ყველაფერი სისულელეა. ძაანაც უნდათ ძალაუფლება, მაგრამ ყველაფერი რომ ჩაწყნარდება, სადაც საჭიროა თავს იქ ამოყოფენ", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნვერსიტეტის პროფესორს, ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ ნელ-ნელა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები გამოცოცხლდება.

  • ნიკა ჩიტაძე: „ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს მოსკოვის მექანიზმი დამატებით მოტივაციას აძლევს, რადგან ბევრს ხელი ჰქონდა ჩაქნეული. მგონია, რომ რუსთაველს ხალხი დაუბრუნდება."

„ოპოზიცის რეალური შანსები აქვს. მთავარია საზოგადოებას სწორად აუხსნან, რომ ეს დოკუმენტი არის იმის მტკიცებულება, რას წარმოადგენს რეალურად „ქართული ოცნების" მიერ განხორციელებული პოლიტიკა. დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი პოლიტიკური პარტიების მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი მიუხედავად იმისა, რასაც „ოცნება" აკეთებს. ბევრი ფიქრობს, რომ კი ხელისუფლება ცუდია, მაგრამ თუ წავა, ამით არაფერი შეიცვლება, რადგან არც ახალი მთავრობა იქნება გარანტი იმისა, რომ მატერიალური მდგომარეობა გამოსწორდება. ამიტომაც მუშაობაა საჭირო. ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს დამატებით მოტივაციას აძლევს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება, რადგან ბევრს ხელი ჰქონდა ჩაქნეული. მათ ჰქონდათ კითხვები - რატომ ვერ გაერთიანდა ოპოზიცია და მეორე, რატომ არის უმოქმედოდ საერთაშორისო საზოგადოება. მგონია, რომ რუსთაველს ხალხი დაუბრუნდება, რადგან ორივე პირობა სრულდება",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×