
იცოდით, რომ მსხვილმა მეწარმეებმა თურმე „იმდენი იბძრძოლეს“, რომ ბაზრიდან პატარა მეწარმეები გააძევეს? მეტიც, დისტრიბუტორებს ერთმანეთში ომი აქვთ გაჩაღებული „ქეშბექების“ სახით და ასე ძირავენ კონკურენტებს. დიახ, არ ვაჭარბებთ, ამის შესახებ პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, საცალო ქსელების ოპერატორებმა ისაუბრეს. მართალია, არც „ზღაპარი“, არც „უნივერსამი“ და არც „გუდვილი“ მსხვილი სავაჭრო ქსელი არ არის და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცით - მწარმოებლებიც, დისტრიბუტორებიც და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებიც ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ვინაიდან უმთავრესი პრობლემა „ქეშბექის“ თემაა, კარგი იქნება, თუკი მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და მსხვილ სავაჭრო ქსელებს შორის, ერთგვარი შუა რგოლი შეიქმნება, რომელიც ამ ყბადაღებული „ქეშბექის“ პრობლემას მოაგვარებს.
კომპანია „ზღაპარს“ ნებისმიერი პროდუქტის „ქეშბექი“ გათვალისწინებული ჰქონია ფასწარმოქმნის შემთხვევაში, ნებისმიერ პროდუქტზე. როგორც კომპანიის დირექტორმა, თამარ უდესიანმა განაცხადა, მათ აქვთ საშუალება, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომლებზეც „ქეშბექი“ აქვთ, შესასყიდ ფასზე იაფად გაყიდონ. სწორედ ამიტომ, უდესიანი ამბობს, რომ ამ ნაწილში პროდუქტი ვერ გაიაფდება.
„რაც შეეხება „ქეშბექის“ ყოველწლიურად ზრდას, ვფიქრობ, მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას. მეწარმემ თავიდანვე უნდა განსაზღვროს, რის წარმოებას დაიწყებს ხოლო იმპორტიორმა - რის იმპორტს დაიწყებს. მათ მიერ ბაზრის კვლევა არ ხდება. წინა შეხვედრებზე, რამდენიმე მომწოდებელმა გააჟღერა, ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ პატარა მეწარმეები ბაზრიდან გამქრალიყვნენო. შესაბამისად, ნათელია, რომ მიწოდება აჭარბებს იმ მოთხოვნას, რაც არის ქსელების მიმართ და თვითონვე აქვთ გაჩაღებული ხელჩართული ომი ამ „ქეშბექების“ სახით და თვითონვე სთავაზობენ ყველა ქსელს, რომ მეორე გაუშვან და თვითონ იყვნენ წარმოდგენილი ქსელში, რაც იწვევს „ქეშბექების“ზრდას“, - განაცხადა თამარ უდესიანმა.
„გუდვილის“ გენერალური დირექტორის, გიორგი ხაბაშვილის განცხადებით კი, საცალო ქსელების ოპერატორებს ურჩევნიათ, თავადვე მოიძიონ პროდუქციის მწარმოებლები საზღვარგარეთ და უშუალოდ მათგან შეიძინონ, რამდენადაც სადისტრიბუციო კომპანიები მათ ამ პროდუქციას მაღალი ფასნამატით აწვდიან.
„უნივერსამის“ დირექტორის, იოსებ ღუდუშაურის მტკიცებით, სადისტრიბუციო კომპანიების მიერ შეთავაზებული ყველა „ქეშბექი“, თავის მხრივ, გულისხმობს მათი მხრიდან კონკურენტების ჩამოშორების მცდელობას. შესაბამისად, დიდ ქსელებს ეძლევათ საშუალება, რომ მაქსიმუმი მოითხოვონ ამ ფასდაკლებიდან, რაც საბოლოოდ, იწვევს გაძვირებას. კომპანიებს არ სურთ, რომ დისტრიბუტორის მიერ შეთავაზებული კომერციული პირობები სხვა ქსელებისთვისაც ცნობილი იყოს, ამიტომ ისინი ამჯობინებენ „ქეშბექის“ სქემას, ვინაიდან ეს იძლება საშუალებას, კომერციული პირობა სხვებისთვის უცნობი დარჩეს.
ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე „რეზონანსთან“ დაუფარავად აცხადებს, რომ მისთვის მწარმოებლების არგუმენტები უფრო მისაღებია, რომლებიც იმპორტიორებთან შედარებით, არათანაბარ პირობებში არიან, ვიდრე სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების ურთიერთბრალდებები, ერთმანეთის ჩასაძირად.
„არ დაგვავიწყდეს, რომ ხშირად მსხვილი ქსელები თვითონვე არიან დისტრიბუტორებიც, რაც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. კომისიის სხდომებზე, გამოიკვეთა, რომ როდესაც მაღალია ქსელური ფასნამატი, პროდუქტის შეტანის ღირებულება დაბალია. როდესაც დაბალია ფასნამატი, ქსელში შეტანის ღირებულებაა მაღალი და, ფაქტობრივად, ფასი ერთნარია. ეს არის არა მწარმოებლის ან დისტრიბუტორის პრობლემა, არამედ ქსელის პრობლემაა. მათ აქვთ თავისებური ზეგავლენაა ფასებზე, როდესაც ცალკეულ პროდუქციაზე, ხაზს ვუსვამ პირველადი მოხმარების სენსიტიურ პროდუქციაზე აისახება, საბოლოოდ კი, მომხმარებლების ჯიბეებზეც“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი ცუცქირიძემ.
პრობლემა მხოლოდ „ქეშბექი“ არ არის. ეკონომისტმა ყურადღება გაამახვილა, რომ ლარის კურსის ცვლილებისას, ეს პროცესი მომენტალურად ისახება პროდუქციის ფასებზე და ძვირდება.
„ხომ ვიცით, რომ არსებობს გარკვეული მარაგი საწყობში? მაშინ, რატომ ძვირდება პროდუქტები მომენტალურად, კურსის ცვლილების კვალდაკვალ? მეორე მხრივ, როდესაც კურსი მყარდება და ბოლო პერიოდში ლარი სულ მყარდება, ეს პროცესი ფასზე აღარ ისახება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებმა სწორედ ამ თემებზე უნდა ისაუბრონ და არა ხელისშემშლელ ფაქტორებზე“, - განაცხადა ცუცქირიძემ.
მისი აზრით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სახელმწიფოს მოუწევს გარკვეული დადგენილებების შემუშავება. უნდა დაწესდეს შეზღუდვები, რათა „ქეშბექის“ თემა დამთავრდეს. აუცილებელია, ადგილობრივ პროდუქციაზე იყოს მაღალი "დისქაუნთი", რადგან იმპორტირებულიცა და ადგილობრივი პროდუქციაც თანაბარ პირობებში ჩადგნენ.
ოდნავ განსხვავებული პოზიცია აქვს პოლიტოლოგ თამარ ჩიბურდანიძეს, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას“ აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, თუკი მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის, ერთგვარი შუა რგოლი შეიქმნება, რომელიც „ქეშბექის“ ამ ყბადაღებულ საკითხს მოაგვარებს. რაც შეეხება პარლამენტში შექმნილ დროებითი კომისიის სხდომას, სადაც რამდენიმე სავაჭრო ქსელის წარმომადგენლების ურთიერთბრალდებებს მოუსმინეს, ჩიბურდანიძემ დაადასტურა, რომ ხელისუფლების ქვეცნობიერი მიზანიც სწორედ ეს იყო, რათა ხალხს ღიად და აშკარად დაენახა ფაქტები და რეალობა.
„პროდუქტებზე მაღალი ფასის გამო, ხალხი ხელისუფლებას სთხოვს პასუხს და რა თქმა უნდა, განაწყენებულები არიან. საზოგადოებას ჰგონია, რომ ხელისუფლებას შეუძლია, ერთი გადაწყვეტილებით, ფასები დასწიოს. თუმცა, რა ხდება კულისებში, რამხელა დაპირისპირებაა, როგორი ურთიერთჩაძირვაა, ეს ხალხმა არ იცოდა. ამ თემის განსაჯაროვებით და ღია დისკუსიაში - მწარმოებლების, დისტრიბუტორების, ქსელების წარმომადგენლების მონაწილეობით, გამოიკვეთა სერიოზული პრობლემები. რა თქმა უნდა, მსხვილი ბიზნესი ყლაპავს პატარა ბიზნესს, შიდა უბნებშიც კი, მცირე მაღაზიები თითზე ჩამოსათვლელია - ყველგან დიდი მარკეტებია გახსნილი.
მსხვილმა ბიზნესმა შთანთქა წვრილი ბიზნესი, მაგრამ მე, როგორც რიგით მოქალაქეს მირჩევნია, ბევრი საშუალო და მცირე მეწარმე იყოს ქვეყანაში. ვნახეთ, რომ მსხვილი ბიზნესი არ აძლევს მათ გასაქანს. ახლა ისინი ცდილობენ, რომ პრობლემა გადაწყდეს ისე, როგორც მათ სურთ.
გამოიკვეთა, რომ „ქეშბექის“ თემა ერთ-ერთი პიკანტური პრობლემაა პროდუქციის ფასწარმოქმნის ჯაჭვში. გამოიკვეთა აგრეთვე ერთმანეთის ჩაგვრა და არაჯანსაღი კონკურენცია. ახლა ერთმანეთში ჭიდაობით და ქიშპობით ცდილობენ, „ქეშბექის“ თემა გადაჭრან, ხელისუფლება ჩაერიოს, ოღონდ მათ სასარგებლოდ“, - განუცხადა „რეზონანსს“ თამარ ჩიბურდანიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება ამ მტკივნეულ თემას საჯაროდ არ გამოიტანდა, თუკი გარკვეული რისკებსაც არ დააზღვევდა:
„არ ვიცი, რა რისკებია, ან როგორ აქვს ხელისუფლებას ეს რისკები გადაზღვეული, მაგრამ ჩვენ ამას ძალიან მალე დავინახავთ. თვეების მანძილზე შეისწავლეს ეს თემა, ისინი ჩვენ პროცესს გვაყურებინებენ, ეს არის პროცესი, არ არის ფინალი და ამ პროცესში ყველაზე მთავარი გამოჩნდა - ხელისუფლებამ დაგვანახა, რომ პროდუქტების სიძვირე მათი ბრალი არ არის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იმედი მაქვს, რომ ამ პროცესს სასურველი შედეგი ექნება“, - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თამარ ჩიბურდანიძემ.