
ისრაელმა ირანის დედაქალაქ თეირანში დარტყმების მეორე ტალღა დაიწყო. მათი სამიზნეები სამეთაურო ცენტრებია. ირანი კი აცხადებს, რომ „ყველაზე ინტენსიური და ძლიერი ოპერაცია" დაიწყეს. რეგიონში შიშობენ, რომ თუ ომი სწრაფად არ დასრულდება, მსოფლიო ეკონომიკაზე მკვეთრად უარყოფითად აისახება.
სამშაბათს განხორციელებული დარტყმების დროს ისრაელმა დარტყმები მიაყენა თეირანსა და ქალაქ თავრიზს. კერძოდ, ისრაელმა განაცხადა, რომ განხორციელდა „ცენტრალურ სამეთაურო ცენტრებზე დარტყმები, სადაც ირანის ტერორისტული რეჟიმის თანამშრომლები იყვნენ განლაგებულნი". პირველი ტალღის დროს, ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დარტყმები მიაყენეს სამხედრო ობიექტს და დიდ კომპლექსს.
ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კი ირწმუნება, რომ „პრაქტიკულად არაფერი დარჩა სამიზნედ" და რომ იქ ომი მალე დასრულდება".
უპასუხოდ არც თეირანი რჩება. „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ „ყველაზე ინტენსიური და ძლიერი ოპერაცია" დაიწყეს.
„ჩვენ უწყვეტ, მიზანმიმართულ და ძლიერ დარტყმებს გავაგრძელებთ. ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ომის ჩრდილი ჩვენი ქვეყნიდან გაქრება", - ნათქვამია „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებაში.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ომის გაგრძელების პირობებში „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" მტრის სრულ კაპიტულაციაზე ფიქრობს".
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ ისრაელის წაქეზებით ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა" მძიმე ზიანი მიაყენა როგორც თურქეთს, ასევე მსოფლიო ეკონომიკას.
მისი მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემების მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაჭრის შესაძლებლობა არსებობს, რეგიონი კვლავ „სისხლისა და დენთის სუნით დაიფარა არასწორი გათვლების, არასწორი შეფასებებისა და სისხლისმსმელი ქსელის პროვოკაციების შედეგად".
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ირანზე თავდასხმები სერიოზულ ზეწოლას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე, უპირველეს ყოვლისა, ნავთობის ფასების ზრდით.
„უკვე არა მხოლოდ ომში უშუალოდ ჩართული ქვეყნები, არამედ მთელი მსოფლიო ემზადება ამ კონფლიქტის ფასის გადასახდელად. ყველა ვხედავთ, რომ თუ ეს უაზრო, წესებისა და კანონების დაცვის გარეშე მიმდინარე ომი გაგრძელდება, კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლისა და ქონების დანაკარგი იქნება, გლობალური ეკონომიკისთვის კი ეს დანაკარგი კიდევ უფრო გაიზრდება", - აღნიშნა ერდოღანმა.