ერდოღანი: „ეს ომი უნდა შეწყდეს, სანამ გამწვავდება და რეგიონს მთლიანად ცეცხლის ალში გაახვევს“
თამთა ჩაჩანიძე
11.03.2026

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მესამე სოფლიო ომის საშიშროებაზე მიანიშნებს - მისი შეფასებით, თუ ირანში "უაზრო, წესების დაცვს გარეშე მიმდინარე ომი გაგრძელდება", რეგიონს მთლიანად "ცეცხლის ალში გახვევს" და არა მხოლოდ ომში ჩართულ ქვეყნებს, არამედ მთელს მსოფლიოს მოუწევს ამ კონფლიქტის ფასის გადახდა.

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" ამბობს, რომ ყველა სცენარის დაშვება შეიძლება, გააჩნია ეს კონფლიქტი რამდენ ხანს გასტანს და ჩაერთვებიან თუ არა მასში სახმელეთო ძალები.

"გააჩნია ეს მოვლენები როგორ წარიმართება. ყველა სცენარის დაშვება შეიძლება - თუ დავუშვებთ იმას, რომ ეს კონფლიტი რამდენიე თვე გაგრძელდება და მასში სახმელეთო ძალებიც იქნება ჩართული, მაშინ დაახლოებით უნდა ვივარაუდოთ, რომ შეიძლება ისეთივე შედეგებით დამთავრდეს, როგორიც მაგალითად ერაყში იყო თავის დროზე, რამაც გამოიწვია ერაყის სახელმწიფოს კოლაფსი მთელი თავისი ტერორისტული ელემენტებით.

"თუ მოკლევადიან კონფლიქტზეა საუბარი და ძირითადად ისრაელი და აშშ შემოიფარგლებიან მხოლოდ დაბომბებით, მაშინ შეიძლება უახლოეს მომავალში დამთავრდეს კიდეც.

  • კაკაჩია: "ყველა სცენარის დაშვება შეიძლება - თუ დავუშვებთ იმას, რომ ეს კონფლიტი რამდენიე თვე გაგრძელდება და მასში სახმელეთო ძალებიც იქნება ჩართული, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ შეიძლება ისეთივე შედეგებით დამთავრდეს, როგორიც მაგალითად ერაყში იყო"

"თუმცაღა, ყველაზე მთავარი სწორედ ისაა და მათ შორის ამერიკელი ექსპერტებიც ამაზე მიუთითებენ, რომ გაურკვეველია ამ ომში ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი რა არის, ეს ნათელი არაა. მემგონი თვითონ აშშ-ს ადმინისტრაციაც ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა იყოს მისი მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მიზნები და კონკრეტულად რა უნდა, ეს ამ სიტუაციასაც ართულებს",- განაცხადა კაკაჩიამ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ერდოღანის განცხადება დამაფიქრებელია.

"ერდოღანი უჭკუო კაცი არაა, ის რეალპოლიტიკოსია და მოვლენას ხედავს მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით. აქედან გამომდინარე, მისი განცხადება დამაფიქრებელია და ის ასახავს იმ რეალობას, რომელიც ამ წუთებსა და წამებში მიმდინარეობს რეგიონში. ეს არის მსოფლიო ომთან ცეცხლის თამაში.

  • გვენეტაძე: "ერდოღანი უჭკუო კაცი არაა, ის რეალპოლიტიკოსია და მოვლენას ხედავს მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით. მისი განცხადება დამაფიქრებელია და ის ასახავს იმ რეალობას, რომელიც ამ წუთებსა და წამებში მიმდინარეობს რეგიონში. ეს არის მსოფლიო ომთან ცეცხლის თამაში"

"ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებმა და აშშ-მა უნდა განსაზღვროს, რომ ეს ომი აუცილებლად უნდა შეწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მსოფლიოს და თავად აშშ-საც ეკონომიკური კოლაფსი ემუქრება. ამ ომის დაწყებაც შეცდომა იყო, რადგან ბევრ მათგანს მოეჩვენა, რომ ირანში იოლი გასეირნება იქნებოდა, ირანი არც ვენესუელაა და არც დანია",- განაცხადა გვენეტაძემ.

რას ამბობს რეჯეფ ტაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ირანზე თავდასხმები სერიოზულ ზეწოლას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე, უპირველეს ყოვლისა, ნავთობის ფასების ზრდით.

„უკვე არა მხოლოდ ომში უშუალოდ ჩართული ქვეყნები, არამედ მთელი მსოფლიო ემზადება ამ კონფლიქტის ფასის გადასახდელად. ყველა ვხედავთ, რომ თუ ეს უაზრო, წესებისა და კანონების დაცვის გარეშე მიმდინარე ომი გაგრძელდება, კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლისა და ქონების დანაკარგი იქნება, გლობალური ეკონომიკისთვის კი ეს დანაკარგი კიდევ უფრო გაიზრდება", - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი მტკიცებით, თურქეთი წლების განმავლობაში იბრძოდა იმისთვის, რომ დაძაბულობა კონფლიქტში არ გადაზრდილიყო და საკითხის მოლაპარაკებების გზით მოგვარება უზრუნველყოფილიყო.

"კონფლიქტის დაწყების დღიდან კონტაქტი გვქონდა როგორც ირანთან, ასევე შეერთებულ შტატებთან და შესაბამის რეგიონულ ქვეყნებთან. 20-ზე მეტი სატელეფონო საუბარი მქონდა. ჩვენი სხვა კოლეგებიც მუდმივ კონტაქტში იყვნენ თავიანთ კოლეგებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ არ დაგვიკარგავს ცეცხლის შეწყვეტის იმედი.

ეს ომი უნდა შეწყდეს, სანამ გამწვავდება და რეგიონს მთლიანად ცეცხლის ალში გაახვევს. თუ დიპლომატიას შანსი მიეცემა, ამის მიღწევა სავსებით შესაძლებელია. ჩვენ მოთმინებით ვაგრძელებთ ძალისხმევას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისა და დიპლომატიის ხელახლა გააქტიურების მიზნით", - აღნიშნა ერდოღანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×