
ევრობიუროკრატია მორიგ ჯერზე დამარცხდა საქართველოში. უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტიდან ყულევის ნავთობტერმინალი ოფიციალურად ამოღებულია. ექსპერტებს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ეს ასეც იქნებოდა, რადგან სანქციების გვერდის ავლით ტვირთების გადაზიდვის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოში, მით უმეტეს, ყულევის ტერმინალში.
პარალელურად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დევიდ ო სალივანისადმი 18 თებერვალს გაგზავნილი წერილიც გაასაჯაროვა. ამ წერილში მინისტრი სანქციების საკითხში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს უხსნის, რომ ყულევის პორტში სანქციების გვერდის ავლის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დაფიქსირებული არ არის. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს მიუღია არავითარი ოფიციალური შეტყობინება, რომელიც ამის თაობაზე შეშფოთებას გამოხატავდა ან მიუთითებდა მოთხოვნების შეუსრულებლობაზე.
გარდა ამისა, წერილში საქართველოს პირველი დიპლომატი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლის საქმის ერთგულია. მაკა ბოჭორიშვილი ენერგომატარებლებით საერთაშორისო ვაჭრობაში ყულევის ტერმინალის როლს უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ის ხელს უწყობს ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციას, აძლიერებს შავი ზღვის ლოგისტიკას და მხარს უჭერს „შუა დერეფანს“.
„საქართველოს მთავრობის სახელით, გიდასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას იმ პრობლემების გადაჭრის საქმისადმი, რომელიც საზღვაო სფეროში არსებულ რისკებს უკავშირდება“, - წერს ბოჭორიშვილი.
საგარეო საქმეთა მინისტრი წერილში იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ბრიუსელს სთავაზობს, შეიქმნას სტრუქტურირებული ოპერატიული არხი, რათა ბრძოლა სანქციების გვერდის ავლასთან უფრო გაძლიერდეს.
ანალიტიკოსი ნოდარ კაპანაძე კი, პირიქით, საქართველოს მთავრობას სთხოვს, ევრობიუროკრატების გამაღიზიანებლად მენტორული ტონი, უსაფუძვლო ბრალდებები და შანტაჟი „ერთ ყურში შეუშვან, ხოლო მეორედან გაუშვან“. იგი „რეზონანსთან“ საუბრისას იხსენებს 2023 წელს, როდესაც ევროკავშირი სანქციების მე-13 პაკეტზე მუშაობდა. მაშინაც დიდი ალიაქოთი ატყდა სანქციების გვერდის ავლაზე და სწორედ ამ პერიოდში, ნოდარ კაპანაძემ ჩაატარა კვლევა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით, რათა გაერკვია, რამდენად იყო სანქცირებული ტვირთი რუსეთ-საქართველოს შორის, იმპორტ-ექსპორტში.
„სანქციების პაკეტში მითითებული იყო ორმაგი დანიშნულების, ანუ სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების პროდუქცია. ამ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი საქართველოდან რუსეთში, პრაქტიკულად, არც ყოფილა. კვლევამ აჩვენა, რომ არავითარი სამხედრო დანიშნულების პროდუქცია საქართველოდან რუსეთში არ შედიოდა.
გარდა ამისა, არსებობს საერთაშორისო ვაჭრობის პორტალი, სადაც მთელი მსოფლიოს საერთაშორისო ვაჭრობაა ასახული ქვეყნებს შორის, ყველა - ყველასთან. არ დავიზარე და ამ პორტალზეც გავაკეთე სარკისებური შედარებები, ანუ საქართველოდან ექსპორტი რუსეთში, ხოლო რუსეთიდან იმპორტი საქართველოში. მარტივად რომ აგიხსნათ, რუსეთიდან და საქართველოდან დეკლარირებული ერთი და იგივე პროდუქციის ნაკადები შევადარე. აღმოჩნდა, რომ რაც ჩვენგან ექსპორტია რუსეთში, დაახლოებით, ისეთივე მოცულობის არის იმპორტიც დაფიქსირებული რუსეთიდან. სარკისებურმა შედარებებმა აჩვენა, რომ განსხვავება თითქმის არ იყო. ეს იმიტომ, რომ საქართველო სანქცირებული ტვირთების მოძრაობის პირობებს ძალიან პირნათლად იცავდა“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნოდარ კაპანაძემ.
რაც შეეხება ყულევის პორტის სანქცირების პაკეტიდან ამოღებას, ანალიტიკოსი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ევროპის შანტაჟსა თუ მუქარას ყურადღება არ მიაქციოს, რადგან მათ საქართველოში პრობლემების მეტი, არაფერი მოაქვთ.
„უკაცრავად, მაგრამ მათი შანტაჟი ერთ ყურში შეუშვან და მეორედან გაატარონ, განსაკუთრებით, მენტორული ტონით საუბარია გამაღიზიანებელი, როდესაც ყველა პირობას ვიცავთ, მაგრამ ვიღაც ევრობიუროკრატები სისულელეებს ამბობენ. თვითონ ევროკავშირის წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ არაფერი არ არის დაფიქსირებული.
ნაკადების ანალიზსაც რომ გადახედოთ საქართველოსა და რუსეთს შორის, დრამატულად გადახრილი ისე, რომ ორმაგი დანიშნულების ტვირთები ან სამხედრო ტვირთები მოძრაობდეს, საერთოდ არ არის დაფიქსირებული. სამაგიეროდ, ამ სულელური ალიაქოთის პირობებში, შეიზღუდა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ავტომობილების რეექსპორტი. ამით იმას მივაღწიეთ, რომ საქართველოში ავტომოვაჭრეებს შევუქმენით პრობლემები, ვინაიდან რეექსპორტის ერთ-ერთი მიმართულება იყო რუსეთი“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ნოდარ კაპანაძემ.
ზუსტად იგივე პოზიცია აქვს თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს, ოთარ ანგურიძეს. ექსპერტმა „რეზონანსს“ განუცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ცალკეული პოლიტიკოსები ხშირად აპელირებენ, თითქოს ყულევის ტერმინალი მხოლოდ სანქცირებული რუსული ნავთობის გადასამუშავებლად გაიხსნა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„ძალიან ბევრი მისია იყო ჩამოსული საქართველოში, მათ შორის, აშშ-დან და ევროკომისიიდან, რათა ადგილზე შეესწავლათ ვითარება, ნამდვილად ხდებოდა თუ არა ასეთი ტიპის ქმედებები ჩვენს საზღვრებში, მაგრამ მათი ჩამოსვლის შემდგომ ყოველთვის კეთდებოდა განცხადებები, რომ საქართველოში სანქცირებული ტვირთების შემოსვლას ადგილი არ ჰქონია.
ამის მიუხედავად, მაინც გარკვეული სახის პოლიტიკური პირები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ, მუდმივად აცხადებენ, რომ ქვეყანა ჩართულია სანქციების გვერდის ავლის სქემაში. თუმცა, ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყულევის პორტისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასანქცირების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამდენად, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული ზოგიერთი პოლიტიკისოს ანგაჟირება, რომელიც მიზანმიმართულად ეწევა საქართველოს საწინაღმდეგო კამპანიას“, - განუცხადა „რეზონანსს“ ოთარ ანგურიძემ.
ევროკომისიის სანქციების მე-20 პაკეტიდან ყულევის ტერმინალის ამოღება დაემთხვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რუსეთისთვის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით. „რეზონანსის“ კითხვაზე, ეს ორი ფაქტი შემთხვევით დაემთხვა ერთმანეთს, ოთარ ანგურიძემ გვიპასუხა, რომ შესაძლოა, ეს შემთხვევითობა სულაც არ არის, თუმცა ევროკომისიის გადაწყვეტილების ნაწილში, ამას გავლენა არ ჰქონია. მიზეზი მარტივია, რადგან ყულევის ტერმინალის დასანქცირების არავითარი საფუძველი არ ჰქონიათ. რაც შეეხება ტრამპის გადაწყვეტილებას, მოუხსნას სანქციები რუსეთს, ოთარ ანგურიძემ „რეზონანსს“ განუცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ევროპასაც მუწევს მალე.
„ვხედავთ, რომ ძალიან აქტუალური გახდა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი და რაც დღე გადის, უფრო მეტი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იბომბება ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე, არა მხოლოდ ირანის, არამედ მთლიანად, არაბული სახელმწიფოების, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში. უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია, რომ ნავთობზე ფასები ისევ გაიზარდოს, ეს კი ნეგატიურად იმოქმედებს ტრამპის რეიტინგზე აშშ-ში. მით უმეტეს, რომ მიმდინარე წელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელია აშშ-ში და ტრამპისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვოს. შესაბამისად, მის ინტერესში ნამდვილად არ შედის, რომ ნავთობზე ფასები გაიზარდოს.
დარწმუნებული ვარ, ახლო აღმოსავლეთის ომი გაააქტიურებს საკითხს, რომ ევროკომისიამაც გადახედოს თავის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ნავთობის ფასების ზრდა რომ შეჩერდეს, აშშ-ს და ევროკავშირს მოუწევთ რუსეთთან თანამშრომლობა. თუმცა, ჯერ მხოლოდ პროცესების დასაწყისში ვართ და დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.