
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ მულტივექტორულობა არსებულ საგარეო-პოლიტიკურ ვითარებაში ერთადერთი სწორი საგარეო კურსია. ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობებზე საუბრისას ამბობს, რომ ამ საკითხის პედალირების დრო ახლა, როცა ჩვენი საზღვრების სიახლოვეს ორი დიდი ომი მიდის, საჭირო არ არის.
„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ქართველები და ხელისუფლება. მე მაგალითად რჩევა რომ მკითხონ, ვიტყოდი, რომ ახლა არაა საჭირო სტრატეგიული პარტნიორობის ფორსირება, ეს შეიძლება ირანში ომამდე ყოფილიყო, მინიმუმ იქამდე, ვიდრე არ ამოიწურება და არ დასრულდება ამერიკის შუამავლობა უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში", - ამბობს მამრაძე „რეზონანსთან".
„ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის ოპტიმიზმის რეალური საფუძველი გაჩნდა. ამაზე საუბრები განსაკუთრებით მაშინ გააქტიურდა, რაც ვაშინგტონიდან საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დაბრუნდა და განაცხადა, რომ სამუშაო პროცესიც მალე დაიწყება.
ოპოზიციას ეჭვი ეპარება, რომ „ოცნება" ამ მოცემულობით არათუ სტრატეგიულ პარტნიორობას განაახლებს, არამედ თუნდაც აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას მოახერხებს, გასაკუთრებით მმართველი პარტიის მულტივექტორული საგარეო პოლიტიკისა და აშშ-ირანის დაძაბულობის ფონზე.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსს" ეუბნება, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება მოიცავს გარკვეულ ვალდებულებებსაც და თუ ვაშინგტონი ისეთ ვალდებულებების შესრულებას ითხოვს, რაც „ქვეყნის უსაფრთხოებას დააზიანებს", მაშინ გადატვირთვის დაჩქარება მანამდე არ ღირს, ვიდრე საგარეო ვითარება არ დასტაბილურდება.
- „ამ ფონზე კითხვა მაქვს - ეგებ საქართველოს ხელისუფლებას აქვს რაღაც გარანტია, რომ ამერიკა ამას კარგად მიიღებს და იქნება ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არ დააზიანებს საქართველოს უსაფრთხოებას"
„მე თვითონ მაქვს შეკითხვები, რომელზეც პასუხი არაა. კერძოდ, როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა უნდა, სტრატეგიული პარტნიორობა ვალდებულებებს ნიშნავს, ეს ხელის ჩამორთმევა და ფოტოების გადაღება არაა, ეს მოიცავს ვალდებულებებს. როგორც „ფორმულა" აცხადებს, მათ გააგზავნეს სახელმწიფო დეპარტამენტის სახელზე წერილი და ამის პასუხი მაშინ მიიღეს, როდესაც ჩვენი დელეგაცია ჩამოვიდა. იქ წერია, რომ ჩვენ დავაკვირდებით იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას იმისთვის, რომ ეს პარტნიორობა გადადგასო.
„აქ ისმის კითხვა - კი მაგრამ, ნაბიჯები გადადგა ბაიდენის ადმინისტრაციამ და ამის გამო პარტნიორობა წახდა. ამ სიტუაციაში რომ სტრატეგიული პარტნირობის ფორსირება მოახდინო, იქიდან რა მოთხოვნა იქნება? თუ ხელისუფლებას გარანტირებული აქვს ის, რომ არაფერი ისეთი მოთხოვნა არ იქნება, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისთვის საზიანოა, კი ბატონო, კარგია. თუ იქნება მოთხოვნა, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას დააზიანებს, ხელისუფლებამ არ უნდა შეასრულოს და მაშინ როგორ გამოვა სტრატეგიული პარტნიორობა?
„მულტივექტორულობა ერთადერთი სწორი საგარეო პოლიტიკაა და ამას მეც მხარს ვუჭერ. სწორია, რომ გამოხატეს სამძიმარი არა მარტო ისრაელის, არამედ ირანელი ხალხისადმი - მოგეხსენებათ, სკოლაში გოგონები დაიღუპნენ, უფრო მეტიც, სამძიმარი გამოხატეს აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის გამო და ახლა კობახიძემ მიულოცა, რომ ახალი აიათოლა აირჩიეს. აგერ აზერბაიჯანს ირანთან ურთიერთობა დაეძაბა, მაგრამ ალიევმა მაინც მიულოცა, ასევე ფაშინიანმა სომხეთიდან. საქართველოს რომ არ გაეკეთებინა, ეს იქნებოდა დემარში. ასეთი ურთიერთობა გაცილებით უფრო კარგად იცავს საქართველოს შესაძლებელი საფრთხეებისგან.
„ამ ფონზე კითხვა მაქვს - ეგებ საქართველოს ხელისუფლებას აქვს რაღაც გარანტია, რომ ამერიკა ამას კარგად მიიღებს და იქნება ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არ დააზიანებს საქართველოს უსაფრთხოებას და აღარ გაიმეორებს იმას, რაც ბაიდენის დროს მოხდა. აი, ეს თუ არის შესაძლებელი, კარგია, თუმცა მეეჭვება," - განაცხადა მამრაძემ.