მარიამ ვეკუა
10.03.2026

ოპოზიციურ ალიანსში აურზაურია. ერთმანეთს ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი და ენმ-ს წევრი პეტრე ცისკარიშვილი დაუპირისპირდნენ. როგორც ჩანს, 8-დღიან ერთობას, რომელსაც რამდენიმე თვეა ოპოზიციონერები აანონსებდნენ, არც ისე მყარი ფუნდამენტი აქვს.

ჩერგოლეიშვილთან შოროს დაპირისპირება სოციალურ ქსელში პეტრე ცისკარიშვილის პოსტს მოჰყვა, სადაც პოლიტიკოსებმა ერთმანეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს.

„შეთანხმებას არღვევ, პეტრე! რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა!" - წერს ჩერგოლეიშვილი, რაზეც ცისკარიშვილმა უპასუხა: „მოდი, ტოლი ნახე, კოჭი გააგორე, რა".

ამასთან, ჩერგოლეიშვილმა ცისკარიშვილს უპასუხა: „ტოლი კი არა, ზეხირი, გადამდგები, არარაობები ხართ და შემდეგ წრეზე მეხუთე ადგილზეც ვეღარ გახვალ თბილისში. დანარჩენს ალიანსში თქვენს წარმომადგენლებთან გავარკვევთ. შენ არაფერ შუაში ხარ".

ამის შემდეგ პეტრე ცისკარიშვილმა ჩერგოლეიშვილის მისამართით დაწერა: „შე უზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ, გაიგე, შე ხისთავიანო? აი, ზუსტად მაგ „თბილისის მუხეთე ადგილზე" ბჭობით აჩვენებ, რა უვიციც ხარ პოლიტიკაში და რა მოკლევადიან, მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში გესმის სოციოლოგია და არჩევნები, შე უვიცო არარაობა".

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: „ტოლი კი არა, ზეხირი, გადამდგები, არარაობები ხართ და შემდეგ წრეზე მეხუთე ადგილზეც ვეღარ გახვალ თბილისში"

თამარ ჩერგოლეიშვილმა უპასუხა: „აუ, რა სილამაზეა. ახლა ამას წავიღებ ალიანსში და ლამაზად ავხსნი, რატომ ხართ ლუზერები და შენ მოწყალების ფარდას ჩამოგაფარებ. რაც უფრო ფარჩაკდება ადამიანი, მით მეტად ბრუტალურად ყოყლოჩინობს - ადამიანის ბუნებაა ასეთი. მაგ სიმართლით ხომ დადის შენი პარტია, რომ მე უვიცი ვარ, ძვირფასო? გამეშვი ახლა, შენ მიერ შეთანხმების დარღვევას ვარჩევთ ალიანსში, არ მცალია. უხერხულ მდგომარეობაში ჩაყარე თანაპარტიელები", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ამ ვირტუალურ გაწევ-გამოწევს სხვა ბევრი კომენტარი მოჰყვა, მანამდე კი ნაცმოძრაობამ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი შეთანხმების ერთგული რჩებიან, რაც გამორიცხავს „პარტნიორ სუბიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას".

განცხადებაში ყურადღება შეთანხმების იმ ნაწილზეა გამახვილებული, სადაც ერთმანეთის პატივისცემაზეა საუბარი.

„შეთანხმება აგრეთვე განსაზღვრავს პარტიათა ურთიერთდამოკიდებულების და ქცევის პრინციპებს, რაც ხელმომწერებს ავალდებულებს თავი შეიკავონ იმგვარი საჯარო განცხადებებისგან, რომელიც ემსახურება ალიანსის სხვა წევრი პარტიის დელეგიტიმაციას, რეჟიმთან და საქართველოს გარე მტრებთან გარიგების ბრალდებას, ერთმანეთის ცილისწამებას, ასევე ნებისმიერ თავდასხმასა და დისკრედიტაციას. გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიღწეული შეთანხმების ერთგულია, რაც გამორიცხავს პარტნიორ სუბიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას.

„ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან აღნიშნული შეთანხმების წესები და მთელი ძალისხმევა ივანიშვილის დიქტატორული რეჟიმის დასასრულებლად „ოპოზიციის ალიანსის" გაძლიერებისაკენ მიმართონ", - ნათქვამია განცხადებაში.

  • პეტრე ცისკარიშვილი: „აი, ზუსტად მაგ „თბილისის მუხეთე ადგილზე" ბჭობით აჩვენებ, რა უვიციც ხარ პოლიტიკაში და რა მოკლევადიან, მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში გესმის სოციოლოგია და არჩევნები, შე უვიცო არარაობა"

ამავე პარტიიდან ლევან სანიკიძე საზოგადოებას ახსენებს, რომ თურმე დიდი შერიგება კი არა, ეს ალიანსი გარიგება ყოფილა.

„დამატებითი განცხადებები გაკეთდება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს ოპოზიციონერები, რომლებსაც განსაკუთრებული დაპირისპირება ჰქონდათ წარსულში, კი არ შერიგებულან, არამედ მორიგდნენ, რაღაც შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის აღსრულებასაც ახლა ვცდილობთ. მათ ჰკითხეთ. მე აქამდე ვისზე რა განცხადებაც გამიკეთებია, ყველაზე იმავე აზრის ვარ. არ ვიცი, სხვა იცვლის თუ არა პოზიციებს, მაგრამ მე, ლევან სანიკიძეს, ვისზეც რა მითქვამს, ახლაც ზუსტად ის აზრი მაქვს."

„კოლიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ნაცმოძრაობის განცხადებით ბედნიერია და მას ალიანსის წარმატებას უწოდებს.

„არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება. შეცდომებს ვუშვებთ და ალბათ კიდევ დავუშვებთ, მაგრამ მთავარი მათი აღიარება და გამოსწორებაა. სწორედ ეს, და არა უშეცდომობა, გამოარჩევს პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას. პირადად ჩემთვის ეს განცხადება ალიანსის წარმატებაა და ძალიან სასიხარულოა."

ამავდროულად, ოპოზიციონერების მენტორობას კი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც განაგრძობს. „ამათთვის მთავარი ქურდი არის პუტინი, ბიძინა არის „ძველი ბიჭი". ევროპელები წესიერად იქცევიან და ესენი უნდათ დაჩაგრონ, ხუთოსნები და წესიერად მომქცევი ადამიანები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ოპოზიციური გაერთიანება. ოპოზიციამ უნდა ჩახერგოს ყველა გზა ამ რეჟიმისთვის," - თქვა სააკაშვილმა სასამართლოზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×