
ამერიკისა და ესპანეთის ლიდერებს შორის კონფრონტაცია კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ესაა ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელსაც ეყო გამბედაობა ღიად დაერტყა ტრამპისთვის მაშინ, როცა მისი კოლეგები, მათ შორის უფრო ძლიერი ქვეყნების ლიდერები, ასე ვთქვათ, ბუჩქებში დაიმალნენ. ის ახლა სავაჭრო სანქციების მუქარა იღებს.
ტრამპი ესპანეთთან ვაჭრობის საერთოდ გაწყვეტის პირობას დებს, თუმცა ეკონომისტები ფიქრობენ, რომ წმინდა ტექნიკურად, რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკურ საფუძვლებზე, ეს შეუძლებელია.
ამერიკის მუქარის საპასუხოდ ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა 10-წუთიანი სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა და ირანის კონფლიქტზე თავის პოზიცია განმარტა. თქვა, რომ ომი არ სურს და ამერიკა-ისრაელის ქმედება არა მარტო მრავალ სიცოცხლეს იწირავს, არამედ აღრმავებს გლობალურ არასტაბილურობას და მძიმე ეკონომიკური შედეგები მოაქვს. ნებისმიერი მთავრობის მთავარი ვალდებულებაა საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვა და მათი ცხოვრების გაუმჯობესება - და არა გლობალური კონფლიქტებით მანიპულირება ან მათგან სარგებლის მიღება.
„სრულიად მიუღებელია, როდესაც ის ლიდერები, რომლებიც ამ ვალდებულების შესრულებას ვერ ახერხებენ, საკუთარი წარუმატებლობის დასაფარად ომს იყენებენ და ამ პროცესში რამდენიმე რჩეულს ამდიდრებენ - იმავე ხალხს, ვინც, როგორც ყოველთვის, სარგებელს იღებს მაშინ, როცა მსოფლიო საავადმყოფოების ნაცვლად რაკეტების აშენებას იწყებს," - განაცხადა სანჩესმა.
შემდეგ კი დაამატა: „გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ ნანგრევებიდან შეიძლება დემოკრატიამ იფეთქოს. ჩვენ არ ვიქნებით თანამონაწილეები იმაში, რაც საზიანოა მსოფლიოსთვის და ასევე ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს - მხოლოდ იმის შიშით, რომ ვინმე შურისძიებას დაგვიპირებს."
„ვის გულისხმობდა „ვინმე"-ში დამატებით განმარტებას არ საჭიროებდა" - ვკითხულობთ „გარდიანის" სტატიაში.
ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპმა ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტის მუქარა გააჟღერა - მიზეზად კი მადრიდის უარი დაასახელა, რომ ანდალუსიაში მდებარე ორი ერთობლივი სამხედრო ბაზა ირანზე დარტყმებისთვის გამოყენებულიყო.
„ესპანეთმა გვითხრა, რომ მათ ბაზებს ვერ გამოვიყენებდით. ეს არაფერია, არც გვჭირდება. ეს რომ გვსურდეს, მაშინ მათ გამოვიყენებდით. ვერავინ გვეტყვის, რომ ვერ გამოვიყენებთ. ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შევწყვეტთ. არ გვსურს, რომ ესპანეთთან რაიმე სახის საქმე გვქონდეს," - განაცხადა ტრამპმა.
თავისი პოზიციის გაჟღერებით სანჩესი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ევროპელ ლიდერთაგანი გახდა, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნები ღიად და მკაფიოდ უარყო - პრეზიდენტისა, რომლის მოლაპარაკების სტილი ხშირად აგრესიულია და მოიცავს ზეწოლას, დამცირებასა და საკუთარი მნიშვნელობის გადაჭარბებულ წარმოჩენას - წერს ბრიტანული „გარდიანი".
საყურადღებოა, რომ ბოლო გამოკითხვით, აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ესპანელთა მხოლოდ 15.7%-ს აქვს. ოთხშაბათის მიმართვამ სანჩესის მემარცხენე ელექტორატი აღაფრთოვანა, თუმცა მისი პოლიტიკური ოპონენტებისგან კრიტიკა დაიმსახურა.
კონსერვატიული სახალხო პარტიის ლიდერებმა პრემიერ-მინისტრი პარტიული პოლიტიკის თამაშში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ იგი ესპანეთისა და აშშ-ის ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის.
მეორეს მხრივ, ულტრამემარჯვენე, პრო-ტრამპული პარტია „ვოქსის" ლიდერმა, სანტიაგო აბასკალმა თქვა, რომ გადაწყვეტილება „აიათოლებმა" მიიღეს და არა მთავრობამ - ასევე მიანიშნა პრემიერ-მინისტრზე, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლებაში დასარჩენად ყველაფერს აკეთებს, მიუხედავად კორუფციული სკანდალების სერიისა, რომლებიც მის ახლო გარემოცვას, სოციალისტურ პარტიასა და ადმინისტრაციას უკავშირდება.
- სანჩესი: „მოწიფული გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ ნანგრევებიდან შეიძლება დემოკრატიამ ან ქვეყნებს შორის პატივისცემამ იფეთქოს.
თუმცა სანჩესის მკვეთრი რიტორიკა მისთვის უჩვეულო სულაც არ არის. ის ღაზაში ისრაელის ქმედებებს, ბევრი სხვა ევროპელი ლიდერისგან განსხვავებით, ღიად და ხმამაღლა აკრიტიკებდა. ამასთან, მან შეერთებული შტატების მიერ ვენესუელაში ნიკოლას მადუროს ძალით დამხობის გადაწყვეტილებაც არ მოიწონა. სანჩესი ასევე გლობალური ტენდენციების საწინააღმდეგოდ მოქმედებს მიგრაციის საკითხშიც - იმ დროს, როდესაც ევროპის ბევრ პოლიტიკოსს მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის მომხრეა, სანჩესი მიგრაციის სარგებელზე საუბრობს და მის მხარდაჭერას ცდილობს.