
ოპოზიცია და მათი მრჩევლები ხვდებიან, რომ ამომრჩეველს კარგავენ და ცდილობენ, ერთიანობაში რაღაც შეინარჩუნონ, მეორე რეალური ცხოვრებაა, რომელიც ცისკარიშვილ-ჩერგოლეიშვილის ურთიერთობაში გამოსჭვივის ძალიან მკვახედ, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება უფრო იძულებითი ქმედებაა, ვიდრე სურვილი.
„ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“. აქ რა ნაწილია გულწრფელი და რა იძულებითი ქმედება, ალბათ, უფრო მეტად იძულებით ქმედებაა გაერთიანების, ვიდრე სურვილი. როცა საუბარია იმაზე, რომ ერთ პარტიად ჩამოყალიბდნენ, ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას პარტია იღებს და არა კოალიცია. ისინი და მათი მრჩევლები ხვდებიან, რომ თავიანთ ამომრჩეველს კარგავენ და რამენაირად, იქნებ, ერთიანობაში რაღაც შეინარჩუნონ. მეორე რეალური ცხოვრებაა, რომელიც ცისკარიშვილ-ჩერგოლეიშვილის ურთიერთობაში გამოსჭვივის ხოლმე ძალიან მკვახედ. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, სიზუსტე უნდა იყოს დაცული, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღოს. პოლიტიკური პარტიების გაქრობის მიმართულებით თუ ვინმემ „იღვაწა“, ეს რადიკალები იყვნენ. რაც მათ საკუთარი ამომრჩევლის და ხალხის წინაშე ჩაიდინეს, ეს არის მათი გაქრობისკენ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი და „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება პეტრე ცისკარიშვილის სოციალურ ქსელში ერთ-ერთ პოსტს მოჰყვა, სადაც ჩერგოლეიშვილმა და ცისკარიშვილმა ერთმანეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს. ამასთან, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან შეთანხმების წესები“.