რეზონანსი
10.03.2026

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში დევიდ ო სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

„თავდაპირველად საქართველოს ყულევის პორტის ჩართვა სანქციების მე-20 პაკეტში იგეგმებოდა რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვებისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ შესვლის გამო. ეს პირველადი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს.

მივესალმებით თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს გემებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან, შევიდნენ პორტებში, ან მიიღონ მომსახურება. ვალდებულება აგრეთვე აიღო "სოკარმა" იმის თაობაზე, რომ იმოქმედებს ევროკავშირის მკაცრი სანქციების შესაბამისად, ფასის ზედა ზღვრის დაცვითა და რუსულ ნედლ ნავთობზე და მისგან წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვის გათვალისწინებით“, - აღნიშნულია წერილში.

დევიდ ო სალივანი აგრეთვე განმარტავს, რომ ასეთმა გარემოებებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიეს მათ ანალიზზე, რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ ყულევის პორტი სანქციათა ახალი პაკეტიდან ამოიღეს.

წერილში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბრიუსელი ყურადღებით აკვირდება რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გადაადგილებას. მისი ყურადღების ცენტრშია აგრეთვე სავაჭრო შეზღუდვების კონტროლი.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მუდმივ ძალისხმევას ამ მიმართულებით და გთხოვთ მომავალშიც უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთში ასეთი მგრძნობიარე პროდუქციის ექსპორტისა და რეექსპორტისთვის არ გამოიყენებოდეს“, - დასძინა მან.

ევროპელი ჩინოვნიკი აგრეთვე სთავაზობს ბოჭორიშვილს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ევროპელ და ქართველ ექსპერტებს შორის გაიმართოს შეხვედრა, სადაც მხარეები სანქციებთან დაკავშირებით ერთმანეთს ინფორმაციას გაუზიარებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×