
ისრაელის დარტყმებმა ირანში საწვავის 30 საწყობზე „მნიშვნელოვნად გადააჭარბა“ აშშ-ის მოლოდინს და მოკავშირეებს შორის პირველი სერიოზული უთანხმოება გამოიწვია, - წერს Axios-ი ორივე მხარის წყაროებზე დაყრდნობით.
ისრაელმა საწვავის საწყობებზე დარტყმები შაბათს, 7 მარტს განახორციელა. „ცაჰალში“ განმარტეს, რომ ეს საწყობები „ირანული რეჟიმის მიერ გამოიყენებოდა“, მათ შორის სამხედრო უწყებების მომარაგებისთვის.
„ისრაელის მხარემ აშშ-ს ამ შეტევის შესახებ წინასწარ შეატყობინა, თუმცა ამერიკელი სამხედროები გაოგნებულნი დარჩნენ დარტყმების მასშტაბურობით“, - წერს Axios-ი. ისრაელელი მაღალჩინოსნის თქმით, ამის შემდეგ აშშ-ის გზავნილი ისრაელისადმი ასე ჟღერდა: „WTF“ (რა ჯანდაბაა).
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში შეშფოთებულნი არიან, რომ ინფრასტრუქტურაზე ისრაელის დარტყმებმა შესაძლოა ირანული საზოგადოება რეჟიმის გარშემო გააერთიანოს და ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვიოს. „პრეზიდენტს არ მოსწონს ეს შეტევა. მას სურს ნავთობის დაზოგვა და არა მისი დაწვა. ეს ხალხს ბენზინზე მაღალ ფასებს ახსენებს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა.
რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა (ტრამპის ახლო მოკავშირემ) ისრაელს მოუწოდა, „ფრთხილად იყოს“ სამიზნეების შერჩევისას. მან აღნიშნა, რომ ისრაელმა რეჟიმის შერყევის კუთხით „შთამბეჭდავი შესაძლებლობები“ აჩვენა, თუმცა „მალე დადგება დღე, როდესაც ირანელი ხალხი თავად გადაწყვეტს საკუთარ ბედს“. აქედან გამომდინარე, ისრაელი ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ნავთობზე დაფუძნებულ ეკონომიკას ირანელი ხალხისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, რათა მათ „რეჟიმის დაცემის შემდეგ ახალი და უკეთესი ცხოვრების დაწყება შეძლონ“.
მანამდე გავრცელდა ცნობები, რომ დარტყმების გამო ხვალ ისრაელში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები - ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი ჩავლენ.