რეზონანსი
09.03.2026

მთელი სქემაა, სადაც ვხედავთ ქართველ ყორღანაშვილებს, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ უცხო ძალებთან, რათა შექმნან საბაბები საქართველოზე სხვადასხვა სახის საინფორმაციო-პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე, რომელიც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ეხება და ამ გამოძიების ფარგლებში დაკითხულ პოლიტიკოსებზე.

„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საკითხით დაინტერესდა და ყურადღებით დააკვირდნენ ასეთი სუბიექტების მოქმედებას საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ხელის გულზე დევს, რასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო თავდასხმასთან. ეს არის ჰიბრიდული ომის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მეთოდი. სახელმძღვანელოებში პირდაპირ გაწერილია, როგორ იქმნება ყალბი კვაზი, მეცნიერული ნაშრომები, ეგრეთ წოდებული კვლევები. პირდაპირ ნაბიჯებად არის გაწერილი, რომ ჯერ იქმნება ყალბი კვლევა, რომლის ტირაჟირება ხდება მედიის მხრიდან, შემდეგ ამაზე გამოხმაურება. ამით იქმნება აღქმა გარკვეულ ქვეყანასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, საქართველოს წინააღმდეგ გვაქვს პირდაპირი საინფორმაციო ომი, რომლის მონაწილეებად ისახებიან უცხოეთიდან დაფინანსებული აქტორები. ვხედავთ ტაივანის სეპარატისტული რეჟიმის დაფინანსებულ თინა ხიდაშელს, რომელსაც გამოკვეთილი ანტიქართული დღის წესრიგი აქვს, ცდილობს, დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა, გარე ძალებს შეუქმნას საბაბები საქართველოზე პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმის. ვხედავთ გიორგი კანდელაკს, რომელიც ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანია. ყველა კრიტიკულ მომენტში კანდელაკი არის პირველია ადამიანი, რომელიც ცდილობს დაბნეულობის შემოტანას საზოგადოებაში, ცდილობს, გარედან დარტყმის ობიექტი აქციოს საქართველო. გიორგი კანდელაკი  ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც უვიზო მომოსვლას გვაძლევდნენ, დარბოდა დერეფნიდან დერეფანში და ცდილობდა, პროცესი ჩაეშალა. შეგახსენებთ სამების ტაძარში ხატთან დაკავშირებულ სკანდალს. გიორგი კანდელაკი შეეცადა, არაფრიდან შეექმნა სკანდალი. ეს ადამიანი მუშაობს იმისთვის, რომ უცხო ძალებს შეუქმნას საბაბები საქართველოზე თავდასხმისა. ზუსტად ამას აკეთებს ეკა გიგაური, ესტონელი ენჯეოშნიკი. ვფიქრობ, მათთვის, ვისაც უნდა იკვლიოს დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის მეთოდები, საქართველოში შეუძლიათ ჩამოვიდნენ და დისერტაციები წერონ, როგორ ეხმარებიან ადგილობრივი ყორღანაშვილები უცხო ძალებს, რათა საქართველო მათი თავდასხმის ობიექტი გახადონ. პირდაპირ არის სქემა, რომელიც გამოჩნდა, დაიწერა ორი დეზინფორმაციულ-პროპაგანდირტული სტატია და საზღვარგარეთ გამოქვეყნდა. ორივეს ავტორები არიან ქართველები. უფრო სწორად, სამი ავტორია, თინა ხიდაშელი, რომელიც რაღაც კვლევებზე საუბრობს, დაკვირვებებზე, გიორგი კანდელაკი და კიდევ არის ერთი ქართველი ქალი, რომელმაც ასევე „ჰილსში“ გამოაქვეყნა სტატია. სამივე ეგრეთ წოდებული კვლევა არის ცრუ,  რომელმაც უნდა შექმნას საბაბი, აიწიოს საინფორმაციო ხმაური ამასთან დაკავშირებით, გაიხსნას ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ. მართლაც მძიმეა, როდესაც ყოფილი სამხედრო და ჩვენი სამხედრო ძალების ერთ-ერთი ყოფილი მაღალი ხელმძღვანელი პირდაპირ ეთერში ასახელებს, მისი აზრით, სად შეიძლება, სად იქნებოდა კარგი, რომ დარტყმა მიიტანოს, ვინც ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებს ემტერება. ეს არის მთელი სქემა, სადაც ვხედავთ ქართველ ყორღანაშვილებს, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ უცხო ძალებთან, რათა შექმნან საბაბები საქართველოზე სხვადასხვა სახის საინფორმაციო-პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმებისთვის“.

შეგახსენებთ, სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და, მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით. გამოძიება სსკ-ის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე, გიორგი კანდელაკი და ვახტანგ კაპანაძე გამოიკითხნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×