რეზონანსი
08.03.2026

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ონის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის პირველი 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შესყიდვების მართვისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის კუთხით სერიოზული ხარვეზები ფიქსირდება. აუდიტის ერთ-ერთი მთავარი მიგნება ბაზრის კვლევის პროცედურებს ეხება. ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტმა 4,297.1 ათასი ლარის ღირებულების შესყიდვები ბაზრის სათანადო კვლევის გარეშე განახორციელა.

კერძოდ, აუდიტმა გამოავლინა: 25 შესყიდვის შემთხვევაში ბაზრის კვლევა საერთოდ არ ჩატარებულა; 10 შესყიდვისას მოთხოვნა მხოლოდ ერთ კომპანიას გაეგზავნა; 7 შესყიდვაზე მერიამ კვლევის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია საერთოდ ვერ წარმოადგინა. აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ ამგვარი პრაქტიკა ზრდის რისკს, რომ ხელშეკრულებები საბაზროზე მაღალ ფასად გაფორმდა, რაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ ხარჯვას იწვევს.

აუდიტმა ასევე გამოავლინა შემთხვევები, როდესაც სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების გამო ბიუჯეტმა პირდაპირი ზიანი ნახა. ერთ-ერთ შემთხვევაში, კომისიამ დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტს არასწორად მიანიჭა დისკვალიფიკაცია, რის გამოც მუნიციპალიტეტს სამუშაოების უფრო მაღალ ფასად შესყიდვა მოუწია, რამაც 14.6 ათასი ლარის არაეკონომიური ხარჯი წარმოქმნა. სხვა შემთხვევებში, კომისიის არაერთგვაროვანი მოქმედების გამო, მუნიციპალიტეტმა მინიმუმ 11.2 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.

გარდა შესყიდვებისა, პრობლემურია ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაც. 2022-2023 წლებში ონის მუნიციპალიტეტმა დაგეგმილი სამუშაოების შესრულება 17%-ით და 20%-ით დააკლო. შედეგად, ვერ იქნა ათვისებული ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტი (3,186.2 ათასი ლარი ერთ წელს და 3,073.4 ათასი ლარი მეორე წელს).

იმავდროულად, აუდიტი მიუთითებს კონტროლის სუსტ მექანიზმებზე: არსებობს რისკი, რომ მერიამ მიმწოდებლებს შეუსრულებელი სამუშაოები ან შეუსაბამოდ გაწეული მომსახურება აუნაზღაურა. საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 211.9 ათასი ლარი, რადგან შესყიდული პროექტები გონივრულ ვადაში ვერ გამოიყენა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ონის მერიას რეკომენდაციით მიმართა, დანერგოს კონტროლის მექანიზმები, რათა შესყიდვების სავარაუდო ღირებულება რეალურ საბაზრო ფასებს შეესაბამებოდეს და უზრუნველყოფილ იქნეს საბიუჯეტო სახსრების რაციონალური გამოყენება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×