
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ ავტომობილის ადევნება ავარიით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი და ოპერაციისთვის ამზადებენ.
ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შემთხვევის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობასა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ადგილობრივები "პირველებს" მომხდარის შესახებ უყვებიან.
„ერთი ხმა კი გავიგე და მე ვთქვი, მგონი, დიდ კარებს დაეჯახა რაღაცას. მანამ გავედი, უკვე ქვეყანა ხალხი იყო. თქვეს პატარა ბალღები იყოო. მე არ ვიცი, ვინ იყვნენ, ბევრი პოლიციაც იყო. ისეთი განათებული იყო გზა, სულ ინსპექტრები იყვნენ“, - ამბობს ადგილობრივი.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დილამდე მიმდინარეობდა.
სოფელ აღაიანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა.
"მიმდინარე წლის 7 მარტს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მოძრავ ავტომობილს გაჩერებისკენ მოუწოდა. სამართალდამცველების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ავტომობილის მძღოლმა დიდი სიჩქარით განაგრძო მოძრაობა სოფელ აღაიანის მიმართულებით, რის გამოც საპატრულო ეკიპაჟი კანონდამრღვევ ავტომობილს უკან გაჰყვა. „KIA”-ს მარკის ავტომობილის სახელმწიფო ნომრის იდენტიფიცირებისთანავე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ჩამოშორდა კანონდამრღვევ ავტომობილს.
სოფელ აღაიანიდან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მიმართულებით მოძრაობისას, საპატრულო ეკიპაჟის მიერ ნანახი იქნა „KIA”-ს მარკის დაზიანებული ავტომობილი და მასში მყოფი სამი პირი, რომლებიც პატრულ-ინსპექტორების დახმარებით გადმოყვანილ იქნენ ავტომობილიდან.
დაშავებული პირები მოგვიანებით შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, რა დროსაც დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომობილი.
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისა და საპოლიციო საქმიანობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.