რეზონანსი
08.03.2026

„ირანში საომარი ბატალიები თუ გაგრძელდება, ცენტრალური აზიის ტვირთნაკადი წამოვა საქართველოსკენ“, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, პაატა ცაგარეიშვილმა რადიო-გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„ჩვენ მოველით, რომ ახლო მომავალში, თუ ეს საომარი ბატალიები გაგრძელდება ირანის ტერიტორიაზე, ცენტრალური აზიის ტვირთნაკადი წამოვა ჩვენკენ. მაგრამ აქ კიდევ ერთი საკითხია - საქართველოს სატრანსპორტო სისტემა, კერძოდ რკინიგზა და პორტები, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, არ არის ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად ადეკვატური. ჰორმუზის სრუტეში წარმოქმნილი ტვირთის საცობი, შესაძლოა საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური ფანჯარა იყოს, საიდანაც ქვეყანა საკმაოდ მნიშვნელოვან სარგებელს ნახავს, რადგან დაახლოებით 3-4 მლნ ტონის ტვირთებზეა საუბარი. თუმცა, ამ ტვირთის მიღების შემთხვევაში, როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდება საქართველო, ამაზე ჯერ რთულია საუბარი“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო ესკალაცია 28 თებერვალს დაიწყო, მას შემდეგ რაც ისრაელმა და აშშ-მა ირანზე ერთობლივი საჰაერო და სარაკეტო შეტევა დაიწყეს. თავის მხრივ კი, ირანმა სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ სარაკეტო იერიში მიიტანა როგორც ისრაელზე, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე.

ირანში ომის დაწყების შემდეგ ფაქტობრივად შეჩერებულია ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები. არსებული მონაცემებით, სპარსეთის ყურის პორტებში 3000-ზე მეტი გემი არის ჩარჩენილი და ჰორმუზის სრუტეში გავლას ელოდება. ამის ფონზე ანალიტიკოსები უკვე საუბრობენ გლობალური მიწოდების ჯაჭვის წყვეტის, ფასების ზრდის, შესაძლო სასურსათო კრიზისის, ლტოლვილთა ნაკადის ზრდის საფრთხეებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×