რეზონანსი
06.03.2026

ევროკომისია უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის, ბოლოდროინდელ განცხადებებს მიუღებლად მიიჩნევს. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, ოლოფ გილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ უნდა ემუქრებოდეს.

„პრეზიდენტ ზელენსკის კომენტარებთან დაკავშირებით, ჩვენ, როგორც ევროკომისია, ნათლად ვაცხადებთ, რომ ასეთი ლექსიკა მიუღებელია. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიმართ არანაირი მუქარა არ უნდა იყოს,“ – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ამასთან, ოლოფ გილი აღნიშნავს, რომ ასეთი რიტორიკა არცერთი მხრიდან არაა სასარგებლო და არც საერთო მიზნების მიღწევას უწყობს ხელს.

„ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ამ საკითხს ყველა მხარესთან. ჩვენი მიზანია ვაიძულოთ ყველა, რომ დამშვიდდნენ, რიტორიკა შევამსუბუქოთ და ჩემს მიერ ნახსენები მიზნები განვახორციელოთ. კერძოდ, მივიღოთ ყველა შესაძლო ზომა რუსეთზე ზეწოლის მიზნით, რათა დაასრულოს დამპყრობლური ომი, გამოვყოთ სესხი უკრაინისთვის და უზრუნველვყოთ ჩვენი წევრი სახელმწიფოების ენერგეტიკული უსაფრთხოება“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

როგორც ოლოფ გილმა აღნიშნა, ევროკომისია ამ მიზნების მისაღწევად ყველა მხარესთან მუშაობას გააგრძელებს.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდ ევროს თუ დაბლოკავს, კიევი მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აცნობებს. უკრაინული მედიის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე მიანიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×