
მაინტერესებს, ხარჯები და შემოსავლები, რა მეთოდით შეაფასეთ? რატომ არის გაყალბებული დასკვნა? ეს არის დასკვნის გაყალბება - ხარჯებს რომ მითვლით, როცა „აიფონი“ ვიყიდე და ბანკში რომ თანხა მაქვს შეტანილი, ამას არ მითვლით, ეს რა სამართალია, ბატონო მოსამართლევ? - ამ კითხვებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ბრალდებულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ შემოსავლების სამსახურის აუდიტის წარმომადგენელს, ივანე ბედინაშვილს მიმართა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ივანე ბედინაშვილი პროკურატურის მხრიდან მოწმის სახითაა წარმოდგენილი. მისი თქმით, შემოსავლების სამსახურის აუდიტმა შეისწავლა ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი ოჯახის წევრებისა და მასთან დაკავშირებული პირების, მათ შორის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის, შემოსავლები და გასავლები.
მოწმის თქმით, კერძოდ, ისინი ადგენდნენ 2015 წლიდან თავდაცვის ექსმინისტრის ქონებრივ მდგომარეობას, აქტივებს, კრიპტოვალუტის წარმოშობის წყაროს და ა.შ. ასევე ადგენდნენ უძრავი და მოძრავი ქონებებიდან მიღებულ თანხებს.
ამასთან, სამსახურს უნდა დაედგინა ჯუანშერ ბურჭულაძის თანამდებობაზე ყოფნისას მიღებული შემოსავლები. მოწმე ივანე ბედინაშვილის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან დაკავშირებული პირები 2025 წლის მონაცემებით, მათ შორის ფლობდნენ 31 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას. 2024 წლის მდგომარეობით ფლობდნენ 41 ერთეულ უძრავ ქონებას, აღნიშნული ქონებიდან 15 ერთეული ქონება, ისეთი ქონება იყო, რომელსაც ფლობდნენ 2014 წელსაც.
მოწმის თქმით, 2024 წლის 8 თებერვლიდან 2025 წლის აგვისტომდე, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავლები ხელფასის სახით შეადგენდა 376 ათასზე მეტ ლარს.
„მათ შორის, აზარტული თამაშებიდან მიღებული თანხა შეადგენდა 800 000-ზე მეტ ლარს. ასევე, 2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, 3 მლნზე ლარზე მეტს შეადგენდა გაწეული თანხები.
უძრავი ქონებით მიღებულმა ხარჯმა რეალიზაციით მიღებულ თანხას გადააჭარბა 1 მილიონი ლარით. ჯამში ხარჯებმა შეადგინა 8 მილიონზე მეტ ლარს. 2015 წლის იანვრიდან 2024 წლის დეკემბრამდე, ბურჭულაძის და მისი ოჯახის მიერ მიღებული თანხები აღემატება 10 მილიონ ლარს“, - განაცხადა ივანე ბედინაშვილს.
მოწმის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიმართ კითხვები ჰქონდა ბრალდებულ ექსმინისტრს. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, ამ დასკვნით სასამართლოს შეცდომაში შეყვანა ხდება.
„მაინტერესებს, ხარჯები და შემოსავლები რა მეთოდით შეაფასეთ? მეთოდები არის აბსოლუტურად აცდენილი ერთმანეთში, ხარჯებს თვლიან სხვა მეთოდით, შემოსავლებს სხვა მეთოდით....
კითხვა - რატომ არის გაყალბებული დასკვნა? ეს არის დასკვნის გაყალბება. შეურაცხყოფა არ მიმიყენებია (მოწმისთვის). რატომ გასცდნენ დასკვნას და თანაც ისეთი ინტერპრეტაციით, რითაც შეცდომაში უნდა შეიყვანონ სასამართლო. რატომ არ არის მითითებული დასკვნაში ობიექტური მომენტები? რატომ არის დასკვნაში ინფორმაცია არასრულად მითითებული? აქ ნიუანსებზეა საუბარი და ვასაბუთებ იმას, რასაც ბრალდება მედავება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ბრალდება ლეგალიზაციაში უთვლის მისი შვილის, დავით ბურჭულაძის შემოსავლებსაც და ეს იმ ფონზე, როცა მის შვილს თანხას, სიდედრი ურიცხავდა.
„ხარჯებს რომ მითვლის როცა „აიფონი“ ვიყიდე და ბანკში რომ თანხა მაქვს შეტანილი, ამას არ მითვლის, ეს რა სამართალია, ბატონო მოსამართლევ? როცა თანამდებობაზე დავინიშნე, (თავდაცვის მინისტრობამდე) ვფლობდი 9 ბინას, როცა წამოვედი ვფლობდი 7 ბინას. არის თუ არა ეს მითითებული დასკვნაში?" - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, გიორგი ხაინდრავას,ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება ერთ-ერთი ბრალდებული, ვლადიმერ ღუდუშაური.