რეზონანსი
06.03.2026

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების არსებული პროცედურებით უკრაინა ბლოკის წევრი 2027 წელს ვერ გახდება.

როგორც კოსმა განაცხადა, საჭიროა ევროკავშირის გაწევრიანების პროცედურების შეცვლა, რადგან ის დღევანდელ გამოწვევებს არ პასუხობს.

„მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არ შეესაბამება იმ რთულ დროს, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ“, - განაცხადა ევროკომისარმა.

სააგენტოს ცნობით, ბოლო დროს ევროკავშირში გაწევრიანების მრავალწლიანი პროცედურის შეცვლის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება, რადგან ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინას გარანტიას ვერ მისცემს, რომ ის 2027 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანდება. ევროკომისია უკრაინის ეტაპობრივი გაწევრიანების გეგმაზე მუშაობს.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, აღნიშნულმა საკითხმა ევროკავშირში შემავალი ქვეყნები ორად გაყო. ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შემსუბუქებას ეწინააღმდეგება გერმანია. უკრაინის გაწევრიანებას ბლოკში დიდ ხანია ეწინააღმდეგება უნგრეთიც. მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ საკითხს ლიდერები 19 მარტს დაგეგმილ სამიტზე განიხილავენ.

მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირის წესები რეალობას უნდა ასახავდეს. მისი თქმით, თუ ბლოკი წევრობისკენ მიმავალ გზას უფრო ნათელს და მკაფიოს არ გახდის, არსებობს რისკი, რომ სხვა კანდიდატი ქვეყნები, ისეთები, როგორიცაა მონტენეგრო და მოლდოვა, რუსეთის ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ.

„თუ ჩვენ აღნიშნულ ქვეყნებს არ გავაწევრიანებთ სწრაფად, ან სხვა მიდგომისა და მეთოდის გამოყენებით, ყველაზე დიდი საფრთხე იქნება ის, რომ ამ ქვეყნებში ხელისუფლებაში სხვა ხალხი მოვა და გამოიყენებს მათ ჩვენ წინააღმდეგ“, - თქვა კოსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×