
თუ ირანში არასტაბილურობა გაგრძელდება, საქართველო დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას შეძლებს. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ამას პირდაპირ მიუთითებს. რაც შეეხება დარგის სპეციალისტებს, მათი აზრი ორად იყოფა - ნაწილი თვლის, რომ თუ კონფლიქტი გაგრძელდება, ტვირთნაკადები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოინაცვლებს, მეორე ნაწილის აზრით კი, ტვირთნაკადების ზრდას და ზოგადად, სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ანალიტიკური სტატიის მიხედვით, ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, რეგიონში გამოწვეული სატრანსპორტო დერეფნების ბალანსის დარღვევა, შუა დერეფანს და საქართველოს დამატებით სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს.
„არსებული გაურკვევლობის მიუხედავად, მიმდინარე პროცესები საქართველოს დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვისა და რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის პოზიციის გაძლიერებისთვის ახალ შესაძლებლობას უქმნის. პროცესები ნაკლებად პროგნოზირებადია და ამ ეტაპზე, შესაძლოა, მხოლოდ ჰიპოთეტურ გათვლებზე იყოს საუბარი. თუ შუა დერეფნის განვითარების დინამიკას გადავხედავთ, 2022 წელს, რეგიონში საომარი დაპირისპირების შედეგად, საქართველოს გავლით გადაზიდვების მოცულობა 50%-ით გაიზარდა. ეს მნიშვნელოვანი წინსვლა იყო, თუმცა მომდევნო - 2023, 2024 და 2025 წლებში, ამ ზრდის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და გარკვეული კლების ტენდენციაც დაფიქსირდა. ეს მიუთითებს, რომ საქართველომ სრულად ვერ გამოიყენა არსებული ეკონომიკური შესაძლებლობის ფანჯარა“, - აღნიშნულია ანალიტიკურ სტატიაში.
ბოლო წლებში, ცენტრალური აზიის ქვეყნებმა აქტიურად დაიწყეს ირანის მიმართულებით სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის გაღრმავება. მაგალითად, 2023 წელს, აშხაბადმა და თეირანმა საზღვარზე ახალი ეკონომიკური ზონის შექმნა დააანონსეს. იმავე წელს ყაზახეთმა, თურქმენეთმა და ირანმა კონკურენტული სატარიფო პოლიტიკა შეიმუშავეს.
„2024 წელს ყაზახეთმა, თურქეთმა, ჩინეთმა და ირანმა საკონტეინერო გადაზიდვებისთვის ახალი სატარიფო სისტემა წარადგინეს. 2025 წელს გაფართოვდა ურიკების შემცვლელი მეშჰედ-სერაქსის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, თურქმენეთ-ირანის საზღვარზე. 2026 წელს, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა შუა დერეფნის პარალელურად, ირანის მიმართულებითაც აძლიერებს გადაზიდვებს. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები აქტიურად ცდილობენ ირანის გავლით სამხრეთის ნავსადგურებთან დაკავშირებას. თუმცა, თუ ირანში არსებული არასტაბილურობა გაგრძელდება, ეს ყოველივე ავტომატურად გაზრდის შუა დერეფნის მნიშვნელობას და საქართველოს შეუძლია დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვა, განსაკუთრებით, ყაზახეთსა და უზბეკეთში წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მიმართულებით“, - ასეთია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პროგნოზი.
ამავე პროგნოზის მიხედვი, არ არის გამორიცხული, რომ კასპიის ზღვაზე, ირანის ჩრდილოეთ ამირაბადისა და ენზელის ნავსადგურებიდან ტვირთები აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზის გავლით, ისევ შავი ზღვის ნავსადგურების მიმართულებით გადაიზიდოს. ამ პროგნოზს კატეგორიულად არ ეთანხმება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი, გელა კვაშილავა. მან „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ირანში და ზოგადად, რეგიონში არასტაბილურობა გაგრძელდება, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ყველა ქვეყნისთვის.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. მთავარია, ქვეყნებს შორის ურთიერთობა, რომელიც ურთიერთთანამშრომლობას და ურთიერთინტეგრაციას უნდა ეფუძნებოდეს. სწორედ ამას შეუძლია ქვეყნის ეკონომიკის და ზოგადად, ყველა კორიდორის განვითარება. შესაბამისად, სტაბილურობა უფრო გვაწყობს, რომ ჩვენი ეკონომიკაც ამ ქოლგის ქვეშ განვითარდეს.
რაც შეეხება სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ანალიზს, ეს მხოლოდ ვარაუდია. რეალურად, უმთავრესია, რომ ბიზნესაქტორებს უსაფრთხოების მოლოდინი ჰქონდეთ, ესაა მნიშვნელოვანი შემდგომი განვითარებისა და ინვესტიციებისთვის. აუცილებელია, სტაბილურობა ხანგრძლივ პერსპექტივაში შენარჩუნდეს, მაგრამ ომის დროს, ძნელია განვითარებაზე საუბარი. რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა უნდა იყოს, მხოლოდ ასე განვითარდება დერეფანი და გაიზრდება ტვირთნაკადები“, - განუცხადა „რეზონანსს“ გელა კვაშილავამ.
სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს პოლიტოლოგსა და ეკონომისტს დავით ჩიხელიძეს. მისი პროგნოზი სრულად ემთხვევა სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ანალიზს. მეტიც, ჩიხელიძეს მიაჩნია, რომ რეალუად, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი საქართველოსთვის ერთგვარი გამოწვევა და სრულიად ახალი შესაძლებლობების ფანჯარაა.
„მთავარია,საქართველომ შეინარჩუნოს დაბალანსებული პოლიტიკა, იყოს მშვიდობა ქვეყანაში, არ ავყვეთ პროვოკაციებს და ისევ შევინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი, როგორც აქამდე გვქონდა. რაც შეეხება ტვირთების მოცულობის ზრდას, ჩვენს შემთხვევაში, ორი შესაძლებლობა გვაქვს - ერთია, ტვირთნაკადების მნიშვნელოვანი ზრდა, რადგან ჩვენ ვართ რეალურად დამაკავშირებელი ევროპასთან და მეორეა ენერგომატარებლები. რეალურად, ევროპა უფრო მეტად გახდება დამოკიდებული ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობაზე. შესაძლებელია, ირანის კონფლიქტმა მოგვცეს საშუალება, რომ საქართველოს როლი უფრო მეტად გაიზარდოს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ დავით ჩიხელიძემ.
მისი აზრით, მშვიდობის შენარჩუნების გარდა, კავკასიის სამივე ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს - სხვა ალტერნატივა არც გააჩნია. გადარჩენის ერთადერთი გზა, სამივე ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობაა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მიმართულებით.
„სწორედ ამის შესახებ ისაუბრეს სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა - ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი კობახიძემ, როდესაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ კავკასიაში ყალიბდება ახალი ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს თანამონაწილეობით. ირანი ყიველდღიურად აფართოებს თავის სამხედრო ოპერაციას და უფრო მეტი ქვეყანა ერთვება კონფლიქტში, ამიტომ ყოველდღიურად იზრდება საქართველოს როლი, იყოს ევროპისთვის ერთგვარი, უსაფრთხო ხიდი, რომლითაც ევროპას შეუძლია უსაფრთხოდ მიიღოს გარკვეული რესურსები“, - განუცხადა „რეზონანსს“ დავით ჩიხელიძემ.