
ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ფორმატი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაჯამებლად, თუ როგორი დინამიკა გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებში და რა გეგმები გვაქვს მომავალში. მეორე მხრივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთ-საქართველოს სამთავრობოთაშორისო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, დღეს ვერავინ უარყოფს იმ როლს, რა როლსაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თამაშობენ გლობალურად კონტინენტზე და, ზოგადად, დაკავშირებადობის კუთხით, როგორ იზრდება ამ რეგიონის პოტენციალი.
„ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რაც ჩვენ გვაკავშირებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ამ შემთხვევაში, საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ ძალას და ახალ მნიშვნელობას იძენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ორი ქვეყნის ლიდერებს შორის არის ძალიან მეგობრული, კარგი ურთიერთობა. ორი ქვეყნის მთავრობებს შორის არის ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი, რაც ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა და კარგი, მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.