
ფაქტობრივად, მათი სახით გვყავს ლოკალური ომის პარტია, რომელიც ყოველთვის მზად არის, რომ დადგეს ომის მხარეს, ყველაფერი გააკეთოს, რათა საქართველო იყოს ამ დაძაბულობის, დაპირისპირების და საომარი დღის წესრიგის ნაწილი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა რადიკალებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ.
„ჩვენი ყოველი ნაბიჯი და განცხადება იქნება ძალიან ფრთხილი, მშვიდობისკენ მომართული. ეს იყო მთავრობის განცხადებაში ნათქვამი და ეს იქნება თითოეული ჩვენგანის პოლიტიკა. ჩვენ ვხედავთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ფაქტობრივად, მეტ-ნაკლებობით და პირდაპირ ჩართულობით დაახლოებით 15 ქვეყანაა ამ პროცესებში ჩართული. იბომბება აეროპორტები, სტრატეგიული ობიექტები. ნავთობის ბაზები თუ საწარმო შენობები. ადამიანები ვერ ახერხებენ ფიზიკურად გადაადგილებას და რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ბედზე, რომელიც ამ ქვეყნებში იმყოფება, ზრუნავს სახელმწიფო, კეთდება ყველაფერი. ამ პირობებში ჩვენ ვხედავთ ქვეყნის შიგნით იმ მეხუთე კოლონას, რომელიც არამხოლოდ საკუთარ სახელმწიფოს და ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას, არამედ ზოგადად მშვიდობას ებრძვის. ჩვენ ეს არ გვიკვირს. მათგან იდენტური პოზიციები მოვისმინეთ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან. ჩვენ, ფაქტობრივად მათი სახით გვყავს ლოკალური ომის პარტია, რომელიც ყოველთვის მზად არის, რომ დადგეს ომის მხარეს, ყოველთვის მზად არის, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა საქართველო იყოს ამ დაძაბულობის, დაპირისპირების და საომარი დღის წესრიგის ნაწილი. ამისთვის არ იშურებენ ძალ-ღონეს. ზოგადად, ვითარების დეესკალაცია არის ალბათ ერთადერთი, რაც შეიძლება ამ მომენტში ინატრო ადამიანმა. ამ პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი მიმდევრები ჯამურად, „ნაციონალური მოძრაობა“ მათი მედიასაშუალებებით, ჟურნალისტებით, მომხრეებით გაგრძელებული, ნატრობენ რომ საქართველოში ბომბების ცვენის ხმა ისმოდეს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.