რეზონანსი
03.03.2026

2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღეს.

"პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება – საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება. იცით, რომ რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენა და დაანონსება 2025 წლის დეკემბერში მოხდა, შესაბამისად, შევეცადეთ, გარდამავალი პერიოდი ყოფილიყო მაქსიმალურად გამარტივებული სასკოლო საზოგადოებისთვის.

მშობელთა უმეტესობა უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ სკოლებთან და ბავშვებს ამზადებენ პირველი კლასისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესები,“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში სასკოლო ასაკთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საზოგადოებაში განხილვის საგნად იქცა. მისი თქმით, არაერთი დისკუსიის შედეგად, საქართველოს მთავრობამ მშობელთა პოზიცია და მათი საუკეთესო ინტერესები გაითვალისწინა.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დავიწყეთ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, სკოლებში განათლების ხარისხის ზრდისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. მათ შორის, ერთ-ერთი ინიციატივა შეეხება სასკოლო ასაკს. კერძოდ, იმას, რომ რეფორმის ფარგლებში ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. ჩვენი ეს ინიციატივა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო პროცესში ჩართვისთვის ბავშვის სოციალურ-ემოციურ მზაობასა და მისთვის მინიმალური კომპეტენციებისა და საჭირო უნარების განვითარებას.

ბოლო პერიოდში აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებაში იქცა განხილვის საგნად. გვქონდა აქტიური დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით – სხვადასხვა რეგიონში შევხვდი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის მშობლებს, რომელთა მხრიდან, სასკოლო ასაკის გარდა, არაერთი აქტუალური გამოწვევის შესახებ მივიღე ინფორმაცია. ამასთან, სისტემატურად ვეცნობოდით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, არაერთ მომართვასა და განცხადებას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მსურს, აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ განათლების ხარისხის ზრდას და პროცესები მაქსიმალურად იყოს საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული. არაერთხელ გვითქვამს, რომ ყოველთვის საინტერესოა განსხვავებული პოზიციების მოსმენა, მათ შორის, კრიტიკულისაც, თუ ის არგუმენტებით გამყარებული და დასაბუთებულია.

ჩვენ რეფორმის უმთავრეს მიზნად დავსახეთ სკოლებში მოსწავლეზე და მის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა. ამის შესაბამისად, კვლავ გავაგრძელებთ თანამშრომლობას სასკოლო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან, მშობლებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან, რათა ყველა გადაწყვეტილება ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ იყოს მიმართული და ეფუძნებოდეს პროფესიულ ანალიზს," – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×