
ოპოზიციურ ფლანგზე ერთობის მორიგი მცდელობა კულმინაციას უახლოვდება- პარტიებმა დღეს გაერთიანებაზე იმსჯელეს და საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესსზე შეთანხმდნენ, თუმცა პარალელურად იკვეთება განსხვავებული სტრატეგიები და „წითელი ხაზები", რაც აჩენს კითხვას: ჩამოყალიბდება თუ არა რეალური ალტერნატივა „ქართული ოცნების" წინააღმდეგ, თუ ეს არის მორიგი გაერთიანება, ბევრჯერ ნანახი ფინალით.
ოპოზიციურმა პარტიების ნაწილმა დღეს საბოლოო შეთანხმების მიზნით შეხვედრას გამართა. ფედერალისტების ვებ გვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც ვკითხულობთ , რომ ოპოზიციური პარტიების ალიანსი შეიქმნა.
„დღეს, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ალიანსი ვთანხმდებით საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და ვაცხადებთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით გავათავისუფლებთ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან, აღვადგენთ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ მმართველობას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და ქართველი ხალხის კეთილდღეობას."-ვკითხულობთ განცხადებაში.
შეთანხმებას ხელს აწერს, „კოალიცია ცვლილებებისთვის",გირჩი-მეტი თავისუფლება, „დროა","სტრატეგია აღმაშენებელი","სტრატეგია აღმაშენებელი", „ფედერალისტები","ედპ", „ევროპული საქართველო".
როგორც მოსალოდნელი იყო ალიანსში არც „ლელოს" და არც „გახარია-საქართველოსთვის" სახელები არ ფიგირირებს.
რამდენიმე დღის წინ, „ძლიერი საქართველო-ლელომ" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი.
კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით, თუმცა „ძლიერი საქართველო - ლელო" მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში.
მმართველი გუნდი ოპოზიციის ერთობაზე დიდ იმედებს თავიდანვე არ ამყარებდა.
„ოცნებიდან" ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ შესაძლოა ოპოზიციამ რაღაც ფორმალური ერთობა შექმნას, მაგრამ ეს ეფემერული იქნება.
- წილოსანი: ფორმალურად შესაძლოა რაღაც ერთობა შექმნან, მაგრამ ეფემერული იქნება, რადგან არ არსებობს ოპოზიცია,
„თუ ორი კვირის წინ ოპოზიციას პულსი არ ესინჯებოდა, „იმედზე" და POSTV-ზე თავდასხმამ მათ საშუალება მისცა რაღაც ახალი დღის წესრიგი შემოგვთავაზონ. ეს არის მათ გაერთიანებაზე კიდევ ერთხელ გააქტიურებული საუბარი. ფორმალურად შესაძლოა რაღაც ერთობა შექმნან, მაგრამ ეფემერული იქნება, რადგან არ არსებობს ოპოზიცია, რომელსაც ქართველი ხალხი ნამდვილად უჭერს მხარს. ეს არის ოპოზიცია, რომელსაც მხოლოდ გარე ძალების დახმარების იმედი აქვს", - აღნიშნა წილოსანმა.
შეგახსენებთ, 2 თვეზე მეტია ოპოზიციონერების ნაწილი გაერთიანებას აანონსებს, ამაზე საუაბრი, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ზურა „გირჩი" ჯაფარიძემ საპატიმრო დატოვა.
რას ემყარება ერთობა?
პარტიების ხელმოწერილ ერთობლივ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შეთანხმება ემყარება შემდეგ პრინციპებს:
„ერთობა ერთფეროვნების გარეშე:
ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე დემოკრატიული ალტერნატივა: პარტიები ვთანხმდებით, რომ ავტოკრატიულ რეჟიმს მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული დემოკრატიული ალტერნატივა დაამარცხებს
პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი: მიზნად ვისახავთ საზოგადოების ფართო ჩართულობით დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი და ჩამოაყალიბოს დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლება, რომელიც გაატარებს აუცილებელ რეფორმებს.
შეთანხმების მონაწილე პარტიები ვთანხმდებით ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხიმგებლობას მათი დარღვევისთვის.
ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე."-ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც „ფედერალისტები" აქვეყნებს.
ერთობა „ლელოსა" და გახარიას პარტიების გარეშე
„ლელოს" პოზიცია ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით თავიდანვე ორაზროვანი იყო.„ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ უნდა შეძლოს მომავალი არჩევნების დროს, ოპოზიციური ამომრჩევლის კონსოლიდაცია უდანაკარგოდ მოახდინოს.
„მე ვფიქრობ, ეს არის რამდენიმე პარტიის ორგანული გაერთიანება და რეალურად, ჩვენ ვიღებთ აღდგენილ „ნაციონალურ მოძრაობას". ეს, ალბათ, კარგია იმ თვალსაზრისით, რომ არის ბუნებრივი და ორგანული.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ უნდა „ლელოს" ერთი მთლიანი იყოს - მე ვფიქრობ, არჩევნების მთავარი ხიბლი არის არჩევანის თავისუფლებაში და ჩვენ ოპოზიციურ ველზე ამომრჩეველსაც უნდა მივცეთ არჩევანის საშუალება.
ვიღაცას ძალიან არ მოსწონს „ნაციონალური მოძრაობა", შეიძლება ძალიან არ მოსწონს „ლელო" ან კიდევ ვიღაც - ერთმანეთის გულისთვის ჩვენ ასეთი ამომრჩეველი არ უნდა დავკარგოთ და კრებსითად, ოპოზიციამ უნდა შეძლოს, რომ მომავალი არჩევნების დროს, ოპოზიციური ამომრჩევლის კონსოლიდაცია უდანაკარგოდ მოახდინოს. პრაგმატულადაც სწორია ამ ტიპის გადაწყვეტილება. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და აბსოლუტურად გაანალიზებულად და აწონ-დაწონილად მივიღეთ გადაწყვეტილება," - განაცხადა კაციტაძემ.
- ხვედელიანი: „გაერთიანება ამ ეტაპზე არ განიხილება."
უცვლელია გახარია-საქართველოსთვის პოზიციაც. ისინი ნაცმოძრაობასთან ნებისმიერ გაერთიანებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა, ჯერჯერობით, ისიც უცნობია ეს გაერთიანება „ნაცმოძრაობით" თუ მის გარეშე იქნება.
„გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ტატა ხვედელიანმა ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „გახარია საქართველოსთვის" წითელი ხაზია „ნაციონალური მოძრაობა" და მისი ნებისმიერი განშტოება და მათთან საერთოდ არანაირ თანამშრომლობაზე არ აპირებენ საუბარს.
„გაერთიანება ამ ეტაპზე არ განიხილება. „ლელოსთან" მიმართებაში, თვითმმართველობის არჩევნებზე გვქონდა თანამშრომლობისა და კოორდინაციის პრეცედენტი და საკმაოდ კარგად ვითანამშრომლეთ.
შესაბამისად, მათთან საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა გაერთიანებას არავისთან ვაპირებთ! მითუმეტეს წითელი ხაზია „ნაციონალური მოძრაობა" და მისი ნებისმიერი განშტოება - აქ საერთოდ არანაირ თანამშრომლობაზე არ ვაპირებთ საუბარს. ვნახოთ, ჩვენ პრაგმატული პოლიტიკოსები ვართ და აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე არავითარ გაერთიანებას არ განვიხილავთ, თუმცა ქართულ პოლიტიკაში შეიძლება დადგეს რეალობა, როცა საჭირო იყოს, რომ თუნდაც „ლელოსთან" განმეორდეს თანამშრომლობა", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.