
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ოთხკვირიან ომს პროგნოზირებს, მან ირანის უსაფრთხოების ძალებს მოუწოდა, რომ "ან დანებდნენ, ან სიკვდილი ელით". თავის მხრივ თეირანმა აშშ-სა და ისრაელს 50-მდე ირანელი ლიდერის მკვლელობის გამო ჯიჰადი გამოუცხადა. რას მოუტანს მსოფლიოს და რეგიონს ოთხკვირიანი ომი და მოხდება თუ არა მისი ინტერნაციონალიზაცია?
ანალიტიკოსთა შეფასებით, თარიღების პროგნოზირება არასწორია, შესაძლოა კონტურები უახლოეს კვირებში გამოიკვეთოს რა შედეგით და როდის დასრულდება ირანთან ომი. მათი შეფასებით, ომის ინტერნაციონალიზაციის საფრთხე არის.
ტრამპის თქმით, ის ირანზე შურს იძიებს ომის დროს "სამი ამერიკელი სამხედროს დაღუპვის გამო". მისი თქმით, ირანის "48 ლიდერი ერთბაშად გაქრა".
„მოვუწოდებ ყველა ირანელ პატრიოტს, ვინც თავისუფლებას ეძებს, გამოიყენონ ეს მომენტი, გამოიჩინონ სიმამაცე, თამამად, გმირულად და დაიბრუნონ თავიანთი ქვეყანა. ამერიკა თქვენთანაა", - განაცხადა ტრამპმა ვიდეომიმართვაში.
ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის შემდეგ, მის ადგილმონაცვლედ აიათოლა ალირეზა არაფი ასრულებს, შეიქმნა დროებითი მმართველი საბჭო.
მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და კუვეიტში. ისრაელ- აშშ-ის დარტყმების შედეგად მოკლულია ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი და ირანის ხელისუფლების არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი.
საშუალოვადიანი ომის შესაძლო შედეგები
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ უახლოეს ხუთ დღეში გამოიკვეთება როგორი იქნება წინააღმდეგობის რესურსი ან ერთ, ან მეორე მხარეს.
"აშშ-ს გეგმა პირველ რიგში რეჟიმის დემონტაჟი იყო, გაენადგურებინა ის ობიექტები, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამასთან იყო დაკავშირებული. ტრამპის თქმით, ირანი უკვე 2 კვირაში აპირებდა ბირთვულ კლუბში გაწევრიანებას, პირველ ბირთვული სრულფასოვანი ბომბის დამზადებას, გამოცდას და ალბათ ეს პრევენციული დარტყმა იყო.
"აშშ-მა გენერალ დუეს საჰაერო დოქტრინა გამოიყენა, რომელიც სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმას ითვალისწინებს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ორმაგი დანიშნულების მიზნით. როგორც ჩანს, ამერიკას გეგმები შეეცვალა, ამ პრინციპმა ნაწილობრივ გაამართლა, რომ პოლიტიკური ლიდერშიპი ხამენეის მეთაურობით ლიკვიდირებულია,
"მსხვერპლი ირანის რეჟიმს ნაკლებად ადარდებს, მათ შეძლეს და ლიდერშიპის აღდგენა მოახერხეს. როგორც ჩანს, ირანელები ამისთვის მზად იყვნენ. ახალი სასულიერო ლიდერი აირჩიეს, აღადგინეს სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა და გადადიან კონტრ-დარტყყმებზე. ამიტომაც შეიძლება მართლაც ეს კამპანია 4 კვირა გაგრძელდეს, შეიძლება მეტიც.
"ომი როგორ იმოქმედებს მსოფლოსა და რეგიონზე, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ერთი, ან მეორე მხარის წარმატებები და ეს ყველაფერი ალბათ უახლოეს ხუთ დღეში გაირკვევა - ძალთა ბალანსი გამოჩნდება და ვის სასარგებლოდ წავა სიტუაცია.
- ვახტანგ მაისაია: "ომი როგორ იმოქმედებს მსოფლოსა და რეგიონზე, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ერთი, ან მეორე მხარის წარმატებები და ეს ყველაფერი ალბათ უახლოეს ხუთ დღეში გაირკვევა"
უკვე ჩრდილოეთ კორეამაც გამოხატა სამხედრო დახმარებაზე მზადყოფნა ირანის მიმართ, რუსეთი გვერდით გაიწია, მაგრამ არის ინფორმაციები, რომ სადაზვერვო ინფორმაციებზე ჩინეთი ეხმარება. ირანელებს ადგილობრივი მოკავშირეები გამოუჩნდნენ - რეგიონში მიძინებული ტერორისტული ქსელები.
"ჰაერში ისრაელისა და ამერიკის დომინანტობაა, მაგრამ ირანელებიც საკმაოდ სერიოზულ კონტრდარტყმებს ახორციელებენ. ამერიკელები ალბათ ასეთ წინაღმდეგობას არ ელოდნენ და მოკლევადიანიდან საშუალოვადიანზე გადააწყეს სტრატეგიული გეგმები.
"ეს ყველაფერი მსოფლიო პროცესს დაეტყობა, ორმუზის არხია ჩაკეტილი, ეს გაზის და ნავთობის ფასების სერიოზულ ზრდას, ენერგომიწოდების პრობლემას გამოიწვევს. ეს შეეხება ჩინეთს, რადგან მისი ეკონომიკური წარმატება საზღვაო გადაზიდვებზეა მიბმული",- განაცხადა მაისაიამ.
თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" ამბობს, რომ ომის დასრულების თარიღებზე საუბარი ახლა რთულია და ბევრი რამ დამოკიდებულია ირანის შიდა საზოგადოებაზე, როგორ მიიღებს არსებულ სიტუაციას.
"ომის დასრულების თარიღებზე ფრთხილად უნდა ვიყოთ, ისტორიამ და უკრაინის ომმაც გვასწავლა, რომ ასე არ ხდება-ხოლმე, როგორც პოლიტიკურ ლიდერებს წარმოუდგენიათ. 4 კვირაში დამთავრდება ეს, თუ 4 თვეში წინასწარ არავინ არ იცის. ბევრია დამოკიდებული ირანის შიდა საზოგადოება ამას როგორ გადახარშავს და რა ტიპის შიდა პროცესები დაიწყება - არის ხალხი, რომელიც სულიერი ლიდერის დაღუპვას გლოვობს და ხალხი, რომელიც ზეიმობს.
- კორნელი კაკაჩია: "ბევრია დამოკიდებული ირანის საზოგადოება ამას როგორ გადახარშავს და რა ტიპის პროცესები დაიწყება - არის ხალხი, რომელიც სულიერი ლიდერის დაღუპვას გლოვობს და ხალხი, რომელიც ზეიმობს"
"უახლოეს კვირებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თუ როგორი განწყობებით იქნება ირანის მთლიანი საზოგადოება, საზოგადოებრივი აზრი როგორ ჩამოყალიბდება, არიან მზად თუ არა ცვლილებებისთვის. იმის შანსები არაა, რომ აშშ-მა ირანში სახმელეთო ოპერაცია განახორციელოს, ეს ნიშნავს, რომ თავად ირანელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა უნდა",- განაცხადა კაკაჩიამ.
ომის ინტერნაციონალიზაცია
ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ამ ომში ირიბად, თუ პირდაპირ უკვე 15-მდე ქვეყანაა ჩართული.
"სპარსეთის ყურის ქვეყნები უშუალო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ და შეიძლება შიგნითაც დაიწყოს კონფლიქტური დაპირისპირების კერები. შეიძლება იემენის კონფლიქტმა იჩინოს თავი. ამას ემატება ავღანეთ-პაკისტანის პირდაპირი ომის კორელაცია. შეიძლება თავი წამოყოს საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ ევროპისა და დასავლეთის მიმართულებით, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც. არ დაკვავიწყდეს უკრაინის ომიც, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს.
"ჩვენთან, მოკლევადიან პერიოდში ჯერჯერობით ლტოლვილების ნაკადი პრობლემას არ გამოიწვევს. ასევე ირანი თავს არიდებს თურქეთის სამხედრო ბაზების დაბომბვას, ერდოღანმა ამერიკისა და ისრაელის ქმედებები ფაქტიურად დაგმო, ხამენეის დაღუპვას სამძიმარი გმოუცხადა.
ჯერჯერობით მოკლევადიან პერიოდში კავკასიის რეგიონი ნაკლებადაა საფრთხეში,თუმცა, შესაძლოა ტერორისტული საფრთხე წამოვიდეს. ჩვენგან განსხვავებით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ამაზე მიიღეს ზომები, საფრთხეზე რეაგირებისთვის შექმნეს ანალიტიკური მონიტორინგის ჯგუფი, სადაც არიან ეროვნული ექპსერტები და მთავრობის წარმომადგენლები.
"ამჟამად ამ დაპირისპირებაში ირიბად თუ პირდაპირ 15-მდე სახელმწიფოა ჩართული",- განაცხადა მაისაიამ.
კორნელი კაკაჩია გვეუბნება, რომ ომი თუ გაგრძელდა, მისი ინტერნაციონალიზაციის საფრთხე არსებობს.
"გარკვეული საფრთხე არსებობს, რადგან ირანმა უკვე მიიტანა შეტევა უახლოეს მეზობლებზე, რამაც რაღაც რისკები გამოიწვია, რომ რეგიონალურ კონფლიქტში გადავიდეს იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება თავი, რომ გააგრძელოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ომი გაიწელება, მაგრამ, ჯერჯერობით არ ვიცით ირანს სინამდვილეში რისი რესურსი აქვს.
"ერთია ავტორიტარული ხელისუფლებების რიტორიკა და მეორე რეალობა, ირანის მხრიდან შარშანაც ბევრი ხმამაღალი განცხადება იყო, მაგრამ ვნახეთ დარყმების შემდეგ როგორ მძიმე მდგომარეიბაში ჩავარდა თავდაცვის სისტემა.
"საქართველოს ამ ეტაპზე დიდი როლი არ აქვს, არც ამ ეტაპზე არავითარი საფრთხე არ გვემუქრება, უბრალოდ ერთადერთი საფრთხილო ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს, ირანის ხელისუფლებასთან მისი კონტაქტებიდან გამომდინარე",- განაცხადა კაკაჩიამ.