
აფბა აგრძელებს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დავის საზოგადოებრივი მონიტორინგის საგამოძიებო მასალების გამოქვეყნებას. დავა, რომელიც საქართველოში მოქმედ 2 სუბიექტს შეეხებოდა ლამის საერთაშორისო სკანდალის საფუძველი გახდა.
აფბას საგამოძიებო ჯგუფმა მიაგნო მასალას, რომელიც ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ „ტელეგრაფმა“ დაახლოებით ერთი წლის წინ, 2025 წლის 12 თებერვალს ჯერ გამოაქვყნა თავის ვებ-გვერდზე, შემდეგ კი სიყალბისა და ფეიქ-ფაქტების გავრცელების გამო სამუდამოდ წაშალა საიტიდან, ხოლო ქართველი კონტრიბუტორი, ირაკლი მაჩაიძე სავარაუდოდ „შავ სიაში“ მოახვედრა და მის მასალებს აღარ აქვეყნებს.
ირაკლი მაჩაიძე ქართველი ჟურნალისტი და კონტრიბუტორია, რომელიც აქტიურად საქმიანობდა წლების განმავლობაში საქართველოში და მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს, როგორც ტაბულას, ასევე ევრაზიანეტის გამოცემებს. ამჟამად ის ევროკომისიის ტრენინგ ცენტრშია დასაქმებული.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საზოგადოებრივი გამოძიების ამ ეტაპზე, ვიდრე არ ამოვწურაცთ ამ შესაძლებლობას, ვეყრდნობით და ვიძიებთ იმ მასალებს, რომელიც ღიად არის ხელმისაწვდომი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი მოპოვება. ჩვენი ანალიტიკოსები სირღმისეული კვლევებით და ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით, მოიპოვებენ ისეთ რესურსებზე განთავსებულ მასალებსაც კი, რომელიც შეიძლება დღეს უკვე ორიგინალურ ვერსიებში აღარ არსებობდეს. თუმცა ციფრული კვალის მეშვეობით, მისი პირვანდელი სახით წარმოდგენა შესაძლებელია. ასეთ მექანიზმების წყალობით, გავედით „ტელეგრაფის“ მიერ წაშლილ და ფეიქად გამოცხადებულ მასალაზე, რომლის ავტორიც ირაკლი მაჩაიძეა,“ - ამბობს აფბას ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე.
„ტელეგრაფის“ წაშლილი მასალა „იაჰუუ ფაინანსის“ ვებ-გვერდზე კლონის სახით იძებნება. სათაურის დაგუგვლით რამდენიმე ბმულზე გადადის ძებნა, მათ შორის, ირაკლი მაჩაიძის ლინკდინის პოსტზე, სადაც ავტორს „ტელეგრაფის“ აწ უკვე წაშლილი ლინკი აქვს გაზიარებული. შესაბამისად სტატია არც ამ ლინკზე და არც „ტელეგრაფის“ ვებზე აღარ იძებნება.
„იაჰუუ ფაინანსის“ პრაქტიკით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ორიგინალურ მასალას არ ეხებიან, არ კვეცენ, ან რაიმე ცვლილება არ შეაქვთ. აქედან გამომდინარე, უდიდესი ალბათობით, მასალა ორიგინალის სრული ასლია, შეიძლება ითქვას კლონია. ირაკლი მაჩაიძის სტატიას „იაჰუუ ფაინანსზე“ თან ერთვის „ტელეგრაფის“ ლოგოტიპი. სტატიის სათაურია: საქართველოს ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება გავლენას ახდენს ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რომელიც სრულად ემთხვევა ირაკლი მაჩაიძის მიერ გაზიარებულ ბმულში არსებულ სათაურს.
სტატია ეძღვნება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საპროტესტო გამოსვლებს და მის გავლენას ქვეყანაში საინვესტიციო გარემოზე. ავტორი მმართველ პარტიას ბრალს დებს დასავლური სანქციებისა და ინვესტორების მზარდ შეშფოთებაში, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მოსკოვისკენ მიმავალ გზას დაადგა. ირაკლი მაჩაიძე წერს: „საქართველოდან კაპიტალის გადინება შესაძლოა სწრაფად დაჩქარდეს. საქართველოს ინსტიტუტების მზარდი თანხვედრა პრორუსულ პოლიტიკასთან სერიოზულ კითხვებს აჩენს აქ ინვესტიციების მდგრადობასთან დაკავშირებით. ლონდონელმა ინვესტორებმა უნდა გააცნობიერონ ის რისკები, რომლებსაც უქმნის მათ საქართველოს მთავრობა, რომელიც მზად არის შესწიროს დასავლური ეკონომიკური კავშირები რუსეთთან პოლიტიკურ კონსოლიდაციას.“
სტატიის ავტორის აზრით, „ლონდონში დალისტული სამი ქართული ფირმა — Bank of Georgia Group PLC, TBC Bank Group PLC და Georgia Capital PLC — ქვეყნის არასტაბილურობის ბარომეტრად იქცა“.
„სტატიაში უამრავ ფაქტობრივ, შინაარსობრივ, ფინანსურ და სხვა სახის ისეთ უზუსტობებსა და მოძველებულ ინფორმაციებს ვხვდებით, რომ გასაკვირი არ იქნებოდა, რომ „ტელეგრაფის“ სტანდარტების მქონდე ავტორიტეტული გამოცემის ფაქტ-ჩეკერებს, სტატია სწორედ ასეთი სიყალბის გამო დაებლოკა. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ ირაკლი მაჩაიძე საქართველოს ადანაშაულებს სანქციების გვერდის ავლით რუსეთისთვის ხელშეწყობაში, როდესაც იმ პერიოდისთვის ამერიკული და ევროპული ინსპექტირების მაღალი დონის ჯგუფებმა, ყოველთვის დაადასტურეს საწინაღმდეგო,“ - ამბობს კაპანაძე.
სტატიის ბოლოსკენ, ირაკლი მაჩაიძე 2025 წლის 9 იანვარს, რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს მიერ წყაროს მითითების გარეშე გავრცელებულ ინფორმაციიაზე აკეთებს აქცენტს და კონგრესიდან რუბიოსთვის გადაცემულ დასასანქცირებელი ქართველი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ნუსხას აზიარებს. დაბლოკილი სტატიის ავტორი ნუსხიდან მხოლოდ ერთ პიროვნებას, საქართველოს კაპიტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ირაკლი გილაურს გამოყოფს, ვინც ავტორის თქმით, იმ პირების ჩამონათვალშია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის „ხელშეწყობაში“ არიან ბრალდებულნი.
ამის შემდეგ, ირაკლი მაჩაიძის ყურადღება გადადის ერთი შეხედვით უინტერესო და საქართველოში არარეზონანსულ დავაზე, სადაც ფიგურანტად საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით გამოდის ბრიტანულ-ქართული აკადემიის 30 პროცენტის მეწილე, ნათია ჯანაშია. სტატიის ავტორი ადანაშაულებს გილაურს, თითქოს მან ბრიტანულ-ქართული აკადემიის საინვესტიციო ვალდებულებები არ შეასრულა და ახმოვანებს ნათია ჯანაშიას პოზიციას, რომლითაც ის გილაურს სდებს ბრალს თაღლითობაში. მოყვანილ ბრალდებებს სტატიის ავტორი „ტაბულაში“ ნათია ჯანაშიას მიერ დაფინანსებული, სარეკლამო წესით გამოქვეყნებული განცხადებით ამყარებს. საინტერესოა, რომ არც გილაურის და არც ბრიტანულ-ქართულ აკადემიის პოზიცია მაჩაიძეს არ გამოუკითხავს და მოვლენაც რატომღაც ცალმხრივად არის გაშუქებული.
„არ მინდა შევაფასო ბრიტანული „ტელეგრაფის“ წაშლილი და დაბლოკილი დეფამაციური სტატია როგორც შეკვეთილი, ხოლო სტატიის ავტორი, როგორც შეკვეთის შემსრულებელი. შეფასება თავად „ტელეგრაფმა გააკეთა“ და წაშალა სავარაუდოდ ცილისმწამებლური და დაუსაბუთებელი სტატია, სადაც ბიზნესმენების სანქციებზე და „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დავაზე სიყალბე ვრცელდებოდა. სხვაგვარად „ტელეგრაფი“ არ წაშლიდა ამ მასალას,“- ამბობს კაპანაძე და განაგრძობს მსჯელობას რამდენი საყურადღებო დეტალის გამოყოფით:
აქ მთავარია რამდენიმე საკითხი, რომელიც ყურადღებას მოითხოვს:
1. არცერთი პროგოზი, რაც მოცემული აქვს სტატიაში ირაკლი მაჩაიძეს, შეეხებოდა ეს საქართველოს ეკონომიკის უკუსვლას, ფიჩისა თუ მუუდის რეიტინგების გაუარესებას, საქართველოდან ინვესტორების გარდაუვალ გაქცევას, თუ დალისტული კომპანიების აქციების ფასების შემცირებას - არ ახდა. ფაქტია, რომ ჯანსაღ აზრს სუბიექტურმა მიდგომამ აჯობა და ისიც ფაქტია, რომ ირაკლი მაჩაიძის, ნდობა არ შეიძლება, აცდენა იმდენად კარდინალურია. თუნდაც, საქართველოს კაპიტალისა და საქართველოს ბანკის ჯგუფის (ლაიაონ ფაინენს გრუპ) აქციების ფასების ზრდა რომ ვნახოთ სტატიის დაწერიდან დღემდე - პირველიც და მეორეც რეკორდულად გაიზარდა 1 წელიწადში, შესაბამისად 157 პროცენტით და 120 პროცენტით.
2. სტატია „ტელეგრაფში“ გამოქვეყნდა 2025 წლის 12 თებერვალს, ანუ იმ დღეს, როდესაც დანიშნული იყო ბრიტანულ-ქართული აკადემიის კრება, სადაც დირექტრობიდან ნათია ჯანაშიას გადაყენების სააკითხი უნდა განხილულიყო. დამთხვევაა? რთული სათქმელია.
3. და ბოლოს, „ტელეგრაფის“ წაშლილ სტატიაში ირაკლი მაჩაიძე წერს: „ვინაიდან სამართლებრივი დავა ახლა ლონდონის უმაღლეს სასამართლოში ინაცვლებს, მოსალოდნელია გილაურის მენეჯერული პრაქტიკის შესახებ დამატებითი დეტალების გამოაშკარავება“. საინტერესოა, საიდან იცოდა ირაკლი მაჩაიძემ ლონდონის სასამართლოში სარჩელის შეტანის ამბავი ლონდონის სასამართლოში სარჩელის შეტანამდე 3 თვით ადრე? არცერთ ღია წყაროში ეს ინფორმაცია არ იძებნება. საიდან მოხვდა ეს ინფორმაცია წაშლილი სტატიის ავტორთან?
თუმცა ეს მხოლოდ ერთი კითხვა არ არის, რომელიც გვიჩნდება და პასუხებს მოითხოვს. სხვა კითხვებიც გვაქვს, რომლის პასუხებზეც ინტენსიურად ვმუშაობთ. მაგალითად, რატომ გავს „ტელეგრაფის“ წაშლილი სტატიის ლექსიკა და სარჩელის სტილისტიკა ერთიმეორეს? რატომ ახსენებენ ორივეში სანქციებს და რა როლი აქვს ირაკლი მაჩაიძეს ნათია ჯანაშიას მიერ ლონდონის უმაღლეს სასამართლოში შეტანილ სარჩელთან, სადაც საქართველო მოხსენიებულია, როგორც ოლიგარქიული და კორუმპირებული მმართველობის მქონე სახელმწიფო, რომელმაც გადაუხვია ევროპიდან გზას რუსეთისკენ? რამდენად ორკესტირებული იყო საქართველოს ეკონომიკაზე და ლონდონში დალისტულ კომპანიებზე შეტევა სტატიისა და სარჩელის ავტორების მხრიდან?
ეს კითხვები პასუხს მოითხოვს და ამჟამად ამ საკითხებზე ვმუშაობთ და დარწმუნებული ვართ, უახლოეს მომავალში უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება ჩვენც და ნათია ჯანაშიას ლობისტებსაც.