
ირანის სასულიერო ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა ოფიციალურად დადასტურდა. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. პარალიზებულია მოძრაობა ჰორმუზის სრუტე, რის შედეგადაც, სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, ნავთობით დატვირთული ასობით ტანკერი აღმოჩნდა ბლოკირებული. ამის ფონზე კვლავ გრძელდება საჰაერო დარტყმები.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, კვირას დილით დასავლეთ და ცენტრალურ ირანში სულ მცირე 30 ობიექტი დაბომბეს.
„დარტყმების სამიზნე საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტების გამშვები დანადგარები, რეჟიმის სამიზნეები და სამხედრო სამეთაურო ცენტრები იყო", - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების ორმა ოფიციალურმა პირმა „სი-ბი-ეს ნიუსს" დაუდასტურა, რომ კვირას აშშ-მა და ისრაელმა ირანზე დარტყმების მეორე ტალღა დაიწყეს. ამის საპასუხოდ ირანს საჰაერო იერიშები მიაქვს როგორც ისრაელზე, ისე რეგიონის იმ ქვეყნებზე, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განლაგებული. იბომბება ბახრეინის, ყატარის, არაბთა გაერთიაენებული საამიროების, ქუვეითის, იორდანიისა და საუდის არაბეთის ტერიტორიები.
საბრძოლო მოქმედებები 28 თებერვლის დილას ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე საჰაერო შეტევით დაიწყო. ამას წინ უძღოდა აშშ-ირანის მოლაპარაკებები, რომელიც უშედეგო გამოდგა.
ტრამპმა განაცხადა, რომ საჰაერო დარტყმების მიზანი ირანის მხრიდან ათწლეულების განმავლობაში არსებული საფრთხის დასრულება და იმის უზრუნველყოფა იყო, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ შეექმნა.
მედიაში უკვე შაბათს გავრცელდა იერიშის შედეგად განადგურებული აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენციის ფოტოები. ვრცელდებოდა ცნობები ირანის სულიერი ლიდერის დაღუპვის შესახებ, რასაც თეირანშ ოფიციალურად უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ალი ხამენეი თავად გამოვიდოდა საგანგებო მიმართვით ხალხის წინაშე.
კვირას კი მისი დაღუპვა ოფიციალურად დადასტურდა. ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანიმ, განაცხადა, რომ ამის საპასუხოდ ისინი ამერიკას „გულში დაჭრიან".
„ჩვენი შეიარაღებული ძალების რეაქცია გაცილებით ძლიერი იქნება. მათ უნდა იცოდნენ, რომ უბრალოდ ვერ დაგვარტყამენ და გაიქცევიან, ერთხელ და სამუდამოდ ცხადი უნდა გახდეს, რომ ამერიკელებს არ შეუძლიათ ირანელი ერის დაჩაგვრა. ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარტყეს და ჩვენც მათ გულში დანით დავჭრით", - განაცხადაალი ლარიჯანიმ.
აითოლა ალი ხამეინი მოკლულია
ირანმა აშშ-ისრაელის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დაადასტურა. კვირას ირანის დედაქალაქის ცენტრში ათასობით მგლოვიარე შეიკრიბა, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი სასულიერო ლიდერის დაღუპვას ზეიმით შეხვდა.
დასავლური მედიის ცნობით, სასულიერო ლიდერის რეზიდენციაზე სულ 30 ჭურვი ჩამოაგდეს, თანაც იმ დროს, როდესაც ალი ხამენეი ირანელ მაღალჩინოსნებთან თათბირს მართავდა.
მედიის ცნობით, ირანში დროებით ახალ ლიდერად აიათოლა ალი რეზა არაფი დაინიშნა, რომელიც ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის ფუნქციებს შეასრულებს.
აიათოლა ალი რეზა არაფი მაღალი რანგის ირანელი სასულიერო და პოლიტიკური ფიგურაა. ის ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების ორგანოებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევა და გარდაცვლილი ხამენეის ახლო თანამოაზრედ ითვლებოდა.
არაფი გარდამავალი პერიოდისთვის შექმნილი ხელმძღვანელი საბჭოს წევრად დაინიშნა, რომელიც ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის ფუნქციებს შეასრულებს. საბჭოში ასევე შედიან ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი გოლამ ჰოსეინ მოჰსენი-ეჟეი.
ხამენეი ირანის უზენაესი ლიდერი 1989 წლიდან იყო. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მისი დაღუპვა კვირას დილით დაადასტურა - რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 86 წლის სასულიერო პირი და „ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი" ლიკვიდირებულია.
„როიტერსის" წყაროების ცნობით, ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა თავდასხმები ხამენეისა და მისი მთავარი თანაშემწეების შეხვედრას დაამთხვიეს.
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, შაბათის თავდასხმის დროს ხამენეი თავის ოფისში მუშაობდა. მასთან ერთად ასევე დაიღუპა მისი ქალიშვილი, შვილიშვილი, რძალი და სიძე.
ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხამენეისა და სხვა ირანელი ლიდერების სიკვდილი ქვეყანას დიდ დარტყმას მიაყენებსა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ირანში ფესვგადგმული სასულიერო მმართველობა ან ელიტური ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი მოსახლეობაზე გავლენას ვეღარ მოახდენს.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა თავის განცხადებაში ხამენეის მკვლელებისთვის „მკაცრი და გადამწყვეტი" სასჯელის აღსრულება დააანონსა. მათივე თქმით, ისრაელისა და აშშ-ის ბაზების წინააღმდეგ ისტორიაში „ყველაზე სასტიკ" ოპერაციას დაიწყებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ნებისმიერი საპასუხო ქმედება ირანს ისეთი ძლიერ დარტყმას მიაყენებს,როგორიც „არასდროს უნახავთ".
საჰაერო დარტყმების მორიგი ტალღა
აიათოლას სიკვდილის გარდა, ირანის ლიდერებისთვის კიდევ ერთი დარტყმა იყო შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი აბდოლრაჰიმ მუსავი, რომელიც დარტყმების შედეგად დაიღუპა. ეს ოფიციალურად დაადასტურა ირანის ტელევიზიამ.
სახელმწიფო მედიამ ასევე დაადასტურა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი დაიღუპნენ.
მანამდე ირანმა კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფიგურის: ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის გენერალ-მაიორ მოჰამედ პაკპურის და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალი შამხანის გარდაცვალება დაადასტურა.
კვირას პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„ირანმა ახლახან განაცხადა, რომ ისინი დღეს ძალიან ძლიერ დარტყმას განახორციელებენ, უფრო ძლიერად, ვიდრე ოდესმე მიუღიათ. თუმცა, უმჯობესია ეს არ გააკეთონ, რადგან თუ ასე მოიქცევიან, ჩვენ მათ ისეთი ძალით დავარტყამთ, რომელიც აქამდე არასდროს უნახავთ!"
ალი ლარიჯანიმ, განაცხადა, რომ შეიქმნება ქვეყნის დროებითი ხელმძღვანელობის საბჭო. მან შეერთებული შტატები და ისრაელი ირანის ძარცვისა და დაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაკერ კალიბაფმა კი განაცხადა, რომ ყველა „წითელი ხაზი" უკვე გადაკვეთილია და რომ ისრაელი და აშშ „ამისთვის გადაიხდიან".
- ალი ლარიჯანი: „ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარტყეს და ჩვენც მათ გულში დანით დავჭრით".
ისრაელის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა წყარომ „როიტერსს" განუცხადა, რომ ხამენეის დაღუპვის შემდეგ სამხედრო სტრატეგიაში არანაირი ცვლილება არ მომხდარა და რომ ირანელი ოფიციალური პირებისა და სარაკეტო ინფრასტრუქტურის დარტყმები გაგრძელდება.
- დონალდ ტრამპი: „ირანმა ახლახან განაცხადა, რომ ისინი დღეს ძალიან ძლიერ დარტყმას განახორციელებენ, უფრო ძლიერად, ვიდრე ოდესმე მიუღიათ. თუმცა, უმჯობესია ეს არ გააკეთონ, რადგან თუ ასე მოიქცევიან, ჩვენ მათ ისეთი ძალით დავარტყამთ, რომელიც აქამდე არასდროს უნახავთ!"
ჰორმუზის სრუტე
კვირას შუადღისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა ორმუზის სრუტე ჩაკეტა. ცნობას სააგენტო „როიტერი" ევროკავშირის საზღვაო მისიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს და იტყობინება, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" ორმუზის სრუტეში მყოფ გემებს უკავშირდება და გადაადგილების აკრძალვის შესახებ აფრთხილებს, რომ „არცერთ გემს არ აქვს ჰორმუზის სრუტის გავლის უფლება".
მოგვიანებით ეს ინფორმაცია ირანულმა მედიამაც დაადასტურა.
ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ნავთობის ექსპორტის უმნიშვნელოვანესი მარშრუტია, რომელიც ყურის უმსხვილეს ნავთობპროდუქტების მწარმოებლებს, როგორიცაა საუდის არაბეთი, ირანი, ერაყი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანის ყურესთან და არაბეთის ზღვასთან აკავშირებს. სრუტეს ირანი აკონტროლებს და სწორედ ამ მარშრუტით ხდება მსოფლიო ნავთობის 20%-ის ტრანსპორტირება.
სპეციალისთა შეფასებით, მისი ბლოკირება მთელს მსოფლიოში ენერგორესურსებზე ფასების მყისიერ და მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს და ფაქტობრივად ჩამოშლის რისკის ქვეშ დააყენებს ნავთობით ვაჭრობას. ამას კი მკვეთრად ნეგატიური გავლენა ექნება მსოფლიო ეკონომიკაზე.
თუმცა, ეს ინფორმაცია, 1-ლი მარტის შუადღის მდგომარეობით, არ ასახულა ნავთობის ფასებზე.