თამთა ჩაჩანიძე
01.03.2026

პარტიისთვის „გახარია საქართველოსთვის" კვლავ „ლელოა" ის პოლიტიკური ძალა, ვისთანაც „საჭიროების შემთხვევაში" თანამშრომლობას განიხილავს. თავის მხრივ „ლელომ" ოფიციალურად განაცხადა უარი ახალ ოპოზიციურ ერთობაში მონაწილეობაზე, რომელშიც ძირითადად ენმ და მისგან სხვადასხვა დროს გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფები გაერთიანდებიან. აქვს თუ არა ამ ორ პარტიას, თანამშრომლობის განახლების შემთხვევაში, ე.წ. მესამე ძალად ჩამოყალიბების პერსპექტივა?

პირველი ასეთი „საჭიროება და მომენტი" გახარასა და ხაზარაძის პარტიებისთვის 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო, რა დროსაც ამ ორმა ძალამ თანამშრომლობის შესახებ გამოაცხადეს. ისინი კოორდინირებულად მოქმედებდნენ -მერობის საერთო კანდიდატები დაასახელეს, როგორც თბილისში, ისე ქვეყნის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ ორი პარტიის ალიანსი კვლავ შეიძლება ვიხილოთ და ამას პოლიტიკურ პროცესებზე „რაღაც გავლენა ექნება", თუმცა, მესამე ძალად ჩამოყალიბების პერსპექტივა ნაკლებად აქვთ.

„ლელოსა" და გახარიას პარტიის პოზიციები

„გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ ენმ მათთვის წითელი ხაზია, „ლელოსთან" თანამშრომლობა კი კვლავ შესაძლებელია.

„თუ ვსაუბრობთ „ნაციონალური მოძრაობის" ფლანგზე, ჩვენთვის ეს არის „წითელი ხაზი" და არანაირ გაერთიანებაზე მათთან საუბარი არაა. მით უფრო მას შემდეგ, რაც ვიხილეთ ის უპასუხისმგებლობა, რაც მოხდა 4 ოქტომბერს და რამაც არ გააძლიერა ოპოზიცია, პირიქით, გააძლიერა „ოცნება" და მისცა მას გარკვეული ლეგიტიმაცია იმისათვის, რომ დაესაბუთებინა, თუ რამდენად არამშვიდობიან და ძალადობრივ პროცესებს აქვს ადგილი ქვეყანაში.

  • გიორგი შარაშიძე: „თუ დადგება მომენტი, როდესაც გარკვეული თანამშრომლობის საკითხი იქნება გადასაწყვეტი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის „ლელო" რჩება იმ პოლიტიკურ ძალად, ვისთანაც თანამშრომლობა შეიძლება კვლავ განვიხილოთ".

„ამაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ ამ პარტიებს. არც ბოდიში მოუხდიათ იმ ათობით დაპატიმრებული ადამიანისთვის და საერთოდ, არანაირი ახსნა-განმარტება არ მოგვისმენია. ამის შემდეგ ჩვენ, ამ პარტიებთან არანაირ გაერთიანებაზე საუბარს არ ვაპირებთ. ეს ცალსახა პოზიციაა, ძალიან მკაფიო და შეგვიძლია წერტილი დავსვათ აქ.

„მოგეხსენებათ, ჩვენ საკმაოდ კარგი მაგალითი ვაჩვენეთ „ლელოსთან" თანამშრომლობის, როდესაც ორმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთმანეთში გამოვრიცხეთ კონკურენცია, როდესაც ეს საქმეს სჭირდებოდა. შესაბამისად, თუ დადგება ამის საჭიროება, ვიმეორებ, თუ დადგება მომენტი, როდესაც გარკვეული თანამშრომლობის საკითხი იქნება გადასაწყვეტი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის „ლელო" რჩება იმ პოლიტიკურ ძალად, ვისთანაც თანამშრომლობა შეიძლება კვლავ განვიხილოთ", - განაცხადა შარაშიძემ.

„ლელომ" კი 19 თებერვალს განაცხადა, რომ უარს ამბობს იმ ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებაზე, რომლებიც ახლა ერთობის დოკუმენტს ამზადებენ.

„პოლიტიკაში ყველას ერთ ქვაბში მოქცევა ამარტივებს ოპონენტის ნარატივს და ამცირებს ალტერნატივის ხარისხს. ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით. „ძლიერი საქართველო - ლელო" მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში.

„ძლიერი საქართველო - ლელო" გააგრძელებს პოზიციონერირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი", - ნათქვამია განცხადებაში.

  • თაზო დათუნაშვილი: „ჩვენ არ ვაპირებთ თავი შევიზღუდოთ ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, რადგან ვთვლით, რომ ყველას უნდა ველაპარაკოთ, იქნება ეს გახარიას გუნდი თუ ის შვიდი თუ რვა პარტია."

მოგვიანებით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ „ლელო" არ აპირებს „თავი შეიზღუდოს" ოპოზიციური ერთობის დოკუმენტზე ხელის მოწერით:

„ჩვენ არ ვაპირებთ თავი შევიზღუდოთ ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, რადგან ვთვლით, რომ ყველას უნდა ველაპარაკოთ, იქნება ეს გახარიას გუნდი თუ ის შვიდი თუ რვა პარტია. არსებობს ერთიანი სტრატეგია, ერთიანი გეგმა და ამას დამატებითი ხელმოწერები არ სჭირდება".

 

"ლელო" გახარია საქართველოსთვის" ერთობა, როგორც "მესამე ძალა"

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ „ლელოსა" და გახარიას პარტიის ალიანსი შედგა, ისინი 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთად 7-8%-ს აიღებენ, ასეთი ელექტორალური მხარდაჭერა კი ე.წ. მესამე ძალად ყოფნას არ ნიშნავს.

„ალიანსის მცდელობა ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო, შემდეგ ეს ერთობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ვიხილეთ. ახლა ისინი ცდილობენ მესამე ძალად ჩამოყალიბდნენ, რომელიც დანარჩენ ოპოზიციას ემიჯნება და ნაწილობრივ დღევანდელ ხელისუფლებას აღიარებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებით.

  • ნიკა ჩიტაძე: „გახარიას პარტიამ 2028 წლის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო და დიდი ალბათობით მოკავშირე სჭირდება."

„გახარიას პარტიამ 2028 წლის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო და დიდი ალბათობით მოკავშირე სჭირდება. მესამე ძალად რომ ჩამოყალიბდე, იმ ამომრჩევლის მხარდაჭერაა საჭირო, რომელსაც არც „ნაცმოძრაობა" უნდა და არც „ოცნება". რაღაცა გავლენა ექნება და გარკვეულ მხარდაჭერას მიიღებენ, თუმცა არა იმდენს, რომ მესამე ძალა ეწოდოს.

„თუ ეს ალიანსი 2028 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რამდენიმე დეპუტატს გაიყვანს პარლამენტში.

„რამდენიმე მიზეზია, რის გამოც „ლელომ" ოპოზიციურ ერთობაზე თქვა უარი. ერთია, რომ თითქოს თავისი ნიშა ჰქონდეს, არაა გამორიცხული, რომ რაღაც ზეწოლაა ხაზარაძე-ჯაფარიძეზე. ვიცით, სასამართლო პროცესები იმართება, ისინი ციხიდან უფრო ადრე გამოუშვეს და არაა გამორიცხული, რომ „ლელომ" არჩევნებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა. ამიტომაც ცდილობენ ნაკლებად რადიკალურები იყვნენ. აცნობიერებენ, რომ ჯერჯერობით „ქართულ ოცნებას" აქვს ძალაუფლება. თან „ლელო" იმ სარჩელშია, რომელიც „ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა და ალბათ ამ პოზიციით ცდილობს არ გაუუქმონ რეგისტრაცია, რომ პარტიად დარჩეს.

„რაც შეეხება გახარიას პარტიას, მასაც თავისი ნიშის დაკავება უნდა - „არ გვინდა არც ენმ და არც „ოცნება" და თითქოს თავიანთი ხედვები და სტრატეგია აქვთ.

„ეს ორი ერთად შეძლებს იმას, რომ 2028 წლისთვის 7-8% აიღოს. არ მგონია თავადაც იმედი ჰქონდეთ, რომ იმდენ ხმას მიიღებენ, რომ მთავრობა ჩამოაყალიბონ, უბრალოდ საპარლამენტო ოპოზიცია იქნებიან", - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×